ლუბა ელიაშვილი – “ბიძინა ივანიშვილს ვაფრთხილებ, ნუ ამალაპარაკებს… ინვალიდი ვარ მისი წყალობით“

ლუბა ელიაშვილი - "ბიძინა ივანიშვილს ვაფრთხილებ, ნუ ამალაპარაკებს... ინვალიდი ვარ მისი წყალობით“ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე შალვა შავგულიძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდება.

როგორც „2020NEWS“ ელიაშვილმა განუცხადა, მეუღლის გადაწყვეტილება, არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თავიდანვე დადებითად შეაფასა.

ლუბა ელიაშვილი:

–  მთაწმინდაზე გაიზარდა ჩემი ოჯახის ორი თაობა. შალვას იცნობს მთელი თბილისი, ჩემს შვილებსაც დიდი სამეგობრო ჰყავთ.  ამიტომ ვფიქრობ, რომ შალვას  დიდი შანსი აქვს, რომ 19 მაისის არჩევნები მოიგოს.

თქვენს მეუღლეს  მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“, ამ პარტიის წევრებს კი წლების წინ თავად  ებრძოდა…

– ჩემი მეუღლე  არასდროს იბრძოდა ადამიანების წინააღმდეგ. ის იბრძვის სიმართლის მხარეს და ტყუილის წინააღმდეგ. ის იბრძოდა სისტემის სიმახინჯის წინააღმდეგ.

– სისტემურ დანაშაულს ვინც ქმნიდა, ფაქტობრივად, ახლა ის ადამიანები უდგანან თქვენს მეუღლეს გვერდით.

– მათ არ შეუქმნიათ, ისინი უბრალოდ, ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში. იმ აზრს ეთანხმებით თქვენ, რომ ვინც  კომუნისტურ ქვეყანაში ცხოვრობდა, აღარ აქვს არსებობის უფლება? მაგალითად მე, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში ვცხოვრობდი და მაშინ დავამთავრე სკოლა, აღარ უნდა ვიარსებო ამ ქვეყანაზე და არაფრის უფლება არ მაქვს?

– ხომ არის გირგვლიანის თემაც…

– რა თქმა უნდა,  იყო გირგვლიანის საქმე,  რომელიც მოიგო ჩემმა მეუღლემ და დღეს ვიღაც უნამუსო კაცი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თურმე შალვა შავგულიუძეს შეცდომები დაუშვია. ივანიშვილი ისეთ საზიზღრობებს ამბობს, პირველად ჩემს ცხოვრებაში,გამოვედი წყობიდან და ამოვიღე ხმა. ახლა ვხვდები, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად იღებდა იმ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობას, რაც ჩაიდინეს სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა. თავად ბიძინა ივანიშვილისგან ვიცი, რომ წინა ხელისუფლებაში მისი უახლოესი მეგობარი იყო ვანო მერაბიშვილი და ზუსტად ვანო მერაბიშვილის კლანი იყო ის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. როგორც ჩანს, ზუსტად ამის გამო გაუწყრა მას მიშა სააკაშვილი და მერე ბიძინა  გადაემტერა.

ამიტომ მგონია, რომ ჩემმა მეუღლემ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ.

– ბოლოს ტელეკომპანია „იბერიაში“ მუშაობდით, ამჯერად რას საქმიანობთ?

– გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლოს გადაწყვეტილებით,  „იბერია“ დაიხურა,  ახლა პენსიონერი ვარ  ინვალიდობის გამო. როგორც მოგეხსენებათ, ინვალიდი ვარ ბიძინა ივანიშვილის წყალობით. და ნუ დამაწყებინებს საუბარს, რატომ და რისთვის ვარ ინვალიდი. ჯობია, წესიერად მოიქცეს.