ალასანია და უსუფაშვილი „ევროპულ საქართველოსთან“ ერთიანდებიან?

ალასანია და უსუფაშვილი „ევროპულ საქართველოსთან“ ერთიანდებიან?პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და ჩემთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„არ მინდა, რამეს წინ გავუსწრო. იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ჯერ არ შემდგარა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა არ მქონია. მას საერთოდ პოლიტიკური განცხადება არც გაუკეთებია. მან შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამ განცხადებით გიგა ბოკერიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გაფართოვდება თუ არა „ევროპული საქართველოს“ პარტნიორთა წრე, ჰქონდა თუ არა მას შეხვედრა ირაკლი ალასანიასთან და შეიძლება თუ არა, მათ გაერთიანებაში სხვა პარტიები, ან ლიდერები, მაგალითად, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი ვიხილოთ.

შეკითხვაზე, დაწყებულია თუ არა მოლაპარაკებები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ან ლიდერთან და თუ დაწყებულია ვისთან, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია.

„თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ დაუჭირა მხარი შალვა შავგულიძის კანდიდატურას. ეს რამე ტაქტიკური მოლაპარაკებების შედეგი კი არ იყო, ამ ხალხს საკუთარი რწმენა ჰქონდა და მე მადლობელი ვარ მათი, მაგრამ ეს გულისხმობს, რომ რაღაც პოზიციებზე დაახლოება მოხდა და ეს უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ მთაწმინდაზე განხორციელებული მოდელი შეიძლება, 2020 წლის არჩევნებისთვის გასაღები იყოს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს ნამდვილად ასეა.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ შალვა შავგულიძის მაგალითი საკვანძო მაგალითია.

„პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება აქვს მიხეილ სააკაშვილს, სანდრა რულოვსს, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ოღონდ საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ თამაშის წესები უკეთესობისკენ იცვლებოდეს. ბოლო ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში ეს პროცესი არ გვაქვს; გვაქვს საპირისპირო პროცესი და ძალიან სახიფათო ზღვართან მიგვიყვანა ივანიშვილმა ამ განცხადებებით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ამიტომ არის შალვა შავგულიძის მაგალითი საკვანძო მაგალითი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.