მაგთი ძვირდება?

მაგთი ძვირდება?სილქნეტის მიერ ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ ქართულ ინტერნეტ და მობილურ ბაზარზე ორი უმსხვილესი მოთამაშე დარჩა, ორივე თავის მხრივ ფლობს ინტერნეტს, ტელევიზიას და მობილური კავშირის ყველაზე დიდ წილს.
შესაბამისად, მონოპოლია თუ არა, მინიმუმ კვაზი მონოპოლია სახეზეა, მითუმეტეს რომ ჩვენი ინსაიდერის განცხადებით ბილაინის ყიდვას მაგთი, მასთან აფილირებული კომპანიის მეშვეობით ცდილობს და ამით, ფაქტობრივად, ბაზარზე ორ მოთამაშეს დატოვებს, რაც კარტელური გარიგების შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, არა თუ ზრდის, არამედ ფაქტობრივად აშკარას ხდის.

ჯერ კიდევ სულ რამდენიმე კვირის წინ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფაქტის წინაშე დადგა, როდესაც იცვლებოდა მობილური ინტერნეტტარიფები. მობილური კავშირის ბაზრის ორმა უმსხვილესმა მოთამაშემ სინქრონში გადაწყვიტა ფასების მატება: მაგთი მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან აძვირებდა პაკეტებს, ხოლო ჯეოსელი 1–ლი მარტიდან. გარდა ამისა, ორივე კომპანია აწესებდა მობილური ნომრის მომსახურეობის ტარიფს და თითქმის 180 გრადუსით ცვლიდა ფასთა პოლიტიკას.

ამასთან, დაახლოებით ერთი წლის წინ მაგთიმ საჯარო უწყების თანამშრომლები ასევე ფაქტის წინაშე დააყენა როდესაც მოულოდნელად ინტერნეტ მომსახურეობაზე ტარიფი 3-ჯერ გაუზარდა და ამის შესახებ მომხმარებელი არ გააფრთხილა. მაშინ მათისვე განმარტებით ამის ვალდებულება ტენდერის პირობებით არ ჰქონიათ, რადგან ისინი ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებას სახელმწიფო ორგანიზაციებთან აფორმებდნენ და არა ინდივიდუალურად მომხმარებლებთან, შესაბამისად, მათივე თქმით, მომხმარებლების ინფორმირებას თავიანთ პასუხისმგებლობად არ მიიჩნევდნენ. “სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს”, – აცხადებდა კომპანია.

ზოგადად, მთელ მსოფლიოში იზრდება მომხმარებლისთვის ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობა, რომლის ზრდასთან ერთად მცირდება მისი საცალო ფასიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვისაც გაურკვეველია, რას ემყარება დიდი კომპანიების გადაწყვეტილება ტარიფის გაძვირების შესახებ მაშინ, როცა საბითუმო ინტერნეტის გაიაფების ფონზე შესაძლებელი იყო გაზრდილი მოცულობები ტარიფის გაძვირების გარეშეც ასახულიყო აბონენტებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში.

მიუხედავად ამ პროცესისა მცირე კომპანიებს დემპინგურ ფასებთან უწევთ ჭიდაობა განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც იგივე “მაგთიკომი” ნახევარ ფასად სთავაზობს მომხმარებელს ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებს, ასევე უფასო ინსტალაციასაც. თბილისსა და დიდ ქალაქებში კი ეს მომსახურება ორჯერ ძვირია. ეს დემპინგური ფასები იმისთვის არის, რომ ბაზრიდან კონკურენტების გაძევება უზრუნველყონ.

ერთადერთი კომპანია, რომელიც მაშინ აცხადებდა, რომ ტარიფების გადახედვას არც გეგმავდა, ბილაინი იყო, დღეს უკვე საერთაშორისო მსხვილი მოთამაშე „ვეონ“-ი ქართულ ბილაინს, ანუ იგივე ვეონ საქართველოს ყიდის. რომლის შესყიდვასაც მაგთიკომი მასთან არაპირდაპირ დაკავშირებული კომპანიის მეშვეობით ცდილობს.

14 თებერვალს კომუნიკაციების მარეგულერებელმა კომისიამ მაგთის ტარიფების გაძვირების პროცესი შეუჩერა.

ეს პროცესი კომისიას ბაზარზე მესამე მოთამაშის არსებობამ გაუმარტივა, მაგთიკომის მიერ ბილაინის შესყიდვის შემდეგ, რაც ბილაინის ლიკვიდაციას გამოიწვევს, პროცესი სილქსაც, რომელიც უფრო რბილია საკუთარ სატარიფო პოლიტიკაში და მაგთისაც, რომელიც ხისტად ეწინააღმდეგება პერიოდულად მარეგულირებელ კომისიას, ფაქტობრივად ცარიელ მოედანზე, ცარიელ კარში სათამაშოდ ტოვებს.

პირველი