სოსო ცისკარიშვილი – “თავისუფლება ბიძინას! – “ქართულ ოცნება” ხელოვნურ სუნთქვაზეა”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.
– ბატონო სოსო, რას ფიქრობთ შექმნილ ვითარებაზე?
– კარგს არაფერს ვფიქრობ. ახლო მომავალში წარმოუდგენელიც კია რაიმე სახის სიმშვიდე. ყველაფერი მიუღებელი, რაც ბლომად არის დღევანდელ საქართველოში, იწყებოდა მაშინ, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ მეოცნებენი ავირჩიეთ წამყვან პოლიტიკურ ძალად. გამოხდა ჟამი და მივხვდით, რომ მოგვატყუეს. დღეს რეალობა გვკარნახობს, რომ ქართული ოცნება გადაიქცა რუსულ ოცნებად.
– სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც თავიდანვე დაიწყო “ოცნების” კრიტიკა.
– როცა დრო მოვა და ამ თემაზე საუბარს დავიწყებ, მაშინ მიხვდებით, რატომ აუკრძალა მედიას ჩვენმა კადრებთუხუცესმა ჩემი მედიაში გამოჩენა უკვე 4 წელია. სწორედ ამ დროიდან აღმოვჩნდი სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი პირი. აღმოჩნდა, იმაზე მეტი ვიცოდი, ვიდრე უნდა მცოდნოდა.
– ორიოდე დღის წინაც მწვავედ დადგა პანკისის თემა. ამ შემთხვევაშიც შეეშალა ხელისულებას?
– საერთოდ ვინ მოიფიქრა იქ ასეთი ოპერაციის განხორციელება? თუ არ იყო ეს მიზანმიმართული პროვოკაცია?! მომწამვლელი გაზის და რეზინის ტყვიების გარეშე არ შეიძლებოდა მოლაპარაკება საკუთარ მოსახლეობასთან?!
– ბატონო სოსო, წინ 2020 წლის არჩევნებია, “ოცნება” შეცდომას შეცდომაზე უშვებს და თან გეგმავს, რომ ეს არჩევნები მოიგოს. როგორ აპირებს ამას?
– სწორედ ეგ არის საინტერესო, რა გეგმები აქვს “ოცნებს” და რას გვიმზადებს.
– გააქტიურდა ოპოზიციაც. დავით მაღრაძის “დაიცავი საქართველო” აქტიურობს. საუბარია, რომ ლევან ვასაძეც შემოდის პოლიტიკაში. ვის რა შანსი აქვს და ვის თამაშს თამაშობს?
– ეს ადამიანები სხვადასხვა სივრცეს მიაკითხავენ. ვინ ვის თამაშს თამაშობს, ეს გამოჩნდება მალე, ამ ქვეყანაში ხომ არაფერი იმალება. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი პირები შეძლებენ, რაიმე განსხვავებული და პოზიტიური შეთავაზონ ჩვენს საზოგადოებას. მე კარგად ვიცნობ ამ ბატონებს, ვნახოთ ჯერ რას გააკეთებენ და მერე შევაფასოთ.
ჩვენთან ყველაფერი გამჭირვალეა, თუ ვინმეს უნდა სიკეთე ამ ქვეყნისათვის, ეს ძალიან მარტივად მისაგნებია, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, რომლებიც გვაძლევს საფუძველს ყოფილ ქართულ ოცნებას მივაკრათ იარლიყი რუსული ოცნების. სიამოვნებით შევინახავ არგუმენტებს იმ დროისთვის, როდესაც საჯარო გახდება ის პროცესები, რომლებიც მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
– ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ აქტიურად. “ოცნება” ამისთვის ემზადება?
– შეიძლება ბევრმა არ გაიზიაროს ჩემი მიდგომა, მაგრამ “ოცნება” ნამდვილად ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. წელს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, მივიღებთ ზუსტად იმას, რაც გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რაც მიუღებელი იყო ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისათვის და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისათვის, “ოცნებამ” არაფერი გაითვალისწინა, პირიქით. თუ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეძლო “ოცნებამ”, სწორედ ასეთ არჩევნებს გვაჩუქებს.
– აწყობს “ოცნებას” ვადამდელი არჩევნები?
– დიახ, ძალიან აწყობს. იმიტომ. რომ თუ წელსვე არ შეძლეს მათ ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი “ოცნებისთვის” პროცესის გახანგრძლივება, გაისად ეს აღარ გამოუვათ. გაისად ხელოვნური სუნთქვის აპარატიც კი ძნელად იქნება მოძიებული.
– ოპოზიციის განწყობა როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
– მე არ ვუსურვებდი ოპოზიციას, სულმოუთქმელად ეძგეროს ასეთ არჩევნებს, რადგან დიდი ალბათობით მივიღებთ ზუსტად ისეთივე არჩევნებს, რომელიც უკვე გავიარეთ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებისას.
– 2020-ში ექნება შანსი ოპოზიციას და ე.წ. მესამე ძალას, რომლის შექმნასაც ასე ცდილობენ?
– უფრო მეტი, ვიდრე 2019 წელს დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებზე. ოპოზიციაში ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებულები. მათ დრო სჭირდებათ. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ერთიანობაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოპოზიციას აქვს უნარი, ერთი საერთო პირი წარადგინოს ამა თუ იმ თანამდებობაზე.
– ოპოზიციას ბერჯერ ჰქონია მცდელობა გაერთიანების, თუმცა უშედეგოდ.
– დიახ, ასეა. თუ წარმატება უნდათ, ეს უნდა მოახერხონ. ამის ნაბიჯებს ჩვენ უკვე ვხედავთ, მაგრამ რა მოხდება არჩევნების წინ, არავინ იცის. გვიმტკიცებენ, ძალა ერთობაშიაო, მაგრამ ეს ძალა კი არ უნდა ერთობოდეს, თავიდანვე უნდა იყოს ქმედითუნარიანი და უნდა შეძლოს სიახლე შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში.
თუ ოდნავ მაინც პატიოსანი არჩევნები ჩატარდა, მეოცნებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან წარმატებულნი. თუმცა დიდი ეჭვი მაქვს, პატიოსანი არჩევნები ვიხილოთ. დაიწყება ისევ ფულების მოგროვება, ისევ ოპოზიციის ნგრევა, ლანძღვა და გინება.
როგორი იქნება მეოცნებეთა პერსპექტივა, ეს ზუსტად იქნება შეფასებული მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს არსებული ხელისუფლება და რა გზას აირჩევს ის.
– ფაქტია, რომ “ოცნება” მარტივად დათმობას არ აპირებს, რამდენად დაძაბულ და კრიზისულ სიტუციას ელით?
– მე ვისურვებდი, რომ ზუსტად შევაფასოთ არსებული რეალობა და თუ გვინდა, ქვეყანაში გვქონდეს სიმშვიდე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვშვათ საზოგადოებრივი მოძრაობა “თავისუფლება ბიძინას”!
– ანუ?
– მე, გულწრფელად რომ გითხრათ, კარგა ხანია, დავრწმუნდი, რომ ბატონი ბიძინა კომფორტულად სულაც არ გრძნობს თავს ამ სიტუციაში, უნდა თავისუფლება, მაგრამ…
– ანუ არ არის საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი?
– დიახ! მილიარდერები თავისუფალნი არ არიან, მითუმეტეს საბჭოთა კავშირის დროინდელი მილიარდერები.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019