ზეკარის უღელტეხილზე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება

ზეკარის უღელტეხილზე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმებაზეკარის უღელტეხილზე პოლონური ინვესტიციით, თანამედროვე ტურისტული სივრცის მოწყობა იგეგმება.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პრომოუშენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი კონსტანტინე ნაჭყებია ბიემჯისთან საუბრისას ყვება, რომ პროექტში რამდენიმე კომპანიაა ჩართული, რომლებიც ტურიზმის სექტორში მოღვაწეობენ.

„დიდი ხანია ტურიზმის სფეროში ვართ. ამ პროექტის იდეა სამეგობროში გაჩნდა, როდესაც ვმსჯელობდით, როგორ უნდა გამხდარიყო იმერეთი ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი. ეს ძალიან გამოაცოცხლებს რეგიონს. თავდაპირველად სპეციალისტებთან ერთად ბევრი ადგილი მოვინახულეთ, კვლევები ჩავატარეთ, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია ბუნებაში, მიუდგომელ ადგილას, პროექტების განხორციელებითაა დაკავებული და ისეთ ქვეყნებში აქვს გამოცდილება მიღებული, როგორიცაა: ნორვეგია, ფინეთი, პოლონეთი. დაახლოებით, 120 000 ლარამდე უკვე დახარჯულია 3D მაკეტებში, ურბანულ დაგეგმარებაში, ანალიზში. რაც შეეხება ინვესტიციის მოზიდვას, პრეზენტაცია გავმართეთ ვარშავაში და კერძო პირები დაინტერესდნენ. 4-5 წელიწადში 5 მილიონ ლარზეა საუბარი”, – განაცხადა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, პროექტის თაობაზე ბაღდათის და იმერეთის მუნიციპალიტეტს უკვე მიმართეს და ამინდების გაუმჯობესების შემდეგ მათი წარმომადგენლები აზომვით ნახაზებს დაამუშავებენ. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, თავდაპირველად სატესტო რეჟიმში ერთი ან ორი კოტეჯი განთავსდება და შემდეგ  პროექტის სრულად განხორციელება დაიწყება.