ლაშა ჩხარტიშვილი – “ოცნებას” და ალიევს გარეჯთან დაკავშირებული გარიგება ჩავუშალეთ”

ლაშა ჩხარტიშვილი - "ოცნებას" და ალიევს გარეჯთან დაკავშირებული გარიგება ჩავუშალეთ"ვინ შთააგონა “გირჩი”, რომ პარტიულ ოფისში ბორდელი გაეხსნა, რაში სჯობია ივანიშვილი ეშმაკს, რა გარიგება იყო დადებული ალიევთან, რომელიც ხალხმა ჩაშალა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.
– თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არჩევნების წინ განსაკუთრებული სიმძაფრით ახსენდებათ ეკლესია. ამ დღეებში ივანიშვილმა აწყურის ტაძარი მოინახულა და მის აღსადგენად 13 მილიონის გამოყოფის პირობა დადო.
– იმას რასაც ივანიშვილი ეკლესიასთან და ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში აკეთებს, არის ფარისევლობა. მთელი ცხოვრება ეკლესიას და გამსახურდიას ებრძოდა, მაგრამ არჩევნები როცა ახლოვდება, მათი მთავარი გულშემატკივარი ხდება. ყოველი არჩევნების წინ ოლიგაქრს ფარისევლური ქველმოქმედება შეიპყრობს ხოლმე.
საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან ცოტა დარჩნენ ისეთი ადამიანები, ვისაც მისი ქველმოქმედების სჯერა. ივანიშვილი დანებებას არ აპირებს და ყველა ხერხს იყენებს საიმისოდ, რომ ამომრჩევლის გულები და ეკლესიის ნაწილი მაინც მოისყიდოს მე იმედი მაქვს, რომ მისი იაფასიანი ტრიუკები აღარ გაჭრის.
– მსოფლიო პოლიტიკას მარტო ივანიშვილის ტყუილებით არ ვაოცებთ. 10 მაისს “გირჩმა” თავის პარტიულ ოფისში საროსკიპო გახსნა. ეს რაღა უბედურება და დოზანაა?
– აშკარაა, რომ “გირჩი” ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია. ესენი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ივანიშვილს რომ ლოკალური მიზნები ჰქონდეს, დიდი სიამოვნებით გახდებოდა ამ პარტიის ლიდერიც.
– რატომ გგონიათ, რომ “გირჩი” “ოცნების” ლიდერის ფავორიტია?
– იმიტომ, რომ მათი იდეები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. მარიხუანის ლეგალიზების მოთხოვნით პირველი “გირჩი” გამოვიდა. ცოტა ხანში ივანიშვილის დავალებით, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ. კიდევ კარგი, ერთობლივი ბრძოლის შედეგად, ოლიგარქს ეს კანონი უკან გავატანინეთ.
“გირჩმა” ახლა პროსტიტუციის ლეგალიზების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკანაც ივანიშვილი იდგას. შეიძლება მას უნდა, რომ საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც ნარკომანია და პროსტიტუცია ლეგალიზებული იქნება.
არ გამიკვირდება თუ გავიგებ, რომ ივანიშვილს სურს, საქართველო გადააქციოს ბატისტას დროინდელ კუბად. მაშინ კუბა სექსტურიზმის ცენტრად იყო ქცეული. აქაც შეიძლება იგივე გაკეთდეს,
მინდა, რომ ჩვენი მოსახლეობა მიხვდეს, რომ ხელების ჩამოშვება დაუშვებელია და საჭიროა უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლა. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი. ეს დავით გარეჯის მაგალითმაც კარგად აჩვენა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება უკვე სახეზეა.
ჩვენმა ბრძოლამ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩიჩხიტურის მონახულების უფლებაც კი მოგვცეს, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 2005 წლიდან აღარ უშვებდნენ ქართველებს.
მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დავით გარეჯის დასაცავად იბრძოდა. ეს ხალხი რომ არა, ივანიშვილი და ალიევი დავით გარეჯთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას გააფორმებდნენ.
– რა შეთანხმებაზეა საუბარი?
– არაა გამორიცხული, რომ იგეგმებოდა გარეჯის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემა. ის, რაც აქ აპრილში მოხდა იყო, ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვა. ალიევმა და ივანიშვილმა ქართველი ხალხის განწყობა შეამოწმეს – დროებით ჩაკეტეს საზღვარი და დაელოდნენ, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს ოკუპაციის ახალ ტალღაზე.
ამაზე საქართველოს მოსახლეობას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და გარიგებაც ჩაიშალა. ამას კიდევ დაჭირდება ბრძოლა, დავით გარეჯის ამბავი ჯერ საბოლოოდ დამთავრებული არის.
ახლა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას, ახლა ისეა საჭირო ბრძოლა, როგორც არასდროს.
დიდი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს არჩევნებამდეც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ქვეყანა როგორმე არჩევნებამდე მივიტანოთ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა