ქობულია – ”სახელმწიფო კომპანიები ნეპოტიზმის ბუდეა”

ქობულია - ”სახელმწიფო კომპანიები ნეპოტიზმის ბუდეა”“სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს” – ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში გააკეთა. ქობულიამ მოხსენებისას სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდაზე  გაამახვილა ყურადღება. მან სახელმწიფო კომპანიებში არსებულ კორუფციის პრობლემაზე ისაუბრა.

“სახელმწიფო კომპანიები დღესაც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს. სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს. კორპორატიზაციისა და სახელმწიფო კომპანიების, ნაწილობრივ მაინც, პრივატიზაციის გარეშე, რომ სტრატეგიული ინტერესი უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე, პრობლემას ვერ გადავწყვეტთ,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მთავრობის ყოფილმა წევრმა ეკონომიკის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ქობულიამ უწყებაში დისციპლინის ნაკლებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც დოკუმენტი 20 დღეშია გასაცემია, 8 თვეში გაიცემა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვიჭირს, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების დაბალი ხარისხი და  დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. როგორც ცენტრალურ ისე თვითმმართველ სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლობები. უმეტესი გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე.

“ცენტრალურ და განსაკუთრებით რეგიონულ მთავრობებში გადაწყვეტილებების გაუთავებელი გაჭიანურება და დაბლოკვა. ეს ეხება როგორც მიწების გადაცემას, ნებართვების გადაცემას, იყო რეგლამენტი, რომ 20 დღეში უნდა გაცემულიყო განსაზღვრული დოკუმენტი ინვესტორისთვის. ეს რეგლამენტი ნიშნავს, რომ 20 დღეში თუ არ გაიცა ეს დოკუმენტი, ოფიციალურად გაცემულად ითვლება. რატომღაც ეს რეგლამენტი გააუქმეს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის დოკუმენტები, რომელიც უნდა იყოს გაცემული 20 დღეში, გაიცემა 8 თვეში, 10 თვეში, 12 თვეში. ეს საკითხი არის მოსაგვარებელი და ასეთი რეგლამენტირება ძალიან დაგვეხმარება, რომ დისციპლინა დავამყაროთ ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობაში,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს.  ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებიან მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. მან სკანდალური ინტერვიუ “შაბათის კურიერს” მისცა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა.