,,მისო მო მანი კრედიტი” კოტრდება

,,მისო მო მანი კრედიტი" კოტრდებასაქართველოში ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კოტრდება. კერძოდ, საუბარია შპს ,,მისო მო მანი კრედიტზე“.

როგორც 30 აპრილის საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, სასამართლოს 12 აპრილს ორგანიზაციის ლიკვიდატორმა თინათინ გაბოძემ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მიმართა და ,,მისო მო მანი კრედიტის’’ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება მოითხოვა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნას წარმოებაში. მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

„აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. შეჩერდეს მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება (არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება),“-აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განჩინებაში.

ბიპიენი

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო მო მანი კრედიტი“ გააუქმა