დავით დარჩიაშვილი – “2020-ში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება”

დავით დარჩიაშვილი - "2020-ში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება"“ევროპული საქართველოს” წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” კიდევ რამდენიმე წევრმა შეიძლება დატოვოს, მათ შორის საუბარია დეპუტატებზე. შეიძლება პარლამენტში უმრავლესობის პრობლემა შეექმნას მმართველ ძალას?
– “ქართულ ოცნებას” როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაეშალა, მაშინ გვითხრეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფერში გვჭირდება, კონსტიტუცია მიღებული გვაქვსო. ახლა კიდევ რამდენიმე დეპუტატი რომ დატოვებს “ოცნებას”, რას მოიფიქრებენ და რას ეტყვიან საზოგადოებას?!
დღეს მმართველ პოლიტიკურ ძალას სერიოზული პრობლემები აქვს. “ქართული ოცნება” კრიზისშია და ეს კრიზისი მისი კრახით დასრულდება. ეს არის გარდაუვალი. პროცესი უკვე დაწყებულია. აშკარაა და ჩვენი თვალით ვხედავთ, რომ გუნდი შიგნიდან ირღვევა. კი გვეუბნებიან დამშვიდდით, არაფერი პრობლემა არ არის, მიდის ის, ხალხი ვინც ჩვენნაირად არ ფიქრობს, ვისაც განსხვავებული აზრები აქვსო, მაგრამ მე კარგად ვიცი, როგორ მთავრდება ხოლმე ეს პროცესი.
საერთოდ პრობლემად არ განვიხილავ იმას, თუ რა პროცესებია “ქართულ ოცნებაში”, ეს მისი კრიზისია და ის კრახით დასრულდება. მე პრობლემას სულ სხვა რამეში ვხედავ.
– რაში ხედავთ პრობლემას?
– პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად არაადეკვატურია. ის ვერ გრძნობს რეალობას. უფრო რთულად არის ვითარება, ვიდრე აქამდე მეგონა.
ამაში ივანიშვილის ბოლო ინტერვიუმ დამარწმუნა. ეს კაცი საერთოდ რეალობას არის მოწყვეტილი. შეიძლება ადამიანი რეალობას იყოს მოწყვეტილი და ეს არავის პრობლემა არ იყოს, გარდა იმ ერთი ადამიანისა, მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყნის ფაქტიურ მმართველზე, ეს არათუ პრობლემაა, სახიფათოც კი არის. ის ფიქრობს, რომ ხალხს კიდევ მოისყიდის და კიდევ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. იმაზე არ ფიქრობს, რომ სულ ასე ვერ იქნება და ეს ძალიან საშიშ ფაზაში გადავა. ამაზე საერთოდ არ ფიქრობს, მე ეს მაღელვებს.
– 2020 წლის არჩევნებზე თქვა, რომ ეს არ არის პრობლემა, არჩევნებს მოვიგებთო, პრობლემა სხვაგან არისო.
– სწორედ ამაზე გესაუბრებით. ის პრობლემას საზოგადოებაში ხედავს. რამდენი ხანი შეძლებს ივანიშვილი ფულით ძალაუფლების შენარჩუნებას?! ის ფიქრობს, რომ ფულით ყველაფერს იყიდის, მაგრამ ისტორიული გამოცდილება სულ სხვას ამბობს. არა მხოლოდ საქართველოს გამოცდილება, მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ. მე ამიტომ ვამბობ, რომ საშიშ ფაზაში გადავდივართ.
ასეთ დროს ამ ტიპის მმართველები გადადიან არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, არჩევნების საერთოდ გაუქმებაზე.
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ 600.000 ადამიანისთვის ვალების განულება ძალიან უარყოფითად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამაზე პრემიერსაც კი უსაყვედურეს ევროსაბჭოში.
– ეს დიდად არ აშფოთებს ივანიშვილს, არადა, ძალიანაც უნდა აშფოთებდეს.
– საპარლამენტო არჩევნების მოგება გაუჭირდება “ოცნებას”?
– 2020 წლის არჩევნების მოგება ივანიშვილს გაუჭირდება, მე “ოცნებაზე” აღარ ვსაუბრობ, თუ არჩევნები საერთოდ არ გააუქმა, გაუჭირდება. ოპოზიცია მზად არის, 1 მილიონი ადამიანის ხელმოწერა მიიტანოს და მიიტანს კიდეც, რათა არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.
– ხელისუფლება არ აპირებს არსებული შერეული მოდელის შეცვლას 2024 წლამდე, ეს მან კონსტიტუციაში ჩაწერა.
– დიახ, ხელისუფლება ჯიუტად ამბობს, რომ არ შეცვლის, რადგან იციან, რომ ძალიან გაუჭირდებათ და მაჟორიტარები უნდა დაიხმარონ, მაგრამ მე მათ ვეუბნები, რომ ვერც მაჟორიტარები უშველით.
– კოალიციური მთავრობა რამდენად მოსალოდნელია?
– თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, კოალიციური მთავრობა გარდაუვალი იქნება. თუ ივანიშვილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წავა, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საზოგადოების განწყობის წინააღმდეგ იქნება გადადგმული, პირადად მას და მთლიანად ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება. ეს პოლიტიკის კანონზომიერებაა.
თუ არჩევნებს მხოლოდ ფორმალური სახე ექნება, მაშინ უკვე არჩევნებზე აღარ იქნება საუბარი. მაშინ უკვე ხელისუფლება სხვანაირად დაამთავრებს თავის არსებობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე არჩევნების წაგების შემთხვევაში არის ხოლმე.
სწორედ ამაზე უნდა იფიქროს ივანიშვილმა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა