ირაკლი კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხეს – „გამოკითხვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ეხებოდა”

უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ ოთხსაათნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ის აცხადებს, საგამოძიებო უწყებაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაიბარეს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ მინისტრი ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი გახდა.

კაკაბაძე არ აკონკრეტებს, თუ საიდან ფლობს ის აღნიშნულ ინფორმაციას. თუმცა, აცხადებს, რომ ჟვანია როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა, რომელიც რუსეთის იმპერიულ ინტერესებს უკავშირდება.

„გამოკითხვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ეხებოდა. გამოძიებას რა ინფორმაცია მივაწოდე და რასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ამ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ. ზურაბ ჟვანია გარკვეული მაფიოზური ჯგუფების, ან ერთი ჯგუფის მსხვერპლია, რომელთაც მან გზა აღუკვეთა თავიანთი მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც კავშირში იყვნენ რუსული სადაზვერვო სამმართველოს მაღალ წრეებთან.

ის ხალხი, ვისზეც მაქვს საუბარი, ანაკლიის და ფოთის პორტზე საუბრობდნენ. ვფიქრობ, მთავარი მიზეზი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები იყო, რომელიც რუსეთის იმპერიულ ინტერესებს უკავშირდებოდა“, – აცხადებს კაკაბაძე.

კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას აღნიშნული ინფორმაცია, ან ფლობდა თუ არა მას აქამდეც, კაკაბაძე პასუხობს, რომ მსგავსი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას 2014 წელსაც მიაწოდა.

„თუ რის საფუძველზე ვთქვი ეს ყველაფერი, ამასთან დაკავშირებით, სრულ ინფორმაციას გამოძიებას მივაწვდი. ეს ფაქტები ძალიან დიდი ხანია ჩემთვის ცნობილია და ნასაუბრებიც მაქვს. მე არ ვიცი, კონკრეტულად რამ გამოიწვია ახალი გამოკითხვა, რადგან ერთხელ გამოკითხვაზე უკვე ვიყავი 2014 წელს, ბატონი გიორგი ბადაშვილის დროს, მაგრამ მაშინ არსებითად არაფერი შეცვლილა. ბადაშვილის უწყებას ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჰქონდა. შეიძლება ახალი გარემოებებია, რომლის შესახებაც მე არ ვიცი და რომელიც ბოლო ხანებში გამოვლინდა, რაც ჩემს ინტერვიუს დაემთხვა „სიცრუის დეტექტორში“, – განაცხადა კაკაბაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019