ბიძინა გეგიძე – “ქობულიას პოლიტიკაში დარჩენა საინტერესო იქნება”

ბიძინა გეგიძე - "ქობულიას პოლიტიკაში დარჩენა საინტერესო იქნება"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ბიძინა გეგიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს, რამდენად რეალურია გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი ქობულიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
– ბატონო ბიძინა, ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ახალ პარტიას ქმნის. ასევე, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ არ გამორიცხა პოლიტიკაში დარჩენა. რამდენად რეალურია, რომ მესამე ძალა სწორედ მათ ჩამოაყალიბონ?
– ვერაფერს გეტყვით, ეს ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ზოგადად ქვეყანაში მესამე ძალის შექმნას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. აქამდე გიორგი კვირიკაშვილს არ უთქვამს, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება. ისე, რა თქმა უნდა, გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მე ეს ინფორმაცია არ მაქვს.
– გიორგი ქობულიამ პოლიტიკაში დარჩენა არ გამორიცხა. ამ საკითხზე თქვენი პოზიცია როგორია?
– ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერი არ არის. ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, გიორგი ქობულია ნამდვილად იქნება საინტერესო პოლიტიკაში გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე აქვს პოლიტიკაში გარკვეული გამოცდილება. ის ყოფილი მინისტრია ანუ ის იყო პოლიტიკური ფიგურა. ასევე, მას აქვს საინტერესო ბიოგრაფია, წარმატებული ადამიანია. ამდენად, მას ნამდვილად გააჩნია ის პარამეტრები, რომლებიც ძალიან საინტერესოა პოლიტიკისთვის.
– თუ ქობულია და კვირიკაშვილი პარტიას შექმნიან და პოლიტიკაში წავლენ, თქვენ ითანამშრომლებთ მათთან?
– ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდებია, ამიტომ ასეთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მე დღეს მიჭირს. მე შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკოსი ვარ, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მათი მხრიდან მიღებული, როდესაც გადაწყვეტილება იქნება, ჩემი პასუხიც იქნება.
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რა შანსები აქვს “ქართულ ოცნებას”, იმ პარტიას, რომელსაც დღეს თქვენ წარმოადგენთ?
– ეს დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” უნდა მიიღოს სწორედ დარჩენილ დროში, 2020 წლის არჩევნებამდე. საკმაოდ ფორსირებულ რეჟიმში უნდა გატარდეს ცვლილებები.
ცვლილებები საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის პროცესები უნდა დაიწყოს პოლიტიკური, პარტიული მიმართულებით. პროცესები უნდა დაიწყოს მთავრობაში, პარლამენტში, ეს ჩემი მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიციაა და მე ამის შესახებ უკვე წელიწადზე მეტია, ვსაუბრობ.
– რას გულისხმობთ?
– პარტიაში, პოლიტიკაში სიახლის შემოტანას, ახალი ხედვების დაგეგმვასა და შემდეგ უკვე განხორციელებას.
ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი.
– გუნდში საუბრობთ ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა! პირველ რიგში გუნდში ვსაუბრობ და შემდეგ უკვე საჯაროდ ვამბობ ამაზე. ყველა პროცესის მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია ნათქვამი მაქვს.
– მესამე ძალაზე თქვენი პოზიცია როგორია? ელოდებით, რომ ასეთი ძალა მართლაც შეიქმნება?
– მესამე ძალა, მოცემულ რეალობაში ალბათ ასე უნდა ვთქვათ, ძალიან კარგი იქნება თუ შეიქმნება, მაგრამ ეს უნდა იყოს მართლა ძალა. რეალური ძალა და არა – რაღაცისთვის შექმნილი.
პროგრესული ძალა, ამბიციური, კვალიფიციური, კომპეტენტური და კომუნიკაციის მეტი რესურსის მქონე ძალა. მთელი რიგი პარამეტრებითა და უნარებით უნდა იყოს აღჭურვილი, მაშინ ვაღიარებ და მივესალმები.
თუ მხოლოდ სათაურად დარჩება “მესამე ძალა”, მაშინ, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. რაც მთავარია, ამ ძალას უნდა ჰქონდეს ნდობა, რომლის დიდი დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში.
– ამომრჩევლის ნდობაზე საუბრობთ?
– რა თქმა უნდა! ჩვენი მოქალაქეების ნდობაზე.
– ამომრჩევლის 60% ნიჰილისტურად არის განწყობილი. მათი მიმხრობა როგორ უნდა შეძლოს?
– თუ ის ყველაფერი იქნება, რაზეც ვისაუბრე, ეს უკვე ბუნებრივად მოხდება. ფაქტია, რომ ჩვენს მოქალაქეებში, კონკრეტულად ამომრჩევლებში, ეს მოთხოვნა არის. ფაქტია, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის მოთხოვნის დაკვეთა არსებობს. აქედან გამომდინარე, ეს ძალა თუ იმ რესურსებით, თვისებებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ხალხის მხარდაჭერა ბუნებრივად მოხდება.
– რეალურად შეიქმნება?
– ხალხის იმდენად დიდ პროცენტშია ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის მოთხოვნილება, მოლოდინი, რომ მხარდაჭერაც იქნება.
– გიორგი ქობულიას ხედვაზე თქვენი პოზიცია როგორია? მიიღეთ ის ინფორმაცია, რასაც ელოდით?
– სიმართლე გითხრათ, გიორგი ქობულიასა და მთავრობის ეკონომიკურ ხედვას შორის დიდი განსხვავება არ არის.
– მან ეკონომიკის 7-8%-ით ზრდის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
– დიახ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი ქობულიამ რაღაც ახალი თქვა და სიახლე აღმოვაჩინეთ. თუმცა, ძალიან საინტერესო იყო მისი ხედვა. იყო პასაჟები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის. ნამდვილად იყო საინტერესო მომენტები.
მე ძალიან დამაინტერესა და ამიტომ მივედი იმ შეხვედრაზე.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა