მამუკა გამყრელიძე – “მინისტრები ზუგდიდში დაფახფახებული ვერტმფრენით ჩამოფრინდნენ, 4 ცალი ყოლიათ, დაუშლიათ და იმ 4-დან ეს 1 ძლივს აუწყვიათ”

მამუკა გამყრელიძე - "მინისტრები ზუგდიდში დაფახფახებული ვერტმფრენით ჩამოფრინდნენ, 4 ცალი ყოლიათ, დაუშლიათ და იმ 4-დან ეს 1 ძლივს აუწყვიათ"“ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” -ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, გასული დღეები ზუგდიდში გაატარეთ, კარდაკარი ჩაატარეთ. რა ხდება, რა სიტუაციაა? ფიქრობენ, რომ ყველაზე მწვავე წერტილი ამ შუალედურ არჩევნებში სწორედ ზუგდიდის მერის არჩევნები იქნება. რას იტყვით თქვენ?
– სამეგრელო არის ყველაზე აქტიური რეგიონი პოლიტიკურად. 2003 წლის მოვლენებიც სწორედ სამეგრელოდან დაიწყო. ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა უპირველესად სწორედ სამეგრელოში ჩნდება ხოლმე. სამწუხაროდ თბილისი უფრო პასიურია ყოველთვის და ყოველთვის ელოდება რაღაცას.
რეგიონებში ხალხმა უფრო მტკივნეულად გადაიტანა ეს ყველაფერი. უფრო მძიმედაა იქ სიტუაცია. შეჩერებულია იქ ცხოვრება. დავიარეთ სოფლები და ყველგან ერთი და იგივე ხდება. შეჩერებულია სიცოცხლე. ანაკლიაში ვცხოვრობ ხოლმე, სამეგრელოში რომ ჩავდივარ და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს იქაურობა, კატასტროფულ ფილმებში რომ არის.
– რას გულისხმობთ?
– რაღაც იყო იქ აშენებული და უცბად გაჩერდა ყველაფერი. მიტოვებული მშენებლობები, მიტოვებული საბავშვო მოედნები, მიტოვებული ტურისტული ნაგებობები, გული გაგისკდებათ!
– გაჩერდა ანაკლიის განვითარების პროცესი?
– რა თქმა უნდა, გაჩერდა. საერთოდ შეჩერებულია ყველაფერი. ეს იყო რეალური სამუშაო ადგილები და აღარ არის. ხალხი, რომელიც გარშემო სოფლებში ცხოვრობდა, დასაქმებული იყო სწორედ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს ხალხი ამით არჩენდა ოჯახებს. შესაბამისად, ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეკონომიურად.
მერე ამ ყველაფერს დაერთო ფაროსანას თემაც. 45 მილიონი გამოუყვიათ ფაროსანას შეწამვლაზე. ხეს რომ შეარხევ, წვიმასავით მოდის ფაროსანები. ჩანასახშივე უკვე გაფუჭებულია ნაყოფი. როგორც მითხრეს, ამ სითხეს აზავებენ, რაღაცა ურევენ, რეალურად ფულს იპარავენ და უხარისხო წამლით ატარებენ ამ სამუშაოებს. ფულს კი ჯიბეში იდებენ უნამუსოდ.
ამას ხომ ხედავენ იქ მაცხოვრებლები?! ადრე რაღაცა კეთდებოდა, რაღაცა მოძრაობა იყო, დღეს კი არაფერი კეთდება და მავნებლობას აქვს ადგილი.
– ხელისუფლებას რა შანსები აქვს ზუგდიდში?
– ადრე ხომ სულ საუბრობდნენ, რომ ზუგდიდი არ არის მნიშვნელოვანი. ახლა დაინახეს, რომ სწორედ იქ ხდება პროცესი ხელისუფლების ცვლილების. ზუგდიდი გახდა დღეს ცენტრი ხელისუფლების ცვლილების.
დღეს აქ ავანგარდში ხელისუფლების ცვლილებისა დგას სანდრა რულოვსი, რომელიც გამოჩნდა და ჩამოყალიბდა, როგორც ახალი ლიდერი ოპოზიციური მოძრაობის. მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი.
ამ ქალმა გვიჩვენა უმაღლესი სტანდარტები, ნამდვილი ქართველი ევროპელისა. ეს ქალი ბევრად უკეთესად მეტყველებს ქართულად, ვიდრე ზოგიერთი ქართველი, რომელიც უმაღლეს პოსტს იჭერს სახელმწიფოში. მშვენივრად ერკვევა იმ პრობლემატიკაში, რაც დღეს ამ რეგიონს აქვს. ეს ადამიანი არის მზად, არც ერთი წუთი არ შეჩერდეს.
– ამ ფონზე რას აკეთებს “ოცნება”?
– სამთავრობო დესანტი გადმოსხეს ზუგდიდში. ძალიან შევშფოთდი, როდესაც მათ ჩამოსვლას ვუყურებდი, დაფახფახებული ვერტმფრენით ჩამოფრინდნენ, 4 ცალი ყოლიათ, დაუშლიათ და იმ 4-დან ეს 1 ძლივს ააწყვესო. ყველაფერი დაშალეს და გაანადგურეს. ვერტმფრენებიც კი აღარ გვაქვს, დაანგრიეს, გააჩანაგეს სახელმწიფო ამ ვერაგებმა!
ჩამოფრინდნენ და, რომ იტყვიან, შემოესივნენ ზუგდიდს. რამდენიმე მინისტრი იყო, დეპუტატები, პრემიერი, ისეთი სერიოზული შემართებით, რომ აი, ისინი გადატეხავენ ამ პროცესს.
– შეძლებენ?
– არაფერიც არ გამოუვათ! გარდა მაგისა, ჩვენ ვნახეთ ზონდერებიც. ის ადამიანი, რომელმაც დაარბია სანდრა რულოვსის გამარჯვებული უბნები, წინა არჩევნებზე, ყუთები გაიტაცეს და დაამტვრიეს, სწორედ ეს ადამიანი ამოიცნეს. ასევე იქ არის კობა კობალაძე, რომელიც ამ ზონდერებს ხელმძღვანელობს.
მოკლედ, მთელი დატვირთვით ჩამოვიდა სახელისუფლებო გუნდი, რომელიც აპირებს ნაცადი ხერხების გამოყენებას, რომ ისევ თვითონ გაიმარჯვოს. სახელით და გვარებით შემიძლია გითხრათ პოლიციელები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის თბილისშიც და ეს ადამიანები ყველა არიან ჩამოსული ზუგდიდში, რომ რაღაცნაირად გაამაგრონ ხელისუფლების პოზიციები.
– მოსახლეობაში რა განწყობაა?
– ჩვენ ფეხდაფეხ დავიარეთ სოფლები. ერთ სოფელში დავთვალე და 30 ოჯახიდან, სადაც შევედით, 2 იყო მარტო “ქართული ოცნების” მომხრე. დანარჩენი ყველა სანდრას უჭერს მხარს.
მე ძალიან კარგად მესმის, რომ ბოლო დღეებში იქნება ძალიან სერიოზული ზეწოლა, იქნება დაშინება, იქნება მოსყიდვა. მე გეტყვით იმას, რაც ზუსტად ვიცი, ხშირად 100-დან 150 ლარამდე აძლევენ ადამიანს იმისთვის, რომ საკუთარი პასპორტი ათხოვონ. ალბათ ბევრი ცდუნებას ვერ გაუძლებს, რადგან 150 ლარი დიდი ფულია ამ წუთას სამეგრელოში. ჩვენ ვცდილობთ, გავამხნევოთ ხალხი, თუმცა ვიღაცა, რა თქმა უნდა, მაინც გაიყიდება. თუ არ გაიყიდა ხალხი, მაშინ არაფერი არ გამოუვათ!
– სიტუაციის დაძაბვას ელოდებით? კორცხელი გამეორდება?
– მსგავს ინციდენტებს უკვე აქვს ადგილი. მაგალითად, ზალიკო უდუმაშვილს დაესხნენ თავს და ხატია დეკანოიძეს. დაგვირეკეს ჩვენ, სასწრაფოდ მივვარდით და როგორც კი მივედით, მაშინვე გაიქცნენ ის ზონდერები, თანაც ნასვამები იყვნენ. პოლიციაც მოვიდა, არავინ დააკავა, არც არაფერი უთხრა. უბრალოდ, გამოჩნდნენ და წავიდნენ.
პოლიცია დადის, აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ ბრძანება აქვთ მიღებული, რომ ასეთი ინციდენტების დროს არ ჩაერიონ და პირიქით, ჩვენ შეგვიშალონ ხელი მუშაობაში.
მე ძველი უშიშროების თანამშრომლებსაც ველაპარაკე, ყოფილ პოლიციელებსაც და ყველა ამბობს, რომ ეს უბედურება იყო ჩვენი პრობლემა შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული. არჩევნებში ყოველთვის იყო ჩაბმული პოლიცია და უშიშროება და ეს უნდა დამთავრდეს. უნდა გაიგოს ყველა ხელისუფლებამ, რომ ეს იარაღი თავადვე მოუტრიალდება.
– დაიწყება ზუგდიდიდან ხელისუფლების ცვლილება?
– მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. სიმართლე გითხრათ, მე ბევრად უფრო პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მოთავე იმისა, რომ ქალბატონი სანდრა ყოფილიყო კანდიდატი ზუგდიდის მერობის, მე და ჩემი მეგობრები ვიყავით. ჩვენი და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა და მივიღეთ არაჩვეულებრივი კანდიდატი.
ბოლო პერიოდში ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა გამარჯვების. 11 მაისს წამოვედი ზუგდიდიდან და ფეხები უკან მრჩებოდა, გული მწყდებოდა რომ მოვდიოდი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების ეს ცვლილება სწორედ ზუგდიდიდან დაიწყება. ეს არის ხელისუფლების ცვლილება და არა – გამარჯვება, როგორც ეს ხშირად გვსმენია.
ხან ერთი ძალა მოვა ხელისუფლებაში და ხან – მეორე. ხელისუფლების ცვლილება ტრაგედიად არ უნდა აღიქმებოდეს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა