უძილობა ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის

უძილობა  ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდისროცა ადამიანს ღამით მშვიდად არ სძინავს, ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცილების დონე იზრდება.
ეს პროტეინი ერთგვარი ტვინის დამაბინძურებელია. ექსპერიმენტის დროს გამოვლინდა, რომ როცა ადამიანს ერთი ღამით არ სძინავს, ამილოიდის დონე 10%–ით მაღალია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ღრმა ძილის დროს ტვინი თავისუფლდება ზედმეტი პროდუქტებისგან და მათ შორის ამილოიდისა და ტაუსგან, რომელიც როგორც წესი აკუმულირდება დღის განმავლობაში.

„შევნიშნეთ, რომ ძილის პრობლემა დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან ასოცირებული 2 ცილის მაღალ დონესთან. ვფიქრობთ, შუახნის ასაკში არსებული ქრონიკული უძილობა ალცჰაიმერის განვითარების რისკს ზრდის“, – განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, დევიდ ჰოლტზმენმა.

მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს 35–დან 65 წლამდე ასაკის 17 ჯანმრთელი ზრდასრული. მონაწილეებს არ აღენიშნებოდათ ძილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა და მათი ფსიქიკური მდგომარეობაც კარგი იყო. მონაწილეებს ძილში სპეციალური ელექტროდებით აკვირდებოდნენ. ცერებროსპინალური სითხის ტესტირებისას მკვლევარებმა შენიშნეს, რომ უძილობის შემდეგ ბეტა ამილოიდის დონე 10%–ით იყო გაზრდილი, ხოლო ტაუს რაოდენობა არ იყო მომატებული.

„რასაკვირველია, ამ ნაშრომით არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძილის ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი შემცირდება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ფაქტია – უძილობის შემდეგ ამ დაავადებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროტეინის დონე იზრდება. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდი ძილი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს მეცნიერი.
ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა.

დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში. ალცჰაიმერის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია თუმცა მეცნიერები ხშირად გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს მათ შორის: გენეტიკას, თავის ტვინის ტრავმას, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას.

ქირურგია.გე