“ზელენსკისთვის სააკაშვილის მიწვევა მომგებიანი იქნება”

"ზელენსკისთვის სააკაშვილის მიწვევა მომგებიანი იქნება"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. როგორ აფასებთ იქ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. რა მოხდა უკრაინაში, რა თქვა უკრაინელმა ხალხმა ამ არჩევანით?
– უკრაინაში მოხდა ის, რომ პოროშენკომ იმდენად გაუცრუა ხალხს იმედი, რომ ხალხი მზად იყო, ნებისმიერი სხვა კანდიდატისთვის ხმა მიეცა და ზელენსკის, რომელსაც ჰქონდა ცნობადობა, მისცეს ხმა. მხოლოდ ცნობადობა, მეტი არაფერი. ზელენსკის სხვა რა აქვს? არანაირი გამოცდილება, არანაირი პოლიტიკური წონა, მხოლოდ და მხოლოდ მსახიობია, კომიკოსი.
– ეს იყო პოროშენკოს წინააღმდეგ წასული ხმები?
– კი, ასე იყო. თავისთავად ეს მაჩვენებელია სერიოზული სისტემური კრიზისის უკრაინაში. თუ ზელენსკიმაც ვერ გაამართლა, მერე რას აპირებს უკრაინელი ხალხი?! მერე ვის უნდა მისცეს ხმა, ვინ უნდა აირჩიოს ლიდერად? ამ მხრივ ძალიან სერიოზული პრობლემებია.
– ზელენსკიმ სააკაშვილი მიიწვია უკრაინაში, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი. ამ ფაქტმა ნაციონალები ძალიან გაახარაო. რა უხარიათ ნაცებს? ქართული კუთხითაც რომ შევაფასოთ.
– ქართული კუთხით ძალიან მარტივია, პრიმიტიულია. ქართული პოლიტიკა ჯერჯერობით ვერ გაცდა სააკაშვილის ფაქტორს. ყველა სააკაშვილის მოწინააღმდეგე ან მომხრეა. ივანიშვილის კოზირი რა იყო თავის დროზე? სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება, ის პოლიტიკურად რას წარმოადგენდა? არც არაფერს.
– სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის საკითხი კვლავაც გაურკვეველია, არ უშვებს სასაზღვრო პოლიცია.
– ამას გადაწყვეტს ზელენსკი. თუ შეცვლის ბრძანებას, შეუშვებენ, თუ არ შეცვლის, არ შეუშვებენ.
– 2021 წლამდე არ აქვს უკრაინაში შესვლის უფლება.
– ჯერჯერობით აკრძალვა ძალაში რჩება თუ არ გააუქმებენ. დემოკრატიული ორგანოა და ემორჩილება ბრძანებას. ინაუგურაციის შემდეგ, ზელენსკი თუ მოინდომებს, მას შეუძლია მოხსნას ეს აკრძალვა. მერე ნახეთ თქვენ აქ ნაციონალების ყიჟინა და “ოცნების” ისტერიკა.
– ეს ყიჟინა ისმის უკვე. მიშა ჯერ ჩავა უკრაინაში და უკრაინიდან მოდის საქართველოშიო. დაახლოებით ესეთი ტექსტებია.
– რა თქმა უნდა, ბუნებრივია, სხვას რას იზამენ ესენი?! ამ ქვეყანაში მთავარი არის რეალურად ისევ და ისევ სააკაშვილის ფაქტორი. პოლიტიკურ ფაქტორს ვგულისხმობ.
– გაჩნდა ვერსია, რომ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის პრემიერმინისტრადაც ვიხილოთ. რამდენად არის ეს შესაძლებელი?
– რამდენად დამოუკიდებელია ზელენსკი, ეს სერიოზული თემაა, იმიტომ რომ ზელენსკის უკან დგას კოლომოისკი. აქედან გამომდინარე, მთლად ასე მარტივი არ მგონია სააკაშვილის დაწინაურება. მითუმეტეს მისი პრემიერად დანიშვნა არ იქნება ასე მარტივი. თუმცა ზელენსკისთვის სააკაშვილის დანიშვნა მომგებიანიც იქნება.
– რა თვალსაზრისით?
– პირველი, რომ ეს ბოლოს მოუღებს მითქმა-მოთქმას იმაზე, რომ ზელენსკის ფარული კავშირი აქვს მოსკოვთან და ის მოსკოვის გაყვანილია და მეორე, ქვეყანას სჭირდება მოკავშირე გარედან. ზელენსკი არის გარედან მოსული, არანაირი პოლიტიკური წონა მას უკრაინაში არ ჰქონდა და ამიტომ გარედან ჭირდება სერიოზული მოკავშირე. ხოლო სააკაშვილი მისთვის შესაძლოა კარგი მოკავშირე იყოს.
– რატომ, სააკაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავს საერთაშორისო წრეებში და შეძლებს ამ კუთხით ზელენსკის დახმარებას?
– კი, რა თქმა უნდა, ამ კუთხით გამოადგება ძალიან.
– ჩვენც გვაქვს წინ არჩევნები, აქაც ხომ არ ელოდებით რაიმე სიურპრიზებს, რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი?
– პარალელი მარტივად არ გაივლება. უკრაინაში მარტივი არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რადგან უკრაინა ბევრად უფრო მდიდარი ქვეყანაა. გარდა ამისა, იქ რამდენიმე ოლიგარქია და ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. ასე არ არის, რომ მხოლოდ ერთს აქვს ფული და გავლენა და მას შეუძლია ყველა მოისყიდოს, ან ყველა დააშინოს. და მესამე და მთავარი, როგორც აღმოჩნდა, იქ სასამართლო არის დამოუკიდებელი. მეორე ტურის წინ იყო მცდელობა ზელენსკის მოხსნის არჩევნებიდან, მაგრამ სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა.
ჩვენთან სასამართლო როგორი დამოუკიდებელია, ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, საკმაოდ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და უკრაინას შორის.
– თქვენ ამბობთ, რომ უკრაინაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები?
– კი, რა თქმა უნდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მათი პირველი პრეზიდენტი, კრავჩუკი, წავიდა არჩევნებით ძალიან ცივილურად, არ ჩაბღაუჭებია ხელისუფლებას და დღესაც მშვენივრად ცხოვრობს უკრაინაში, ძალიან ღირსეულად და ყველა პატივს ცემს ამის გამო, რომ დემოკრატიული გზით წავიდა. ასე რომ პირველად არ ყოფილა უკრაინაში, როცა წააგო არჩევნები პრეზიდენტმა და წავიდა მშვიდად.
ისინი ამ მხრივ გაცილებით წინ არიან წასულები. კი რაღაც-რაღაცეებში ჩამოგვრჩებიან, კორუმპირებულები არიან, მაგრამ დემოკრატიული არჩევნების გამოცდილება მათ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდათ. იუშჩენკოც არჩევნებით წავიდა, აგერ პოროშენკოც წავიდა. არ არის ეს მათთვის ტრაგედია.
– ძნელია წინასწარ განსაზღვრო რუსეთის ქმედება, მაგრამ მაინც, როგორი იქნება მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ?
– რუსეთი არ ჩანს უკმაყოფილო. ახლა მისი მხრიდან ადგილი ექნება მცდელობას რაღაც ურთიერთობის დალაგების, რა თქმა უნდა, რუსეთის პირობებით. რას იზამს ზელენსკი, ეს არც ისე მარტივად სათქმელია. დაველოდოთ. მთავარია, კრიზისი არ შეიქმნას უკრაინაში, რაც ძალიან ცუდი იქნება.
პრაქტიკულად ყველაფერი სცადა უკრაინელმა ხალხმა. აღარ დარჩა არჩევანი. აი, ეს იქნება მათი პრობლემა, მერე რას აპირებენ?! თუ ამდენი მცდელობის მიუხედავად, მაინც არაფერი გამოვიდა. უკრაინას გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ჩვენ, მოსახლეობა გაცილებით მეტია იქ. გაცილებით ახლოა ევროპასთან, გაცილებით დიდი ტერიტორია და დიდი რესურსები და მთავრობას იქ უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე საქართველოში.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა