მირიან მირიანაშვილი – “რუსული პოლიტიკური თამაშების ხანა მთავრდება, რეგიონში სრულმასშტაბიანი ძვრებია”

მირიან მირიანაშვილი - "რუსული პოლიტიკური თამაშების ხანა მთავრდება, რეგიონში სრულმასშტაბიანი ძვრებია"ბოლო დღეებში საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა საგარეო ორიენტაცია და რუსეთის პროპაგანდის გაძლიერება გახდა. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის”ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
მირიან მირიანაშვილი:
– რუსეთის პროპაგანდა საქართველოში პირველად არ ვრცელდება. საზოგადოება იმაზეც ინფორმირებულია, რომ კრემლი დგამს ხელისუფლების გადაბარების სცენარებს და აწყობს სხვადასხვა პროვოკაციას. საქმე ისაა, რომ ინსპირატორებს საქართველოში ხელ-ფეხი შეებორკათ.
– საზოგადოებას ასეთი განცდა არა აქვს.
– საზოგადოება მალე ამას უფრო ნათლად დაინახავს. დავითგარეჯის პროვოკაცია ავიღოთ. ადრეც ვთქვი, რომ იქ განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თათბირი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამერიკელებმა დიდი პროვოკაცია ჩაშალეს და ინციდენტმა უფრო მსუბუქი ფორმა მიიღო. ვაშინგტონის წარმომადგენლებმა პირადად გააფრთხილეს აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის უფროსი გულიევი. ამ გაფრთხილების შედეგად ხალხს სამონასტრო კომპლექსის იმ ადგილებშიც უშვებენ, სადაც წინა წლებში არ უშვებდნენ. არავინ ამბობს, რომ საზღვრის დადგენის პრობლემა მოიხსნა, მაგრამ რუსეთში მოფიქრებული დიდი პროვოკაცია მტერს არ გამოუვიდა. ინსპირატორებს მომავალში ხელი უფრო მეტად მოეცარებათ. მათ არც წვრილი ინსპირაციები გამოუვათ და არც დიდი არეულობა.
– რა იძლევა დაიმედების საფუძველს?
– დიდი გარდატეხა. ჩვენს რეგიონში სრულმასშტაბიანი ძვრებია.
– ბოლო დღეებში აშშ-ირანის კონფლიქტი გაღრმავდა. ირანის ნავთობის გატანა მთლიანად იზღუდება. თქვენ რომელ ძვრებს გულისხმობთ?
– აშშ-მ ირანის მიმართ აამოქმედა სრულმასშტაბიანი სანქციები. დიდ ბიზნესზე ორიენტირებული წრეებისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ ეს მოხდებოდა. დიდმა ბიზნესმა თადარიგი წინასწარ დაიჭირა. მხოლოდ ეს ცვლილება არ მომხდარა. იკვეთება აშშ-ის ახალი რანგის მონაწილეობა პროცესებში და მისი სამხედრო-პოლიტიკური როლის ზრდა ჩვენს რეგიონში.
– ამაში მხოლოდ სამხრეთ კავკასია არ იგულისხმება?
– საუბარია კავკასიაზე, წინა აზიასა და სპარსეთის ყურეზე. ვაშინგტონის ყურადღება მსოფლიოს ამ ნაწილზეა ფოკუსირებული და მისი კონტროლი მომავალი ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ამ მიმართულებით მზარდი იქნება. საქართველოს პოლიტიკური ელიტა სხვა რამითაა გართული, მოწყვეტილია პროცესებს. მისთვის ასეთი ინფორმაცია მიუწვდომელია. თანაც, ეს ელიტა ასრულებს როლებს რუსეთის თამაშში. რუსეთი თავისი ადგილობრივი კრეატურის ხელით პროვოკაციებს აწყობს. მსხვილი პროვოკაციებიდან გადადიან ისეთზე, სადაც გარეშე ხელი უფრო ნაკლებად იგრძნობა.
– კერძოდ?
– ვსაუბრობ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზე. დაწყებულია დამოუკიდებელი ტელევიზიის დევნის ახალი სცენარი. ივანიშვილი არავის დევნის. რუსთავი 2-ის შემოსავლები ივსება სარეკლამო შემოსავლებით. რეკლამას არხზე ათავსებენ ქართველი ბიზნესმენები. ეს ხდება ივანიშვილის ხელშეწყობითა და დავალებით. ბევრი ბიზნესმენი იძულებით ათავსებს რეკლამას ტელევიზიაში. თუ ივანიშვილი მართლა ებრძვის არხს, გადაჭრას დაფინანსების წყაროები! მაშინ ამ არხს აღარ ექნება პოლიტიკური საქმიანობის რესურსი.
ეს დადგმაც ჩაფლავდება. რუსული პოლიტიკური თამაშების ხანა მთავრდება. ამ თამაშებში ჩართულია “ქართული ოცნება”, ასევე ნაცმოძრაობის წიაღში მყოფი რუსული აგენტურა და ამ ძალების წვრილ-წვრილი სატელიტები. ამ აგენტურას უკვე სერიოზულ მეთვალყურეობას უწევენ. ამ ხალხს რუსული ინტერესების გატარება არ გამოუვა.
– ნაცმოძრაობაში ბევრი სააკაშვილის მოლოდინშია.
– ეს ცრუ იმედებია. სააკაშვილი არეულობასთან ასოცირდება. ყოფილი პრეზიდენტი და გუბერნატორი უკრაინის პოლიტიკაშიც ვერ მოიკიდებს ფეხს.
– საქართველოში ბევრი ექსპერტი ისევ აცხადებს, რომ სააკაშვილი მალე ჩაერთვება უკრაინის პროცესებში.
– სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში გრძელდება საქმის გამოძიება. მას რუსეთის აგენტურასთან კოოპერაციას ედავებიან. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია. მას მოქალაქეობა მოეხსნა. 2017 წელს უკრაინის საზღვრის დარღვევის გამო სააკაშვილს 4 წლით აეკრძალა უკრაინაში ჩასვლა. მოქალაქეობა რომ დაუბრუნონ, ჩასვლა ჯერ აკრძალული აქვს.
ამ მონაკვეთში სააკაშვილს უკრაინაში შეუშვებენ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა მისი დასწრება სასამართლო პროცესზე. ზელენსკის გარემოცვიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობა არ იგეგმება. საკვანძო თანამდებობებზე მყოფი ამერიკელებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში სააკაშვილის საქმიანობას. ასე რომ, სააკაშვილზე ილუზიებს ნურავინ შეიქმნის, ექსპერტები კი ხალხს ნუ მოატყუებენ. უკრაინა იქით იყოს და ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში კრემლის სცენარები ვერ დაიდგმება ვერც სააკაშვილისა და ვერც სხვა შემსრულებლების მონაწილეობით. რეგიონში ძვრები დონალდ ტრამპის ვიზიტშიც ვლინდება.
– ადრე ამბობდით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში ჩადის.
– სწორედ ამ ვიზიტზე ვსაუბრობ. პრეზიდენტი ტრამპი ივლისის მეორე ნახევარში ეწვევა თურქეთს. ეს უდიდესი მოვლენაა და მხოლოდ ამ ქვეყანას არ ეხება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ღონისძიება უმნიშვნელოვანესი ხდება რამდენიმეწლიან პერიოდში. რუსეთთან შეკავშირებული კვარტეტი დაშლილია.
– რუსეთის, ირანის, და თურქეთის გარდა რომელ ქვეყანაზე გაქვთ საუბარი?
– სომხეთზე. არსებობდა რუსეთის კავშირი თურქეთთან, ასევე რუსეთის მოკავშირე იყო სომხეთი. ირანი ნაწილობრივ მოკავშირედ ითვლებოდა. ეს ალიანსები იშლება. აშშ-ის კონტროლი რეგიონზე, მათ შორის, საქართველოზე, მზარდია. ეს პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი სეგმენტია და იმას ნიშნავს, რომ საგარეო მტერი და მისი აქაური აგენტურა სიტუაციას ვეღარ არევენ და ვერც ხელისუფლებაში მოვლენ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა