ლევან თორია – ”თავდამსხმელების დაკავების ნაცვლად ბრალი მე წამიყენეს”

ლევან თორია - ”თავდამსხმელების დაკავების ნაცვლად ბრალი მე წამიყენეს”ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის „ოდიშის“ წამყვანი ლევან თორია შსს-ს მიერ მისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს უსაფუძლოდ მიიჩნევს. როგორც ლევან თორიამ “ინტეპრესნიუსს” ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან განუცხადა, 14 მაისს, როდესაც დადიანების ეზოში ინციდენტი მოხდა, ის თავს იცავდა და მისი მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ პოლიცია მას დააკავებს, თორია პასუხობს, რომ “ყველანაირი სცენარის განვითარების” მოლოდინი აქვს.

“წარმოუდგენელი რამ მოხდა. ველოდებოდი, რომ დააკავებდნენ ჩვენზე თავდამსხმელებს, ამის ნაცვლად კი, ბრალი ძალადობის მუხლით მე წამიყენეს. როდესც ჩემს საავტორო გადაცემას ვწერდი, იყვნენ სტუმრები, მოვიდნენ ვიღაც უცნობი ადამიანები და თავს დაგვესხნენ. ჩვენ თავდაცვის რეჟიმში ვიყავით. ეს თავდაცვის რეჟიმი შემიფასეს, როგორც ძალადობა. პატრული არ იყო იქ, დავრეკეთ და არავინ მოვიდა. ნახევარი საათის განმოვლობაში პოლიცია არ მოსულა. მართლა არ მესმის, რა უნდა გაგვეკეთებინა. მოდის ადამიანი, ხელს გარტყამს, იგინება, ილანძღება და პასუხი არ უნდა გასცე?! ცხადია, თავდაცვის რეჟიმში ვიყავით. ჩემი ძალადობა არავის გაუგია. ყველანაირი სცენარის განვითარებას ველოდები გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა და რა უსამართლობაც მოხდა ჩემთან მიმართებაში, თუმცა ზოგადად, ქვეყანაშია ასეთი ვითარება და კანონი არ კანონობს და სამართალი არ არსებობს”, – განაცხადა თორიამ.

ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანი, ლევან თორია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა პრესსამსახურიდან აცნობეს, თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეირაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

იპნ