„ოცნება“ პოლიტიკაში ახალ ”საფრთხობელად” ვასაძეს შემოიყვანს“

„ოცნება“ პოლიტიკაში ახალ ”საფრთხობელად” ვასაძეს შემოიყვანს“14 აპრილს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრება შედგა, რომელიც შესაძლოა ახალ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს.

„დაიცავი საქართველოს“ შეკრებას, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და მოსალოდნელ შედეგებს„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს.

_ რა გითხრათ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებამ?

_ პირველი ის მითხრა, რომ თბილისის მოსახლეობაში იზრდება საპროტესტო განწყობა. არა მარტო საპროტესტო განწყობა, არამედ თბილისის მოსახლეობაში სულ უფრო და უფრო დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მზად არის, რომ პროტესტი აქტიური ფორმით გამოხატოს. ეს არის სიმპტომი, რომელზეც „ოცნებამ“ ყურადღება უნდა გაამახვილოს. იმიტომ, რომ ასე იწყებოდა საქართველოში ყველა ხელისუფლების ცვლილება, აქტიური მოქალაქეების შეკრებით.

აქ არ იყვნენ არც ”ქართული ოცნების” და არც ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ეძებენ ახალ ლიდერებს და ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქტიურად დაუჭერენ მხარს, უფრო მეტნი არიან და საკუთარი პოზიციის აქტიურად გამოსახატად ემზადებიან.

თავად „დაიცავი საქართველოს“ პერსპექტივა დამოკიდებულია ერთ რამეზე, რამდენად შეძლებს ითამაშოს შემკრების როლი. რამდენად იქნება მომხიბვლელი იმ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ასევე ემზადებიან აქტიურ პოლიტიკაში შემოსასვლელად.

_ „დაიცავი საქართველოს“ მესამე პოლიტიკურ ცენტრად ხედავთ?

_ თუ ის იქნება მომხიბვლელი დანარჩენი ძალებისთვის, მაშინ ის იქნება მესამე პოლიტიკური ცენტრი. მაგრამ ამ ეტაპზე, პოლიტიკაში შემოსვლის მოსურნე ძალებს ერთმანეთთან მისვლის დიდ სურვილს მე ვერ ვატყობ.

_ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე სამპოლუსიანი რეალობა გვექნება?

_ არა. ეს მოხერხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი გაერთიანდებოდნენ ახალი პოლიტიკური ძალები და ძველი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ ხედავენ ვერც „ოცნებასთან“ და ვერც „ნაცმოძრაობასთან“. ასეთი გაერთიანების მზაობას კი ვერ ვხედავ. ამიტომაც, ვერ იქნება სამპოლუსიანი რეალობა.

_ მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინი გაქვთ?

_ აუცილებლად. მაგრამ, ვფიქრობ, რეალურად მრავალპარტიული და არა დღევანდელის მსგავსი. დღესაც ოთხპარტიულია პარლამენტი, მაგრამ მრავალპარტიულობა მხოლოდ შლეიფია ”ქართული ოცნებისთვის”.

მომავალ პარლამენტში, ვფიქრობ, მცირე პარტიებსაც ექნებათ ძალიან დიდი პოლიტიკური წონა. სწორედ იმიტომ, რომ შესაძლოა მათ გარეშე ვერ დაკომპლექტდეს მთავრობა.

რაც შეეხება იმას, რატომ ვერ იქნება სამპოლუსიანი რეალობა _ იმიტომ, რომ „ოცნებისთვის“ძირითად ოპონენტად იქნება ნაცმოძრაობა, რომელიც ასევე შეასრულებს საფრთხობელას როლს. მეორე მხარეს კი „ოცნებამ“ შეიძლება შემოიყვანოს ახალი „საფრთხობელა“ ლევან ვასაძის სახით, თუ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთი საფრთხობელა აღარ ეყო.

ანუ „ოცნება“ ერთის მხრივ, ხელს გაიშვერს ნაციონალებისკენ და მოუწოდებს ხალხს: ვისაც გაშინებთ ნაცინალების შურისძიება, მე დაგიცავთ, მეორე მხარეს, კი გაიშვერს ხელს ვასაძისკენ და ასევე მოუწოდებს ამომრჩეველს: ვისაც არ გინდათ რუსული ტანკი, აგერ ვარ ზომიერი და სტაბილურობის გარანტორი ძალა.

სხვათა შორის, იგივე მესიჯი გამოადგება „ოცნებას“ დასავლეთთანაც: ვასაძეს და რუსულ ტანკს ხომ ვჯობივარ?! დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრი არის ციური მანანა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს.

_ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ შექმნილ კოალიციას არ ექნება შანსი, რომ პირველობა წაართვას „ოცნებას“?მიდის მისი გამსხვილების პროცესიც. რესპუბლიკელებიც ამ ორბიტაზე ტრიალებენ, იქით ოქრუაშვილი აანონსებს ახალი ძალის შექმნას და ისიც ერთობაზე საუბრობს. ეს არ არის „ოცნებისთვის“ საფრთხე?

_ ჯერ ამის საფრთხე არ არის, თუმცა გააჩნია, როგორ გადალაგდება პოლიტიკური სიტუაცია. ვერ გეტყვით, რომ ივანიშვილი განსაკუთრებულ საფრთხეს გრძნობდეს ძალაუფლების დაკარგვის თვალსაზრისით. ვინც შევა პარალამენტში, ყველა ისურვებს „ოცნებასთან“ თანამშრომლობას, როგორც კოალიციის მთავარ სუბიექტთან, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ნაციონალების სატელიტები არ იქნებიან.

საფრთხე, რომელსაც ივანიშვილი ხედავს, არის სასამართლო ხელისუფლების წაღება ნაციონალებისგან. ეს მან ინტერვიუშიც თქვა. ამიტომ ეკიდება ასე პრინციპულად ამ საკითხს.

_ იმიტომ გადაიბარა ნაციონალებისგან სასამართლო სისტემა, რომ ამის ეშინია?

_   ის ამ საკითხს, როგორც ჩანს, ასე ხედავს, რომ თუ სასამართლო სისტემის მისეული ხედვა არ იქნა გაზიარებული და სასამართლო ხელისუფლება თავისუფალ ცურვაში იქნება, ეს ნიშნავს არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ მის გადასვლას ნაციონალების კონტროლქვეშ.

მისთვის პრინციპული მნიშნვნელობის საკითხია, რომ არ დაუთმოს, არ ჩააბაროს სასამართლო ხელისუფლება ნაციონალებს. ივანიშვილისთვის სასამართლო სისტემის არდაბრუნება ნაციონალების კონტროლქვეშ სწორედ იმ ღირებულებების ერთგულებაა, რითიც ის მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს. ამიტომაც გაავლო მან წითელი ხაზი და ბარიერი აღმართა ყოფილ თანაგუნდელებთან, თანაპარტიელებთან, თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან, რომლებიც მის ხედვას არ იზიარებენ, რადგან მიაჩნია რომ მათი ხედვები სასამართლო სისტემას ნაციონალებს გადააბარებს.

არანაკლებ მტკივნეულია მისთვის გუნდის დაშლის პროცესიც. რადგან, როგორც აღმოჩნდა, ის ერთი წელი, რომელიც მან საჯაროდ სთხოვა საზოგადოებას ყველაფრის გამოსასწორებლად საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, სწორედ გუნდის შეკავშირებისთვის უნდოდა მოეხმარა. და ეს ვერ მოხერხდა. ფაქტია, რომ გუნდი მაინც იშლება. თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუნდისთვის ახალ სახეებს ყოველთვის იშოვის, აი სასამართლო სისტემა თუ ნაციონალებს დაუთმო, მაშინ კი შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

_ ივანიშვილის ბოლო ინტერვიუმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ზღვარი წაშალა. მოვისმინეთ ყოფილ თანაგუნდელებზე მისი განცხადებები. რა მოიგო ამით?

_ შეიძლება თავად ივანიშვილსაც არ სჯეროდეს იმის, რაც მან ხუხაშვილსა და უსუფაშვილზე თქვა: ის განცხადება, რომ ხუხაშვილი და უსუფაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში გულწრფელები არ იყვნენ და ისინი იყვნენ ვინმესგან ჩანერგილები.

არასწორი ტაქტიკაა, როდესაც 2020-ის გადამწყვეტი არჩევნების წინ ცდილობ, კედელი ააშენო და ბარიერები გაავლო შენს ყოფილ თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან. დღეს, პირიქით მოყვრების შემოკრების ტაქტიკას უნდა ადგეს „ოცნება“.

„ოცნება“ ცხოვრებას იმარტივებს იმით, რომ ცდილობს, ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს ნაციონალების კლიშე მიაკეროს და ამით ყველაფერი შავ და თეთრ ფერებში დაანახოს ამომრჩეველს: მე კი არ ვარ ცუდი, არამედ ესენი არიან ცუდები და ნაციონალებს შეეკვრნენო. ამ ლოგიკით გადიოდა „ოცნება“ აქამდე ფონს.

_ ეს ხომ უკვე გამოვლილი გვაქვს? წინა ხელისუფლების პირობებში ყველა განსხვავებულად მოაზროვნე რუსეთის აგენტი იყო, ახლა ნაციონალები გახდნენ. ვერ ხვდება ივანიშვილი, რომ ერთი და იგივე პრინციპი ათჯერ ვერ იმუშავებს?

_ არ ვიცი. ეს პრინციპი 2020 წლის არჩევნებზე ისევ წამყვანი პრინციპი იქნება. თუმცა, როგორც გითხარით, ეს საფრთხობელა შეიძლება აღარ იყოს ისეთი მძაფრი, როგორც აქამდე იყო. ამიტომაც, ახალ საფრთხობელას შემოიყვანს „ოცნება“. ამის განცდა მრჩება, ასევე ეცდება, ოპოზიციური ელექტორატი დაქსაქსოს. ამას გააკეთებს ბევრი ახალი პოლიტიკური ჯგუფის შემოყვანით, რათა დააბნიოს ამომრჩეველი, თუ ვის მისცეს ხმა ამით ამომრჩეველში არსებულ იმედგაცრუებასაც გააღრმავებს: სად ერთი დიდი ძალა, რომლის გამარჯვებისაც ხალხს სჯერა და სად დაქსაქსულობა?! ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

შეიძლება მოგწონდეს რომელიმე ძალა, მაგრამ არ მიხვიდე არჩევნებზე იმიტომ, რომ მისი გამარჯვების არ გჯეროდეს. რაც უფრო მსხვილი იქნება ოპოზიციური ერთობა, მით უფრო დამაჯერებელი იქნება მისი გამარჯვების უნარი ხალხში. რაც მეტი წვრილ-წვრილი პარტია ამოიზრდება, მით ნაკლებად ირწმუნებს ამომრჩეველი, რომ ამ პარტიებს აქვთ გამარჯვების შანსი. ყველაფერი ეს კი ისევ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

ბევრ ფაქტორს გამოიყენებს „ოცნება“ იმისთვის, რომ მომავალ პარლამენტში გამწევი ღერძი თავად იყოს.

_ ვნახეთ სოციალური პროტესტის რაღაც სიგნალები. ივანიშვილის განცხადების შემდეგ მოვისმინეთ, რომ ივანიშვილს ეშინია აქციების და უნდა გამოვიყენეთო. ელოდებით გაზაფხულის ბოლოს საპროტესტო აქციებს?

_ არა. არანაირ განსაკუთრებულ აქციებს არ ველოდები. შეიძლება იყოს ფრაგმენტული სოციალური უკმაყოფილებები, მაგრამ ხალხი ქუჩაში გამოვა იმ შემთხვევაში თუ დაინახავს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს ხელისუფლების დამარცხების თუ არა, შევიწროების უნარი მაინც.

რა თქმა უნდა, სპონტანური აქციებიც არ გამოირიცხება, მაგრამ ამ გაზაფხულზე განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდები.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა