მთავრობა “წყნეთის სამთავრობო აგარაკებს” ყიდის

მთავრობა "წყნეთის სამთავრობო აგარაკებს" ყიდისსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ჩაჩანიძის განცხადებით, ე.წ. “წყნეთის სამთავრობო აგარაკები” საპრივატიზაციოდ მზადაა.

ამის შესახებ მან bm.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, მაგრამ ობიექტის საწყისი ფასი ვერ დაასახელა.

– წლებია, გვესმის საუბრები იმის თაობაზე, რომ იყიდება ე.წ. “წყნეთის სამთავრობო აგარაკები”… რა ხდება, მზადაა ობიექტი გასაყიდად? 

– წყნეთის სამთავრობო რეზიდენციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საინვესტიციო წინადადებების განსახილველად იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებით მუშაობა დასრულებულია და ნამდვილად საჯაროდ ვიწვევთ ინვესტორებს, რომ საწყისი ფასი გამოხატონ.

– საწყისი ფასი, დაახლოებით, რამდენია? 

– საწყისი ფასი, შეუძლებელია, რომ ითქვას…

ობიექტი რამდენად გაქვთ შეფასებული? 

– ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ მოგაწვდით დოკუმენტებს.

– სად შეუძლია ინვესტორს ნახოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “წყნეთის სამთავრობო აგარაკები” იყიდება?

– საპრივატიზაციო ობიექტების ნაწილი, რომელიც შეიძლება პოტენციურ ინვესტორს აინტერესებდეს, შეუძლია იგივე ინტერნეტის საშუალებებით მოიძიოს, მაგრამ თუ არსებობს ქონება, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დაგვისრულებია, ამაზე შეუძლია, ჩვენი გაყიდვების სამსახურისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია.

ცნობისთვის: ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე არ დევს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ. “წყნეთის სამთავრობო აგარაკები” იყიდება.

სახელმწიფო ქონების ქონების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში კვლავ 11 ე.წ “სამთავრობო აგარაკია”. უძრავი ქონება, რომელიც წყნეთში, 86 965 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს ბალანსზე ირიცხება, რომელიც თავის მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.

ბიემჯი