ლაშა ჩხარტიშვილი – “ოცნებამ” გახარიას და თურნავას ხელით პანკისში გასვლითი 7 ნოემბერი მოაწყო”

ლაშა ჩხარტიშვილი - "ოცნებამ" გახარიას და თურნავას ხელით პანკისში გასვლითი 7 ნოემბერი მოაწყო"რას გადაურჩა საქართველო, ვინ არის ქვეყნის მტერი, რატომ ხდება საზღვრისპირა რეგიონების დაცლა, რა გეგმა აქვს ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ეკოლოგი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.
– კახა კალაძემ განაცხადა, ვინც ჰესებს ეწინააღმდეგება, იგი ქვეყნისა მტერია,. რადგან ამით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიანო. უხერხული არ არის, ამას ის კაცი რომ ამბობს, რომელმაც გაზპრომთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა და მართლა შეუქმნა საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობას?
– ქვეყნის მტერი ისაა, ვინც საქართველოს პირადი კეთილდღეობის მიზნით ტბორავს და აუდაბნოებს. ქვეყნის მტრები არიან კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც ცდილობენ, რომ მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ ჰესები არის ხსნა.
კახა კალაძე არის ადამიანი, რომელმაც გაზპრომთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე არ უნდა საუბრობდეს.
ჰესების გაპიარება არის ჩამორჩენილობა და რუსული ოკუპაციის წინაპირობა. 21-ე საუკუნეში, ევროპული სახელმწიფოები ჰესებს კი არ აშენებენ, არამედ უკვე აშენებული ჰესების დემონტაჟს ახორციელებენ. ყველა აღიარებს, რომ ჰესები არის მოძველებული ტექნოლოგია, რომელიც ანადგურებს ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობას, ადამიანებს. ჰესების მშენებლობა კუთხეების და სოფლების დაცვას იწვევს.
თანამედროვე პირობებში ვითარდება მზის ენერგეტიკა. აქტიურად იყენებენ ქარის ენერგიასაც. მწვანე ენერგეტიკას გარემოსთვის ზიანი არ მოაქვს. ამ მწვანე ენერგეტიკით საქართველო ძალიან მდიდარია.
ორი სიტყვით შევახსენეთ თქვენს მკითხველს, თუ რა ზიანი მოაქვს ჰესებს. ჰესები ორ კატეგორიად იყოფა.
ერთი არის დატბორვითი, სადაც პირდაპირ ვკარგავთ ტერიტორიებს – ისინი წყალქვეშ აღმოჩნდებიან.
ამის გარდა, ხდება ნიადაგის დამძიმება-დანესტიანება, რაც იწვევს ზვავებს, ღვარცოფებს. ეს ადამიანებს ფიზიკურად ანადგურებს.
მეორე სახის ჰესები გარემოს გაუწყლოება-გაუდაბნოებას იწვევს. სოფლების და კუთხეების უწყლოდ დატოვება რომ მათ დაცლას გამოიწვევს, ეს ადამიანებს სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა ჰქონდეთ წაკითხული.
სკოლის სახელმძღვანელოებში ისიც პირდაპირ წერია, რომ სადაც არ არის მდინარე და წყალი, იქ არ არის სიცოცხლე. წიგნებში ისიც წერია, რომ ზოგადად ყველა კულტურა მდინარეების პირას ვითარდებოდა.
კალაძე რომ წიგნებთან მწყრალად არის, ეს გასაგებია, მაგრამ იმდენი მაინც უნდა იცოდეს, რომ წყალი აუცილებელია.
თუ ასე გაგრძელდა, ტურიზმიც მოკვდება. მასობრივი ჰესომანია საქართველოს გაანადგურებს და ტურისტებს აქ სანახავი არაფერი დახვდებათ.
და თუ ასე ძალიან უნდათ ჰესები, მაშინ უკვე აშენებული ჰესების და კაშხლების რეაბილიტაცია-გაწმენდა მოახდინონ. ამ ჰესებს და კაშხლებს თუ ავამუშავებთ 2,5-ჯერ მეტ ენერგიას მივიღებთ, ვიდრე ხუდონჰესმა უნდა მოგვცეს.
– საინტერესოა, რატომ არ ხდება უკვე აშენებული ჰესების და კაშხლების რეაბილიტაცია?
– იმიტომ, რომ ამით კალაძე და ივანიშვილი დამატებით შემოსავლებს ვერ მიიღებენ. ამიტომაც აშენებენ ახალ ჰესებს და ანადგურებენ საქართველოს.
აქვე მინდა შევეხო ენერგოეფექტურობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, არადა ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, ევროკავშირი კი ამას გვავალდებულებს. ენერგოეფექტურობა ნიშნავს ისეთი სამშენებლო მასალების გამოყენებას, რომელიც ენერგიის მოხმარებას ამცირებს. ამით ხდება ზრუნვა ბუნებაზე და სახელმწიფოზე.
ენერგოეფექტურობა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. მას ახალი ჰესები და აოხრებული საქართველო უნდა. ახალი ჰესებით აპირებენ ელექტროენერგიის წარმოებას, რომელიც ასევე ძვირად უნდა მოგვყიდონ ჩვენ.
– თქვენ ამბობთ, რომ ჰესებს კუთხეების და სოფლების დაცლა მოჰყვება. საოცნებო ხელისუფლება ჰესებს ძირითადად საზღვრისპირა რეგიონებში აშენებს. ეს შემთხვევითია?
– არ არის შემთხვევითი. საზღვრისპირა რეგიონებში ჰესების აშენება რუსული ოკუპაციის რისკებს ზრდის. გარდა იმისა, რომ ამ ჰესებით ივანიშვილი კალაძესთან და მამა-შვილ ქუცნაშვილებთან ერთად დიდ შემოსავალს ნახავს, რუსეთს მცოცავ ოკუპაციაშიც შეუწყობს ხელს.
ჰესები შენდება ძირითადად მთიან რეგიონებში. მთა არის ბუნებრივი საზღვარი, რომელიც გვიცავს აგრესიული მეზობლისგან. იქ ჰესების მშენებლობა ამ კუთხეების დაცლას ნიშნავს. უპატრონო ეკლესია კი, როგორც ქართული ანდაზა ამბობს, ეშმაკების საკუთრება ხდება.
ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ეშმაკად გვევლინება რუსეთი, რომლის ემისარი და მონა არის ივანიშვილი.
აქამდე თუ ამასთან დაკავშირებით კიდევ რაღაც ეჭვები მქონდა, პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ “ოცნების” ლიდერი მოსკოვის დავალებებს ასრულებს.
ეტყობა, კრემლში გადაწყვიტეს, რომ ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივებით მოახდინონ პანკისის ოკუპაცია. ამაში მას “ოცნების” ხელისუფლება ხელს უწყობს. აი, ეს არის ქვეყნის ღალატი.
– 21 აპრილს პანკისში ქართული სახელმწიფო გადარჩა, მაგრამ გავიარეთ საფრთხე? ამბობენ, რომ ხეობაში დაჭერების სერიები იწყება. მოსახლეობა ამბობს, რომ ამას არ დაუშვებს. ამას ხომ არ მოჰყვება ვითარების გამწვავება?
– ივანიშვილმა თურნავას და გახარიას ხელით პანკისში გასვლითი 7 ნოემბერი მოაწყო. გასვლით 7 ნოემბერს ჰქონდა ორი მიზანი. პირველი – ქისტების დასჯით უნდოდათ სხვა კუთხეებისთვის ეჩვენებინათ, რომ თუ ვინმე გაბედავს ჰესების წინააღმდეგ წასვლას, მათაც ასევე გადაუვლიან.
მადლობა მინდა გადავუხადო ქისტებს იმისთვის, რომ მათ იმ დღეს კარგად გაარჩიეს, თუ სად დგას ხელისუფლება და სად სახელმწიფო. მათი მხრიდან არცერთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ გაკეთებულა.
მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვისაც, რომ მათ დანარჩენი საქართველოსთვისაც იბრძოლეს. მათ ყველას დაანახეს, რომ ხალხს შეუძლია, ხელისუფლებას უკან დაახევინოს.
რაც შეეხება დაჭერებს, ეს თუ დაიწყო, მაშინ ნათლად გამოჩნდება, რომ “ოცნება” ღიად ასრულებს რუსულ დავალებას და საქართველოს ოკუპაციისთვის ამზადებს.
პანკისში რამე თუ მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ივანიშვილს და მის ყურმოჭრილ მონა გახარიას. იმედია, რომ ისინი ამაზე არ წავლენ.
– თუ გაბედეს და წავიდნენ, მერე რა ხდება?
– მერე ის ხდება, რომ საზოგადოება მკაცრად მოსთხოვს ამ ხელისუფლებას პასუხს.
– ხელისუფლება ძალინ მძიმე დღეშია. მისი რეიტინგი ეცემა და ეცემა. ასეთ დროს რატომ დგამენ ასეთ სულელურ ნაბიჯებს, აგონიაში არიან თუ სხვა რამე სჭირთ?
– ხელისუფლებას სავარაუდო პოლიციური რეჟიმის დამყარების მცდელობა ჰქონდა, რაც არ გაუვიდა. საქართველო არ შეეგუება პოლიციურ დიქტატურას.
ასრყლებენ თუ არა რუსეთის დავალებას, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. პანკისში აქციის მონაწილეები თუ დააკავეს, ჩათვალეთ, რომ რუსული გეგმის განხორციელება დაიწყო.
– რატომ ფიქრობთ რომ ამით რუსეთის გეგმის განხორციელება დაიწყება. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ხომ დანაშაულია. ამ ადამიანებმა კი პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა.
– ეს ადამიანები არიან ამ რეჟიმის მსხვერპლი. ისინი ხელისუფლების უკანონობას აღუდგნენ წინ. უკანონობა და დანაშაული ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა იყო. ამის გამო გახარია და თურნავა სულ მცირე უნდა გადადგნენ. ამ დღეებში მათ წინააღმდეგ პროკურატურაში შევიტან განცხადებას.
ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, დაიცვას თავი და არა აქვს მნიშვნელობა იმას, შენ პოლიციელის უკანონო ქმედებისგან იცავ თავს თუ ჩვეულებრივი მოქალაქისგან.
ხელისუფლებას აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ პასუხი რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის.
– იმედი გაქვთ, რომ საგამოძიებო უწყება გახარიას და თურნავას წინააღმდეგ წავა?
– ეს პროკურატურა ამაზე არ წავა. საგამოძიებო უწყება არის ივანიშვილის ნების აღმსრულებელი. ამის მიუხედავად, განცხადების შეტანას მაინც აქვს აზრი. ადრე თუ გვიან საქართველოში სამართლიანი ხელისუფლება მოვა და მაშინ მართლა მოუწევთ ამათ პასუხისგება.
7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევების მონაწილეებისთვის რომ სათანადო პასუხი მოეთხოვათ, პანკისში ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა.
ჩვენ ვაფრთხილებთ ივანიშვილს და მისი ხელის ბიჭსა და გოგოს, გახარიას და თურნავას, ხელი არავის დააკარონ პანკისში, თორემ ამაზე სათანადო პასუხის მიითებენ.
ხალხს თავი დაანებონ და დამნაშავეები ხელისუფლებაში ეძებონ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა