კონსტანტინე გამსახურდია – “9 აპრილი იყოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი – რესპუბლიკის დღე”

კონსტანტინე გამსახურდია - "9 აპრილი იყოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი - რესპუბლიკის დღე"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს.
კონსტანტინე გამსახურდია:
– 9 აპრილი ქართველი ხალხისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვისაც. რადგანაც ამ დღეს მიეცა იმპულსი იმ პროცესებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებული იყო, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორ დასრულდებოდა და რა განვითარება ექნებოდა. რა მიმართულებით წაიყვანდნენ ამ პროცესს, წაიყვანდნენ საბჭოთა იმპერიის რეინტეგრაციისკენ, მცირედ გარდაქმნისკენ, კოსმეტიკისკენ თუ საით წაიყვანდნენ. 9 აპრილის შემდეგ პროცესები სრულიად განუხრელად განვითარდა.
მაშინ რეალურად დამოუკიდებლობა უნდოდა მხოლოდ 4 საბჭოთა რესპუბლიკას – ბალტიის სამივე რესპუბლიკის ხალხს და რასაკვირველია ქართველებს. სხვა რესპუბლიკებში დამოუკიდებლობა ასე არ სწყუროდათ, ასე თავგამეტებით არ უნდოდათ, ეს ფაქტია და ამას ვერსად ვერ გავექცევით.
დღეს ხშირად გავიგებთ აზრებს იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი ისედაც დაიშლებოდა, რომ დამოუკიდებლობა თავისით მოვიდოდა, ეს არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომელიც უკვე გვაქვს და რომელზეც მსჯელობა ძალიან მარტივია.
– სწორედ ეს უნდა მეკითხა. დღეს შეიძლება მართლაც მარტივია ამაზე საუბარი. თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ისედაც გავხდებოდით, და რა საჭირო იყო 21 ადამიანის დაღუპვა?
– დიახ, დღეს ამაზე საუბარი ყველაზე მარტივია! არავინ არ მოითხოვდა და არავინ არ ამართლებდა სისხლისღვრას, ეს მოხდა ძალაუნებურად. აქვე უნდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, ბრძოლის გარეშე არაფერი არ მოხდებოდა. ქვა არ გადაადგილდებოდა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. რომ არ ყოფილიყო პროტესტი, რომ არ ყოფილიყო აქციები, რომ არ ყოფილიყო ბრძოლა, რომ არ ყოფილიყო ეს თავგანწირვა, არაფერი არ შეიცვლებოდა.
მაშინ დასავლეთს დიდად არ ვადარდებდით, სულ სხვა რეალობა იყო დასავლეთში. მეტიც, დასავლეთის ხელმძღვანელობა ეთანხმებოდა კრემლის, გორბაჩოვის პროექტს, რაც გულისხმობდა საბჭოთა კავშირის არა დაშლას, არამედ 3-4 რესპუბლიკის გამოყოფას. ცხადია აქ ბალტიისპირეთის გამოყოფა იგულისხმება. ისე, საკითხავია, პროტესტი რომ არ ყოფილიყო, გამოყოფდნენ თუ არა მათაც?!
საქართველოში, ალბათ, სპეცსამსახურის მიერ შერჩეულ ვინმეს თავზე დაგვასვამდნენ და მერე ვნახავდით, როგორი დამოუკიდებლები და თავისუფლები ვიქნებოდით. თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწორედ ამ ბრძოლამ, ამ სისხლმა მოგვიტანა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.
– ბალტიის ქვეყნებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა და გამართეს სახელმწიფოები, სადაც ნაკლები პრობლემებია, სადაც რეალური დემოკრატია აქვთ. ჩვენ რატომ ვერ შევძელით ეს?
– ამ კითხვაზე ძალიან მარტივია პასუხის გაცემა: 18-19 წელი ისინი იყვნენ დამოუკიდებლები, როგორც ჩანს, ეს პერიოდი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ მხოლოდ 3 წელი ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაც ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ გააცნობიერო, რას ნიშნავს, იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ბალტიისპირეთი უფრო ახლოს არის ევროპასთან. უფრო შეჭიდებულები იყვნენ ისინი ევროპულ კულტურასთან, აზროვნებასთან. ერთ რამესაც გეტყვით, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს: ბალტიისპირელი ჯერ იყო ბალტიისპირელი და მერე კომუნისტი. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით იყო. ქართველი ჯერ კომუნისტი იყო და შემდეგ ვინ იცის, კიდევ ვინ! ამაშია საქმე.
ფაქტისთვის: 1989 წლის 8 თუ 7 აპრილს, როდესაც ბიუროზე დააყენეს საკითხი რუსული ჯარების შემოყვანის, მხოლოდ ორადორმა ადამიანმა მისცა ხმა წინააღმდეგ, ესენი იყვნენ სესილი გოგიბერიძე და რესან კონცელიძე.
– ბოლო დროს ხშირად არის მსჯელობა, რომ 26 მაისი კი არ უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე, არამედ 9 აპრილი. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე?
– როგორიც არის მეზობელ ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიაში, მაგალითად, აზერბაიჯანში, სომხეთში ორივე თარიღი აღინიშნება. ანალოგიურად აღნიშნავენ ლატვიაშიც და ლიტვაშიც.
ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ორივე თარიღი აღინიშნებოდეს. 26 მაისი იყოს რესპუბლიკის დაბადების დღე და 9 აპრილი იყოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
– ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ერთიანობაზე, კონსოლიდაციაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს. იქნებ მართლაც გაყოფილი საზოგადოებაა ბევრი პრობლემის მიზეზი?
– დეკლარაციულ დონეზე კარგი აზრებია. რასაკვირველია, ამაზე კარგი რა არის, მაგრამ ამის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. საჭიროა რეალური დიალოგის დაწყება, მაგრამ დიალოგს არავინ იწყებს. ეს იცით, რას მაგონებს? გაციებულ ბუხართან რომ მიდიხარ და იქ არც შეშა გხვდება და არც ნაღვერდალი, მაგრამ სითბო მაინც გინდა. – გაოცებული რომ ხარ, ნეტა ბუხრიდან რატომ არ გამოდის სითბო?! კი მაგრამ რა გააკეთა ამისთვის?! გავაკეთეთ კი რამე დიალოგის დასაწყებად?!
მე მაინც ვფიქრობ, რომ მიმდინარე, თანამედროვე პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე გარკვეული პლატფორმები უნდა გამოინახოს და ეს არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში ხელოვნური. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. თავიდან თითქოს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” შეიძლებოდა ასეთი პლატფორმა ყოფილიყო თანამშრონლობისთვის. ვერ გეტყვით, არ ვიცი, რთული საკითხია.
– გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საკითხი გამოძიებული იქნება? თუ ივანიშვილის ეს განცხადება მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო?
– განცხადებაში ყველაფერი თავის ადგილზეა და ვერაფერში შეედავები, მაგრამ ჩვენ გვინდა, საკუთარი თვალების და ფაქტების გვჯეროდეს. არის ასეთი ქართული ანდაზა: “ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს”. მე მინდა, ბოლო კი არ მაკვირვებდეს, არამედ მწამდეს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა