კახა კალაძე – მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ

კახა კალაძე - მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ„მივესალმები, რომ ტაქსის მძღოლები პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ტაქსის მძღოლების განცხადებას, რომ ისინი პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკურ თამაშებში არ აყვებიან.

„ტაქსის მძღოლების განცხადება მოვისმინე და მივესალმები, რომ ისინი გაემიჯნენ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და ერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის შესაძლებლობას ვაძლევთ. რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, მისი გადადება ვერ მოხდება, ეს ტაქსის მძღოლებს ავუხსენით. მათი მოთხოვნა ასევე არის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები დაშვებული იყოს „ბ“ კატეგორიაში, ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება, ამ ადამიანებს შევთავაზოთ, რომ შეძლონ ავტომობილების ჩანაცვლება და ისე გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

იპნ