მომავალ კვირაში შეიძლება თეა წულუკიანი გადადგეს – მან უკვე მონახა საფრანგეთში ბინა, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებს

მომავალ კვირაში შეიძლება თეა წულუკიანი გადადგეს - მან უკვე მონახა საფრანგეთში ბინა, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებსმთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირონიული სახით პასუხობდნენ მედიას – საიდან მოგაქვთ ეს სისულელე.
მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მიაბრძანეს, მინისტრები და დეპუტატები სხვა ხმაზე აჭიკჭიდნენ. ახლა ასე ამბობენ, ისეთი არაფერი, მთავრობაში ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავიაო.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უფრო შორს მიდის, მედიასთან საუბარში ის ამბობს, რომ ცვლილებები მომავალშიც იქნება.
მთავრობაში ცვლილებები რომ იქნება, ეს მედიამ სერგეენკოს აღიარების გარეშეც კარგად იცის. “ოცნების” კულუარებიდან საკმაოდ სერიოზული ინფორმაციები გამოდის.
მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ეტყობა, “ოცნების” დიდ ნაწილს საქმის კურსში არ აყენებენ. ქობულიას შემთხვევამ დაამტკიცა, რომ მისი წასვლის შესახებ დეპუტატები, მათ შორის ეკონომიკური ბლოკის საპარლამენტო კომიტეტები, ინფორმირებული არ იყვნენ.
დეპუტატების დიდი ნაწილი აზრზე რომ არ იყო, ამას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძეც ადასტურებს.
მისი თქმით, როცა მინისტრი იცვლება, ამაზე გუნდი ინფორმირებული უნდა იყოს.
პრემიერი მამუკა ბახტაძე ამტკიცებს, რომ ქობულიას გადაყენების გადაწყვეტილება მან მიიღო.
ბრძანებას მართლა მან მოაწერა ხელი, მაგრამ, როგორც “ახალი თაობას” რამდენიმე დღის წინ წერდა, ქობულიას გადადგომა ივანიშვილმა მოითხოვა. “ოცნების” მამას სურდა, რომ აწ უკვე მინისტრყოფილს განცხადება თავად დაეწერა. პრემიერმაც ეს მოითხოვა მისგან. ამაზე ქობულიამ უთხრა, თუ მაგარი ბიჭი ხარ, მომხსენიო.
ამ ინფორმაციამ მედიაში გაჟონა, ბახტაძე გამწარდა და ქობულია მოხსნა. ცხადია, ამაზე კურთხევა ივანიშვილისგან ჰქონდა მიღებული.
“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ქობულიას მოხსნას უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი ითხოვდნენ. მათივე რეკომენდაციით დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა.
მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს დავით სერგეენკოც ადასტურებს. ჩვენი წყაროს მტკიცებით, ივანიშვილი გუნდის სერიოზულად განახლებას აპირებს.
– სერიოზული ცვლილებები უკვე გადაწყვეტილია. ახლა ისაა გასარკვევი, ეს შუალედურ არჩევნებამდე მოხდება თუ მის შემდეგ, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
რეიტინგშეზანზარებულ ხელისუფლებას ახლა ხალხის გულის მოგება ჰაერივით სჭირდება, არჩევნების წინ ამის გაკეთება ერთის მხრივ მომგებიანია, ხოლო მეორეს მხრივ – სარისკო.
“ოცნებაში” დაწყებულმა არეულობამ ამ პარტიის მხარდამჭერები ისედაც გაურკვევლობაში ჩააგდო. ამ დროს მინისტრების ნაწილის გათავისუფლებამ შეიძლება გაურკვევლობა კიდევ უფრო გააძლიეროს.
გიორგი ქობულია ამ მხრივ გამონაკლისი იყო. ის ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომ მამალი და ნედლი ქოცები დანარჩენ საქართველოსთან ერთად აღშფოთებისგან ბოლო ხმაზე კიოდნენ.
მთავრობაში კიდევ არის რამდენიმე მინისტრი, ვისი წასვლაც არანაირ უკუშედეგს არ გამოიღებს.
რამდენიმე მათგანმა შეიძლება უკვე მომავალ კვირაში დაწეროს განცხადება. შესაცვლელთა შორის მოიაზრებიან ქეთევან ციხელაშვილი, თეა წულუკიანი, ივანე მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი.
ამ უკანასკნელის შემცვლელად კარგა ხანია ასახელებენ საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ ბაქრაძე მინისტრად დაინიშნა, აშშ-ში საქართველოს ელჩი ზალკალიანი გახდება.
თეა წულუკიანის წასვლაზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია. “ოცნებაში” ამბობენ, რომ ის საქართველოს ელჩი იქნება საფრანგეთში.
რამდენიმე კვირის წინ წულუკიანმა წასვლა ფაქტობრივად დაადასტურა, მაგრამ რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ წულუკიანი ძალიან მალე წავა.
– გუნდში ყველამ იცის, რომ ამ ქალს განცხადება დაწერილი აქვს. მან უკვე მონახა საფრანგეთში ბინა, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებს. ასე რომ, მის გადადგომას განცხადებაზე პრემიერის ხელის მოწერა აკლია. განცხადება მას დაწერილი აქვს, – გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი.
მმართველ გუნდში მის შემცვლელად კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება. ციხეები დღეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ყველა აღიარებს, რომ ციხეებიდან კახიშვილის წამოსვლის შემდეგ იქ სიტუაცია აირია. ციხის კადრებით მოსულ ხელისუფლებას ციხეებში არეულობა არ აწყობს. კახიშვილის წასვლის შემდეგ “ოცნებამ” ციხეებში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს დატოვებს თავდაცვის მინისტრიც. მის სავარაუდო შემცვლელად იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე განიხილება.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ამბობს, რომ “ოცნება” იზორიას შუალედურ არჩევნებამდე შეინარჩუნებს. ამ ადამიანს სამეგრელოში სერიოზული გავლენები აქვს, მმართველ პარტიას კი ზუგდიდში უმნიშვნელოვანესი არჩევნები აქვს მოსაგები.
აქამდე სამეგრელოში არჩევნების მოგებაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია იყო. ხმები გახარიას გაპრემიერების შესახებ არაერთხელ გავრცელდა. ბოლო დროს ითქვა, რომ ის დარჩება შსს-ში, მთავრობის მეთაური კი გიორგი ბაჩიაშვილი გახდება, რომელმაც თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ რეალურად პრემიერი გახარია იქნება. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ ერთი კვირით ამერიკაში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისას მან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
დეტალები დღემდე არ ხმაურდება. ამბობენ, რომ შეხვედრებზე გახარიას პრემიერობის საკითხი განიხილებოდა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა