“ავარელებს, დარგოელებს და ლეზგინებს საქართველოს შემადგენლობაში სურთ შემოსვლა”

"ავარელებს, დარგოელებს და ლეზგინებს საქართველოს შემადგენლობაში სურთ შემოსვლა"ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს საქართველოში შემოსვლა სურთ.

ზაალ კასრელიშვილი:

– საქართველო პატარა ქვეყანა იყო და ისტორიულად კარგავდა ტერიტორიებს, მაგრამ მათ ბოლოს მაინც იბრუნებდა. დიდი სახელმწიფო რომ იშლება, იმის აწყობა არის გამორიცხული.
რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა ხვდებოდეს, რომ მას თავისი  ქვეყანა აქეთკენ მიყავს.
– ჩეჩნეთი და ინგუშეთი ფაქტიურად უკვე დაკარგული აქვთ.
– ჩერქეზეთიც. დაღესტანი ხელში ერთი რამით უჭირავთ, აქ 39 ეთნიკური ჯგუფი სახლობს. ყველას თავისი ენა აქვთ და ისინი იძულებული არიან, ერთმანეთს რუსულ ენაზე ელაპარაკონ.
დაღესტნელებისთვის არავის შეუთავაზებია, რომ დაღესტნის ფედერალური სახელმწიფო გააკეთონ.
ლეზგინები, დარგოელები და ავარიელები სერიოზულად განიხილავენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლის საკითხს.
– ამას სერიოზულად ამბობთ?
– ასეთ თემებზე არ ვხუმრობ. ავარიელები, ლეზგინები და დარგოელები ინგუშებთან ერთად ითხოვენ ავტონომიის სტატუსით საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას.
2012 წლის აგვისტოში, ლაფანყურის სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრე, დაღესტანში მოკლეს სასულიერო პირი. რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ემხრობოდა.
მისი მკვლელობაც საინტერესოდ მოხდა. ეს სასულიერო პირი ქადაგებებზე ათასობით ადამიანს აგროვებდა. ქადაგებებისას პირდაპირ ამბობდა, რომ დაღესტნის პროგრესი საქართველოს უკავშირდება.
ეს ადამიანი ვაჰაბისტმა თვითმკვლელმა ქალმა ააფეთქა. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ქალი ეთნიკური რუსი იყო.
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, დაღესტნელები საქართველოს შემადგენლობაში თუ მოინდომებდნენ შემოსვლას.
– დაღესტანში უამრავი ჯგუფი ცხოვრობს. საქართველოში ყველას კი არ უნდა. იმ სამ ჯგუფს სურს ჩვენთან ერთად ცხოვრება, რომლებიც ზემოთ ჩამოგითვალეთ.  მათ გენეტიკური კვლევაც ჩაიტარეს და ამბობენ, ჩვენ და გურჯები ერთი ვართო.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა