ლევან ხაბეიშვილი – “კახა კალაძე გადმოვიბირე”

ლევან ხაბეიშვილი - "კახა კალაძე გადმოვიბირე"საპენსიო სააგენტო, რომელიც, მეოცნებეთა მტკიცებით, ჩვენთვის უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, ჯერ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავს. სააგენტოს ხელმძღვანელს ანუ ჩვენი ბედნიერი სიბერის გარანტს, თვეში 15.000 ლარიანი ხელფასი დაუნიშნეს.
იმისთვის, რომ 30 წლის შემდეგ ქართველმა პენსიონერებმა ბედნიერად იჟღურტულონ, საპენსიო სააგენტოში კარგი ავეჯი უნდა ჰქონდეთ. დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით, სააგენტო მარტო ავეჯის შესაძენად 62.000 ლარის დახარჯვას აპირებს.
რატომ იწვევს უნდობლობას საპენსიო სააგენტო, რისი ლიმიტი ამოწურა ივანიშვილმა, რის გაკეთებას ვეღარ გაბედავს ხელისუფლება 2020 წელს? – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
– საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უწყება – საპენსიო სააგენტო – მხოლოდ ავეჯის შესაძენად 62.000-მდე ლარის დახარჯვას აპირებს. სააგენტო გეგმავს ტენდერით შეიძინოს 7 რბილი დივანი, ნაჭრის ან ტყავის ზედაპირით. 7.200 ლარად კაბინეტის მაგიდების ყიდვას აპირებენ. ჟურნალის მაგიდასა და კარადებში 20.000 ლარს გადაიხდის.
საპენსიო სააგენტომ ავეჯის შესაძენად 4 ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა მანამდე ათიათასობით ლარის შესყიდვები უტენდეროდაც განახორციელა. როგორც ჩანს, სააგენტოს ხელმძღვანელებმა 15.000 ლარიან ხელფასთან ერთად, ოფისის მოწყობაც ფუფუნების საგნებით გადაწყვიტეს.
განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან იმ სააგენტოს, რომლის კეთილსინდისიერებისაც არავის სჯერა საქართველოში. ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს მოსახლეობას, როგორ შეჭამა რამდენიმე ადამიანმა მათი ანაბრები. ანაბრების შეჭმაში ერთ-ერთი მხილებული, ვანო ჩხარტიშვილი, დღევანდელ ხელისუფლებაში დიდი გავლენებით სარგებლობს.
ჩხარტიშვილების ნაირებმა მოიფიქრეს ახლა ეს დაგროვებითი პენსია. ახლა ამ გზით აპირებენ ფულის მითვისებას. ადამიანებს, ვისაც შემოსავალს უკავებენ, ეუბნებიან, რომ ისინი ამ დანამატს 30 წლის მერე მიიღებენ.
როცა დაინახეს, რომ კაციშვილს ჩხარტიშვილის მეგობარი ხელისუფლების მიმართ ნდობა არა აქვს, ახალი რაღაც მოიფიქრეს. გვითხრეს, ჩვენ რაკი არ გვენდობით, უცხოელ ექსპერტებს ჩამოვიყვანთ და ისინი იმუშავებენო.
ხელისუფლების განმარტებით, რამდენიმე უცხოელი ექსპერტი საქართველოში წელიწადში სულ ოთხჯერ ჩამოვა. გასამრჯელოს სახით მათ წელიწადში 800.000 ლარი უნდა გადავუხადოთ.
– ექსპერტები კიდევ გავიგე, მაგრამ ასე უცბად რატომ მოისურვეს ახალი ავეჯის შეძენა?
– ბიჭები ჩვენს საკეთილდღეოდ მუშაობენ და კომფორტი არ უნდათ? მაგათ ეტყობა საქართველოს მოსახლეობა ლენჩები ჰგონია. გვართმევენ ამ თანხებს და გვარწმუნებენ, რომ ამით 30 წლის შემდეგ ვისარგებლებთ.
ხელისუფლება იმას ვერ გვეუბნება, ხვალ რა იქნება და 30 წლის მერე კარგ ცხოვრებას რანაირად გვპირდება, არ მესმის.
საპენსიო სააგენტო სხვა არაფერია, თუ არა ფულების შესაგროვებული შავი ხვრელი. ამ ფულებს ივანიშვილი გამოიყენებს. სააგენტო შექმნეს, დაბეგვრა დაიწყეს, მაგრამ იმას ვერ გვეუბნებიან თუ სად ჩადებენ ამ ფულს. არ გამოვრიცხავ, პირდაპირ ოლიგარქის შუშის სასახლეში წაიღონ შესანახად.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ანაბრების შეჭმის მწარე გამოცდილება გვაქვს, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რატომაც საპენსიო სააგენტოს არ ვენდობით. თქვენ ვერ დამისახელებთ სფეროს, სადაც ჩავარდნა არ იყოს. ამ ქვეყანაში არაფერი არ მუშაობს და არც ეს სააგენტო იმუშავებს. ხალხი ვერ მიიღებს სარგებელს, თორემ ვიღაცები დამატებით მილიონებს მიიღებენ.
ამ სააგენტოს შექმნით ხელისუფლებამ ოფიციალურად დაიწყო ხალხის დაყაჩაღება. ამას ხალხი ჯერ ითმენს, მაგრამ სულ ასე არ გაგრძელდება.
– ამ სააგენტოთი მართლაც ხალხის დაყაჩაღება ხდება, მაგრამ საზოგადოება ხმას არ იღებს. თქვენ კი ამბობთ, რომ სულ ასე არ იქნება, მაგრამ აქამდე თუ მოითმინეს, იქნება მომავალშიც მოთმინების რეჟიმში დარჩნენ.
– ყველაფრის მოთმენა შეუძლებელია. მოთმინებასაც აქვს თავისი საზღვარი. აქამდე იმიტომ ითმენდნენ, რომ ხელისუფლებამ ხალხში ნიჰილიზმი დათესა. დღეს ხალხს რომ დაელაპარაკო, გეტყვიან, რომ პოლიტიკა არ აინტერესებთ. ამ დროს ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
იმდენი ილაპარაკეს 9 წელზე და სისხლისმსმელ ნაცებზე, რომ ხალხს გენეტიკური კოდივით ჩაუდეს თავში – პოლიტიკა არ უნდა აინტერესებდეთ.
ეს კოდი ხალხის გონებიდან ნელ-ნელა გამოდის და ამის კარგი მაგალითი შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნებია., სადაც თითქმის მილიონი ხმა ავიღეთ.
ივანიშვილის ხელისუფლებამ შეგნებულად გააღატაკა ქვეყნის მოსახლეობა. ოლიგარქმა მშვენივრად იცის, რომ ადამიანებს როცა შიათ, მათ არც პოლიტიკა აინტერესებს და არც ღირებულებებზე ფიქრობენ. მათთვის მთავარი საზრუნავი პურის ფულის შოვნაა.
მაძღარ ადამიანს ეს საზრუნავი აღარ აქვს. ის უკვე ბევრს ფიქრობს ღირებულებებზე. ივანიშვილს ასეთი ადამიანები არ აწყობს. მას ყველაზე მეტად წარმატებული ადამიანების ეშინია.
ამიტომაც არის, რომ ქვეყანას ისეთი ინტელექტის ადამიანები მართავენ, როგორებიცა არიან კობახიძე და ბახტაძე. პარლამენტის წევრების ინტელექტზე არაფერს ვამბობ – წითელ და მწვანე ფერს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ.
ნიჰილიზმი, რომელიც დღეს ხალხშია, ივანიშვილმა დათესა, მაგრამ ის ნელ-ნელა ქრება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩეენები ამ მხრივ ძალიან დიდი მოვლენა იყო.
ეს არჩევნები კიდევ სხვა რამითაც არის მნიშვნელოვანი – ეს არჩევნები ოლიგარქმა წააგო, მაგრამ გააყალბა და ახლა ამისთვის პოლიტიკურ ფასს იხდის.
– პოლიტიკური ფასის გადახდაში რას გულისხმობთ?
– ივანიშვილს იმის გაკეთება 2020 წელს შეეძლო, რაც შარშან გააკეთა, მაგრამ ეს გზა შარშან აირჩია და მისი გამეორების უფლებას აღარ მისცემენ – მას არჩევნების აღარ გააყალბებინებენ. ამას არც დასავლეთი დაუშვებს და არც საქართველოს მოქალაქეები.
შარშანდელთან დაკავშირებით დასავლეთი, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი შეთანხმდა, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა.
ვნახეთ, რა დღეში ჩააგდეს ევროსაბჭოში საქართველოს პრემიერი. ეს იყო ჩვენი – ოპოზიციის და ხალხის ბრძოლის შედეგი. “ოცნების” ლიდერი პოლიტიკურ ფასს იხდის და მას მალე მშვიდობიანად მოუწევს ხელისუფლების დათმობა.
გამუდმებით იმაზე მიდიოდა ლაპარაკი, რომ ჩვენ არეულობას ვაპირებდით, მაგრამ ნახეთ, რა მოხდა, არჩევნები თავზე დაგვახიეს და ქუჩაშიც კი არ გამოვსულვართ.
– ისე, ქუჩაში რატომ არ გამოხვედით?
– იმიტომ არ გამოვედით, რომ ხალხს ამის მზაობა არ ჰქონდა. როცა ვნახეთ, რომ ხალხი ამისთვის მზად არ იყო, გავჩერდით. არც ფული გადაგვიხდია ვინმესთვის ქუჩაში გამოსასვლელად და არც ხალხის მტრებს შევეკარით. ბრძოლის სხვა ფორმა ავირჩიეთ, გავაგებინეთ ყველას, რაც მოხდა და ახლა “ოცნება” პოლიტიკურ ფასს იხდის.
ჩვენგან მტრის ხატის შექმნა აღარ გამოუვათ. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ხაბეიშვილი, ზალიკო უდუმაშვილი ან ხატია დეკანოიძე მკვლელები არიან, ხალხი აღარ დაიჯერებს.
– თქვენზე არ დაიჯერებენ, რომ მკვლელები ხართ, დანარჩენებზე?
– აღარც დანარჩენებზე. ხალხი მიხვდა, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ მომავალი არა აქვთ. ხომ არ შეიძლება ქვეყანა გააჩერო და მხოლოდ წარსულზე ილაპარაკო. ერთი და ორი წელი კიდევ გასაგებია, მაგრამ მეშვიდე წელი მიდის, რაც მხოლოდ 9 წელზე ლაპარაკობენ. იმაზე ხმას არ იღებენ, რომ აწყობილი ქვეყანა ამოაყირავეს.
– ალბათ ამიტომაც დადგეს სიმბოლურად ამოყირავებული მანქანები. ხალხი ამას უარყოფითად შეხვდა. თქვენ შეიძლება მოგწონთ “ოცნების” კრეატივი.
– რა სისულელეა. ეს საშინელება როგორ უნდა მომეწონოს. ხალხი ამდენი კრიმინალით და მკვლელობებით ისედაც დაზაფრულია და კიდევ ეს საშინელება უნდოდათ?
ამოტრიალებული მანქანების ძეგლებად დადგმა რა საჭირო იყო, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხან სად ყირავდება, ხან სად. ამ ინტერვიუს ჩაწერამდე ცოტა ხნით ადრე, კრწანისის ქუჩაზე ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა. როგორც გაირკვა, მუხრუჭი იყო მწყობრიდან გამოსული.
რამდენიმე დღის წინ გამოვიდა კალაძე და თქვა, სირცხვილი ჩვენ, ესა და ეს პრობლემები რომ ვერ მოვაგვარეთო. მთელი ეს წლები მაგას არ ვიძახი, მაგრამ ამის პასუხად კალაძისგან მესმოდა 9 წელი და სისხლიანი ხაბეიშვილი.
– ბოლო დროს ამას აღარ იძახიან და ლამის თქვენი მიმდევრები გახდნენ.
– გადმოვიბირე (იცინის). ჯერ მხოლოდ ის აღიარეს, უსაქმურები რომ არიან. ბოლო სერიაში იმასაც იტყვიან, კორუმპირებულები ვართო და მორჩება. მეტს კი არაფერს ვამბობ.
კალაძის გარდა, “ოცნების” ქმედებები მისმა მგზნებარე ადვოკატმა ვატო შაქარიშვილმაც დაგმო. მათ სხვებიც მიბაძავენ. ვატყობ, მალე მოუწევთ წასვლა.
– სად მოუწევთ წასვლა?
– სახლში. ზოგი ბურთს გააგორებს, ზოგი მანქანას ამოატრიალებს. მათ ლიდერს იმხელა დენდროლოგიური პარკი აქვს და იქ შეუძლიათ სეირნობების მოწყობა. ქვეყანას დაანებონ თავი და რაც უნდათ, ის უქნიათ.
გარწმუნებთ, არც ხალხს და არც ოპოზიციას მაგათთვის აღარ გვეცლება. ისე გააფუჭეს საქმე, რომ 24 საათიან რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა. თავადაც ხომ ატყობთ, ინტერვიუებს რომ წერთ – სულ უფრო და უფრო მძიმე ამბებზე გვიწევს საუბარი.
დაუყოვნებლივ თუ არ დავიწყეთ მუშაობა, ისე იცვლება სიტუაცია, ქვეყანა თავზე დაგვენგრევა.
– თავზე დანგრევისა რა გითხრათ, მაგრამ მართლა ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, შეიძლება ძალიან მალე თქვენთან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთან, ისე ჩავწერო ინტერვიუ.
– არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, ივანიშვილი ასე იოლად არ დათმობს არაფერს. არჩევნებს აღარ გააყალბებინებენ, მაგრამ ყველაფერს იკადრებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. “ოცნება” თუ დაექცევა, შეეცდება, სხვა ძალა მოიყვანოს ხელისუფლებაში. მე არ მჯერა იმის, რომ ადამიანები ერთ დღეს მიხვდნენ, თუ რა ცუდია მმართველი პარტია და ახალი პარტია თუ მოძრაობა შექმნეს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა