პაატა ზაქარეიშვილი – “ოცნება” თავისი დამარცხებით ქართულ დემოკრატიას ხელს შეუწყობს”

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ექსპერტი კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.
– ბატონო პაატა, ძალიან ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში სერიოზულ შეცდომებს უშვებს “ქართული ოცნება”. რა სტრატეგია აირჩია ხელისუფლებამ?
– დღეს “ქართული ოცნება” სერიოზულ ჩიხშია და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ის დგამს, უფრო აღრმავებს ამ ჩიხს. დაღმართში როცა მიდის პარტია, ყოველთვის ასეა, დადებითიც კი უარყოფითად მოქმედებს, რადგან ის აღარ არის საზოგადოებაში პოპულარული. რა დადებითზეა საუბარი, ერთი მეორეზე უარყოფით ნაბიჯებს დგამენ.
– კერძოდ?
– თუნდაც პანკისელებთან კიდევ უფრო გაირთულეს სიტუაცია. ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგეს. ჩანაწერი გამოაქვეყნეს დიდი სიხარულით, რომ არიქა და როგორც იქნა გამოვიჭირეთ მალხაზ მაჩალიკაშვილიო, რა აღმოჩნდა? არც არაფერი, ეფემერული რამ, კაცი მხოლოდ ლაპარაკობდა გამწარებული და ტერაქტის ნიშნები კი არა, მგონი, შურისძიების ნიშნებიც კი მკაფიოდ არ ჩანს. ამ ფონზე კი უკვე ტერმინოლოგიის შეცვლა უწევს ხელისულებას და სხვანაირად ლაპარაკი. გამოდიან და აცხადებენ, გამოძიება აჩვენებსო.
– მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია უნდოდათ და არ გამოუვიდათ?
– არ გამოუვიდათ. სხვისი დისკრედიტაცია უნდოდათ და საკუთარი თავის დისკრედიტაცია გამოუვიდათ. ასეთი იმდენია, ვინ მოთვლის. მართლა არ იციან, რა აკეთონ, არ უნდათ ცუდის კეთება და ცუდი გამოსდით, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ამ ყველაფრის ფონზე, ერთადერთი, რაც ცვლილება დავინახე და პირველად გამოჩნდა, რომ რაღაცის გამოსწორების სურვილი გაუჩნდათ, ეს არის სუს-ში დაწყებული პროცესები. ვგულისხმობ რამდენიმე მოადგილის განთავისუფლებას.
– ერთ-ერთ მოადგილეთ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი დააბრუნეს და ესეც დადებითი პროცესია?
– მე სულაც არ მომეწონა, შევარდნაძის დროინდელი ფიგურა რომ დააბრუნეს, თუმცა მომეწონა ის, რომ ხალხი არ ჰყავთ და სხვაგან ეძებენ. ჯობდა, ახალგაზრდებში ეპოვათ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჰყავთ.
მე სამჯერ მქონდა ფორმალური, ოფიციალური, მუდმივმოქმედი თანამშრომლობა უშიშროებასთან.
– რომელ პერიოდში?
– პირველად, როდესაც აფხაზეთის ომში ვიყავი, მაშინ მე ტყვეთა გაცვლის კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი, გადავდიოდი აფხაზურ მხარეს და მუდმივი კონტაქტები მქონდა იქ და ამიტომ მიწევდა მუშაობა ქართულ უშიშროებასთან და იქ იყვნენ საკმაოდ მაღალი კლასის ოფიცრები, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობდი და ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. მეორედ, როდესაც სააკაშვილი გახდა იუსტიციის მინისტრი, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, მაშინ მე ციხეში მიმიწვია სააკაშვილმა, ვმუშაობდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი და იქ იყვნენ საკმაოდ მაღალი კლასის უშიშროების ოფიცრები, მომიწია შევარდნაძის დროინდელ უშიშროებასთან მუშაობა და გარკვეული გამოცდილება ჩამომიყალიბდა. მესამედ შეხება მქონდა მაშინ, როცა გავხდი მინისტრი და შეხება მქონდა არა გამოცდილ უშიშროების ოფიცრებთან, არამედ გამოუცდელ ახალგაზრდებთან.
– გამოუცდელი და არაკვალიფიციური კადრებით დააკომპლექტეს უშიშროება?
– საერთოდ სახელმწიფოზე რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რამაც ძალიან შემაშფოთა. ამ სამი შემთხვევიდან ყველაზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება ჩემზე დატოვა “ოცნების” უშიშროებამ. ძალიან არაკომპეტენტურები და არაკვალიფიცირებულები იყვნენ.
თავისი შემადგენლობით და კომპეტენციით შევარდნაძის დროინდელი უშიშროება უფრო ძლიერი იყო, ის უფრო იყო მომართული სახელმწიფოზე, ვიდრე იყო სააკაშვილის და ამის შემდგომ პერიოდში. მართალია, არ მომწონს, შევარდნაძის დროინდელ კადრებს რომ მიუბრუნდნენ, მაგრამ მე მესმის, რატომ აკეთებენ ამას – იმიტომ, რომ იქ უფრო მეტი პროფესიონალიზმია. იქ უფრო მეტი კომპეტენცია და კვალიფიკაციაა. აქედან გამომდინარე მე ვამჩნევ, რომ მცდელობა აქვთ, დაიწყონ კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება.
– ხომ არ დაგვიანდა?
– მე ეჭვი მეპარება, რომ უკვე ძალიან გვიანია. ნებისმიერი მოძრაობა “ქართულ ოცნებაში” უკვე ძალიან გვიან არის, რადგან ძალიან ახლოს არის 2020 წლის არჩევნები.
მე აქ დავინახე რაღაც ცვლილებების მცდელობა, თუმცა რა გამოვა აქედან, ვერ გეტყვით. ეს ადრე უნდა დაწყებულიყო. როცა ვიყავი მინისტრყ, მაშინ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან არაკომპეტენტურები და არაკვალიფიციურები არიან უშიშროებაში და ეს ავნებს ქვეყანას. მათ კი მხოლოდ ახლა დაინახეს ეს, რასაც მე ვამბობდი სამი-ოთხი წლის წინ, როცა შიგნით ვიყავი და ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი.
რა გამოდის, იდეის გაჩენიდან დამწიფებამდე სამი წელი სჭირდებათ?! ეს ძალიან დიდი დროა. თუმცა მათ მოქმედებაში მაინც ვხედავ გამოსავლის ძებნის მცდელობას. ეჭვი მეპარება, რომ გამოუვიდეთ, მაგრამ მცდელობაც კარგია. თუმცა საბჭოთა კავშირის დროინდელ და შევარდნაძის დროინდელ კადრებზე ჩამოკიდებაც არ არის საუკეთესო ვარიანტი. ახალგაზრდებში უნდა იპოვონ ღირსეულები, რომლებიც ისეთ სისულელეს არ ჩაიდენენ, როგორიც არის გაჭირვებული და გამწარებული ადამიანის რაღაც სიტყვებში გამოჭერა.
– პროფესიონალი კადრების შიმშილს განიცდის “ოცნება”?
– რა თქმა უნდა! ეს ხომ ცხადზე ცხადია.
– რა იქნება სამომავლოდ? აცხადებთ, ოცნებისთვის ძალიან გვიანიაო.
– სამომავლოდ ყველაფერი იქნება კარგად. 2020 წელს დამარცხდება “ქართული ოცნება” და ეს იქნება ბრწყინვალე რამ. გათანაბრდება სიტუაცია.
– რა თვალსაზრისით?
– “ქართული ოცნება” თავისი უუნარობით ერთადერთ კარგ რამეს გააკეთებს, რომ თავისი დამარცხებით ქვეყანაში ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების წინ წაწევას. ანუ პარლამენტში მოვა თანაბარი ძალები.
დაახლოებით ასე ვხედავ: 40% “ქართული ოცნება” და 60% – სხვადასხვა ოპოზიციური ძალები. მათ შორის ყველაზე მეტი იქნება ალბათ ნაცმოძრაობა, იქნება “ევროპული საქართველო” და სხვა წვრილფეხა პარტიები და იქ შეიქმნება უნიკალური დემოკრატიული ბულიონი. მათ აუცილებლად მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. როგორც იქნა, პირველად გავალთ ევროპულ დონეზე, როცა პარტიებს პარლამენტში მოუწევთ საერთო ენის გამონახვა და კოალიციების შექმნა.
– სამეგრელოში რამდენად ელოდებით შუალედურ არჩევნებში სიტუაციის დაძაბვას და რა შანსები აქვს სანდრა რულოვსს?
– სანდრა რულოვსს შანსები აქვს მაღალი და არა იმიტომ, რომ სანდრა რულოვსია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ მეტი კანდიდატი წამოაყენა, თანაც სამეგრელო არ გამოირჩევა დიდი სიყვარულით “ქართული ოცნების” მიმართ. მე ვფიქრობ რომ ალბათ ზუგდიდში იქნება მეორე ტური და არც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ სანდრა რულოვსმა გაიმარჯვოს.
ეს, რა თქმა უნდა, დაძაბულობის ხარისხს წევს და თუ “ქართულ ოცნებას” აწყობს ვადამდელი არჩევნები და ამაზე მიდის ბევრი ლაპარაკი, თუ მას ნამდვილად სჭირდება ვადამდელი არჩევნები, მაშინ ის დაუშვებს ზუგდიდში არეულობას და შემდეგ ამ მიზეზს გამოიყენებს ვადამდელი არჩევნებისთვის.
– წავლენ ამაზე?
– თუ გადაწყვეტილი აქვთ ვადამდელი არჩევნები, მაშინ წავლენ. ამიტომ ოპოზიცია უნდა იყოს ჩასაფრებული, რომ ეს არ დაუშვას, ასევე არ დაუშვას დაძაბულობა და მშვიდად მივიდნენ მეორე ტურამდე, რადგან ოპოზიციას არანაირად არ აწყობს ვადამდელი არჩევნები.
სწორედ ეს ინტრიგაა მოსალოდნელი ზუგდიდში.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019