ლევან თორიას 3.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ლევან თორიას 3.000 ლარიანი გირაო შეეფარდაზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტს ლევან თორიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 3.000 ლარი შეუფარდა.

ლევან თორია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკურ სიმპატიებს უკავშირებს და პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი ვიდეოს დამონტაჟებაში ადანაშაულებს.

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არის პოლიტიზირებული და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, აქედან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა,რომ დააშინოს ადამიანები და წინასაარჩევნოდ აკეთებენ ამას”, -განაცხადა ლევან თორიამ.

საქმის პროკურორის ილია ტორუას თქმით, ვიდეომასალა, რომელიც წარდგენილია, ნამდვილად შეიცავდა ლევან თორიას მხრიდან დანაშაულის ნიშნებს.

„სასამართლოს მხრიდან სრულად მოხდა ჩვენი შუამდგომლობის გაზიარება და შეეფარდა მას 3 000 ლარი. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე და წარდგენილი ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ლევან თორიას ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს”, -განაცხადა ილია ტორუამ.

ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანი, ლევან თორია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა პრესსამსახურიდან აცნობეს, თორიას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტს.

იპნ