ლადო სადღობელაშვილი – “ღარიბაშვილი, კალაძე და კობახიძე გახარიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ”

ლადო სადღობელაშვილი - "ღარიბაშვილი, კალაძე და კობახიძე გახარიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ"რა ხდება მმართველ პარტიაში, რა დავალება მისცა შს მინისტრს “ოცნების” ლიდერმა, რატომ გამოჩნდა ირაკლი ალასანია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კახა კალაძეა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პოპულარობა თბილისის მერისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. თქვენ რას იტყვით ამაზე?
– მეც იმ ადამიანების რიგში ვარ, ვინც ფიქრობს, რომ კალაძის საქმეები ცუდად წავა. ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს პოპულარული ხალხი. ჩემი აზრით, ეს გამოკითხვა სწორედ ივანიშვილის დაკვეთით არის ჩატარებული. კომპანია, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა, ქართულ ბაზარზე “ოცნების” ლიდერმა შემოიყვანა.
უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ადამიანები, ვინც ასეთი კვლევის სათავეში იყვნენ, მოულოდნელად გაქრნენ პოლიტიკიდან. რამდენიმე წლის წინ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად დასახელდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილმა ძალიან მალე საერთოდ გაუშვა პოლიტიკიდან.
– სამაგიეროდ, ახლა დააბრუნა.
– დააბრუნა, მაგრამ ღარიბაშვილს არც პარტიაში და არც ხალხში ძველი გავლენები აღარ აქვს.
იმავე პერიოდში, როცა ღარიბაშვილი ყველაზე პოპულარული იყო, ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა დავით უსუფაშვილსაც. ივანიშვილმა ისაც გაუშვა აქტიური პოლიტიკიდან.
იგივე დაემართა გიორგი კვირიკაშვილსაც. როცა ის პრემიერად დაინიშნა, რაღაც მშვიდობისმყოფელი იმიჯი შეიქმნა. ვიღაცებს მოეწონათ მისი სიდინჯე და გაწონასწორებულობა. ეს ყველაფერი კვლევებზეც აისახა. ისაც იძულებული გახდა, ჯერ პრემიერობიდან, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასულიყო.
– ამ მხრივ მამუკა ბახტაძეს აქვს კარგი პოზიციები – ის ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.
– კარგი შედეგი კი არა, კატასტროფაა. ადამიანი ქვეყნის პირველი პირია და პოპულარობით თბილისის მერი, ყოფილი პრეზიდენტი, შს მინისტრი და სხვები უსწრებენ. მეშვიდე ადგილზეა მამუკა ბახტაძე, ეს არის კატასტროფა.
ივანიშვილს არ უყვარს არც პოპულარული და არც არაპოპულარული ადამიანები. ბახტაძე შეიძლება არაფერს აშავებს, მაგრამ ხალხს არ უყვარს.
– თუ მისი ორი წინამორბედი გაუშვა ივანიშვილმა, ამას რატომ არ უშვებს პრემიერობიდან?
– ერთი სული აქვს, როდის გაუშვებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ყველაფერს თავისი ვადა აქვს.
– რა ვადებზე საუბრობთ?
– ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც ბახტაძე მთავრობის მეთაურია. ასე უცბად მისი თანამდებობიდან წასვლა კითხვებს გააჩენს. “ოცნების” ლიდერს კი დამატებითი თავის ტკივილი აღარ უნდა, ისედაც ბევრი რამე აქვს დასალაგებელი.
იმ კვლევას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ეს იყო გიორგი გახარიასთვის მიცემული დავალება.
– რა დავალება?
– გახარიას აქვს პრეტენზიები, რომ ივანიშვილის მერე ის იყოს პირველი. იგივე პრეტენზიები აქვს კახა კალაძეს. კვლევამ აჩვენა, რომ პირველ ადგილზეა თბილისის მერი, ხოლო შს მინისტრი მხოლოდ მესამე პოზიციაზეა.
“ოცნების” ლიდერმა ამით შს მინისტრს უთხრა, პირველობა გინდა? მაშინ კეთილი ინებე და გახდი ყველაზე პოპულარული.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ თბილისის მერსა და გახარიას შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყება. ბრძოლა პირველობისთვის უკვე დაწყებულიც არის.
ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ გახარიას ღარიბაშვილის ფლანგი ებრძვის. ამბობენ, რომ ივანიშვილს ყოფილ პრემიერზე კოპრომატები სწორედ შს მინისტრმა მიუტანა.
ეს შეიძლება ასეც არის და ღარიბაშვილის კლანი მართლაც ებრძვის გახარიას, მაგრამ მთავარი ბრძოლა მას თბილისის მერთან მოუწევს, რომელსაც, თავის მხრივ, ძალიან დიდი გეგმები და ამბიციები აქვს.
– რა ამბიციებზე საუბრობთ?
– 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები რომ ტარდებოდა, კალაძის ხალხი დადიოდა და “ოცნების” მოწინააღმდეგეებს ეუბნებოდა, კახა მმართველი პარტიიდან წამოსვლას და ახალი პარტიის გაკეთებას აპირებს და ამიტომ მას მიეცით ხმაო.
“ოცნების” დიდი ნაწილისგან განსხვავებით, მას ყველა იცნობს და ფულიც აქვს. თან იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია, დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს, მაგრამ ამის გაკეთება ჯერ არ უნდა. დღეს ივანიშვილს ძალიან დიდი გავლენები აქვს და მასთან დაჯახება მისთვის შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს.
“ოცნების” ლიდერმა ძალიან კარგად იცის, რომ კალაძე ადრე თუ გვიან წავა, ამიტომ ცდილობს, რომ მას რეიტინგი დაუგდოს და ისე გაუშვას პარტიიდან. ამაში ლომის წვლილი შს მინისტრმა უნდა შეიტანოს.
– შეძლებს გახარია ამის გაკეთებას?
– ვფიქრობ, რომ შეძლებს. თბილისის მერს თითქმის ყველა ბერკეტი გამოაცალეს ხელიდან. არავისთვის დამალული არაა, რომ წლების განმავლობაში ის ძალოვანებს აკონტროლებდა. მათგან ჰქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია და ამით ახერხებდა თავისი მოწინააღმდეგეების განეიტრალებას.
ახლა ეს ბერკეტი გამოცლილი აქვს. ხალხი, ვისაც ის ძალოვანებში ეყრდნობოდა, იქ აღარ არის.
– სოსო გოგაშვილზე საუბრობთ?
– არა მარტო სოსო გოგაშვილზე. გარდა იმისა, რომ გახარია შს მინისტრია, ის გახდა უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. დღეს ის აკონტროლებს თავიდან ბოლომდე ძალოვანებს. ასე რომ, თბილისის მერს მათი დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. კალაძე ამას კარგად აცნობიერებს და შს მინისტრთან საბრძოლველად ახალი ხალხი შეარჩია.
რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. მათთან მოსალაპარაკებლად ღარიბაშვილი, კალაძე და ირაკლი კობახიძე ჩავიდნენ. ჩემი აზრით, მათი ერთად გამოჩენა შემთხვევითი არ არის.
– ამით რა გინდათ თქვათ, რომ თბილისი მერი პარლამენტის თავმჯდომარესა და ღარიბაშვილთან ერთად დაუწყებს შს მინისტრს ბრძოლას?
– ზუსტად მაგის თქმა მინდა. ეს ერთობა შეიკრა იმისთვის, რომ ჩააჩოჩონ და პოზიციები შეურყიონ გაძლიერებულ გახარიას.
– კალაძის და ღარიბაშვილის ერთად ყოფნა როგორ წარმოგიდგენიათ? თავის დროზე თბილისის მერმა ყოფილი პრემიერის განეიტრალებაში დიდი როლი შეასრულა. ეს ღარიბაშვილმაც კარგად იცის და რატომ უნდა დაუდგეს მას გვერდით?
– პოლიტიკა ისეთი რამეა, სადაც მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ. ყოფილ პრემიერს და თბილისის მერს ახლა ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.
– ერთად შეძლებენ შს მინისტრის ჩაჩოჩებას?
– ვერ გეტყვით. გააჩნია, რა აქვს ჩაფიქრებული ბიძინა ივანიშვილს. აქ მთავარი მაინც მისი განწყობა იქნება. დღეის მონაცემებით, ის ყველაზე მეტად შს მინისტრს ენდობა.
“ოცნების” ლიდერს აქვს კიდევ ერთი ამოცანა – კახა კალაძემ “ოცნება” თავისი ნებით უნდა დატოვოს და ცალკე თამაში დაიწყოს.
ივანიშვილის გონება ახლა საპარლამენტო არჩევნებისკენ არის მიმართული. მან იცის, რომ “ქართული ოცნება” ხალხს ყელში ამოუვიდა. იცის ისიც, რომ ამ პარტიისკენ ერის შემობრუნება შეუძლებელი იქნება.
ამიტომ შეეცდება რამდენიმე ისეთი პარტიის გამოჩეკვას, რომლებთან ერთადაც მომავალ პარლამენტში უმრავლესობას შექმნის. არ გამიკვირდება, რომ პირველ ადგილზე ყოფილი ხელისუფლება გავიდეს.
მარტივ მამრავლებად დაშლილი ნაციონალური მოძრაობა ალბათ ისევ გაერთიანდება და შევსებასაც მიიღებს.
– საიდან?
– არ გამოვრიცხავ, რომ მათ რიგებს შეუერთდეს ირაკლი ალასანია. 19 მაისს ის თბილისში გამოჩნდა. მან ღიად მისცა ხმა არჩევნებში შალვა შავგულიძეს. შავგულიძეს, თავის მხრივ, “ევროპული საქართველო” უჭერს. ცნობილი ამბავია, რომ ალასანია ბოკერიასთან მეგობრობს. მას “ოცნებამ” ბევრი ცუდი რამე გაუკეთა და არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიამ ყოფილ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.
წინ ძალიან საინტერესო და უცნაური ამბები გველოდება. ბიძინა ივანიშვილი სანახაობას არ მოგვაკლებს.
ერთიც მინდა თქვენს მკითხველს ვუთხრა – ხომ ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძურია საქმეა, ეს ასეა, მაგრამ ბიზნესთან ახლოსაც ვერ მივა. მითუმეტეს, თუ ეს ბიზნესი საქართველოში კეთდება და მას ის ხალხი აკეთებს, ვისაც ფულის კეთების რუსული სკოლა აქვს გამოვლილი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა