ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება გართულებები და შევძლებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას

დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება გართულებები და შევძლებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მექანიზმების გამოყენებას აპირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ არ მოხდეს უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ შესაძლოა, საქართველოს საზღვარზე გარკვეული ზომები მიიღონ იქამდე, სანამ მოქალაქეები უცხო ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ.

“ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რასაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობს ამ მიღწევიდან და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ვალდებულებების შესრულებას. პარლამენტი აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისათვის, რომ თავიდან აგვერიდებინა პრობლემები. ასევე, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. ყოველთვის ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ ყველა ზომა მივიღოთ ამ კუთხით პრობლემების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება გართულებები და შევძლებთ იმ მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმზეა საუბარი. ჩვენ კანონების დონეზეც შევიმუშავეთ ასეთი მექანიზმები, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ვიდრე ადამიანი სასაზღვრო კონტროლს გაივლის შესაბამის ქვეყანაში, მანამდე ჩვენც მივიღოთ გარკვეული ზომები იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ უფლებით ბოროტად სარგებლობა. ის ადამიანები არ უნდა დაიჩაგრონ, რომლებიც კეთილსინდისიერად იყენებენ ამ უფლებას. ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და უნდა დავიცვათ ჩვენი მიღწევა – ვიზალიბერალიზაცია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამავე საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს და ბრალდებებსაც გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, “ქართულ ოცნებას” 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისას მძიმე ეკონომიკური ვითარება დახვდა, რის მოგვარებასაც წლები სჭირდება. მისი თქმით, 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მოქალაქეთა რაოდენობა 1 150 000 იყო.

“რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, დაგვხვდა ძალიან მძიმე ვითარება 2012 წელს, როდესაც გადმოვიბარეთ ხელისუფლება. იმ დროს 1 150 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ბუნებრივია, ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ეკონომიკური ვითარება და კიდევ უფრო მეტად შემცირდეს მათი რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ,”- აღნიშნა კობახიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019