ქობულია ბახტაძეს უძალიანდება – “განცხადებას არ დავწერ, თუ ბიჭი ხარ, მომხსენი”

ქობულია ბახტაძეს უძალიანდება - "განცხადებას არ დავწერ, თუ ბიჭი ხარ, მომხსენი"საქართველოს მთავრობა და ეკონომიკა მალე კარდიოლოგის გარეშე დარჩება. ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ პროფესიით კარდიოლოგმა და შეთავსებით ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვოს.
ეს უკანასკნელი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ამ ქვეყანას ნორმალური პატრონი რომ ჰყავდეს ქობულიას არათუ მთავრობიდან, ქვეყნიდანაც გააძევებდნენ.
ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი აქამდე ცოცხალი თავით არ იმჩნევდა თავისი მინისტრების უაზრობებს. ქობულიამ იმდენი მოახერხა, რომ “ოცნების” მამის რისხვანარევი ყურადღება დაიმსახურა.
“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მამუკა ბახტაძის პირით შეუთვალა ეკონომიკის კარდიოლოგ მამას, ბარგი ჩაალაგე და საიდანაც ჩამოხვედი, იქვე დაბრუნდიო.
ქართული ეკონომიკის საპატრონოდ მილიონერი კარდიოლოგი რუსეთიდან ჩამოიყვანეს. როგორც ამბობენ, მას ამ თანამდებობაზე რეკომენდაცია მამუკა ბახტაძემ გაუწია, რომელიც ქობულიას ახლობელია.
ეკონომიკის მინისტრს თანაინვესტირების ფონდის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილიც მფარველობდა.
რაკი პრემიერის კადრად მიიჩნევა ქობულია, ამიტომაც დაავალა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე მყოფს, ეს კაცი მომაშორეო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბახტაძემ მართლაც სთხოვა ქობულიას, სამსახურიდან წასვლის შესახებ დაეწერა განცხადება.
ამაზე ქობულიამ კატეგორიული უარი განაცხადა და პრემიერს უთხრა, საკუთარი ნებით არსად არ წავალ, თუ გინდა, შენ მომხსენიო.
ბახტაძეს არ უნდა, თავად ვინმე მოხსნას, ქობულია კი თავისი ნებით არ მიდის. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრმა პრემიერს იქეთ წაუყენა პრეტენზიები.
– ქობულია წასვლაზე უარს ამბობს, ბახტაძეს ეუბნება, თუ მაგარი ბიჭი ხარ, შენ მომსხენიო. ეუბნება, რუსეთში ძალიან კარგი ბიზნესი და სამსახური მქონდა. რატომ წამომიყვანეთ, თუ ერთ წელზე მეტი არ მამუშავებდით, – ამბობს ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო.
რაღაც მიზეზების გამო ერის მამებს ქობულიას ძალით გაშვება არ სურთ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მან შეიძლება რაღაცეები თქვას, რაც ისედაც რეიტინგშეზანზარებულ “ოცნებას” კიდევ უფრო შეურყევს მდგომარეობას.
სანამ ეკონომიკის მინისტრისთვის განცხადების დაწერინებას ცდილობენ, მედიაში უკვე აქტიურად განიხილება მისი სავარაუდო შემცვლელი.
“ახალი თაობა” ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ ამ პოსტზე ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება. მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია.
გუშინ, 17 აპრილს, სააგენტო თაიმერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავას კანდიდატურას ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ლობირებს.
ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს მტკიცებით, შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრის ამბებთან იყოს დაკავშირებული გიორგი ბაჩიაშვილის გადადგომა.
გუშინ, 17 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა. ფონდმა ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ცოტნე ებრალიძის დანიშვნის შესახებ განაცხადა.
– ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.
გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ფონდის დაფუძნების დღიდან იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს და პასუხისმგებელი იქნება ფონდის მანდატის, შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებაზე და სხვა საზედამხედველო საკითხებზე.
გიორგი ბაჩიაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რამდენიმე მათგანი უკვე დასრულებულიც არის და წარმატებით ოპერირებს, – აცხადებენ ფონდში.
გიორგი ბაჩიაშვილი პრემიერის პოსტზეც განიხილებოდა. საინტერესოა, უკავშირდება თუ არა მისი ამ თანამდებობიდან წასვლა შესაძლო გაპრემიერებას თუ ის ქობულიას გამო ისჯება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა