რამაზ საყვარელიძე – “ყველაზე მეტი სკანდალი ზუგდიდში იქნება”

რამაზ საყვარელიძე - "ყველაზე მეტი სკანდალი ზუგდიდში იქნება"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
– ბატონო რამაზ, პოლიტიკურად ტემპერატურამ აიწია ქვეყანაში. ხელისუფლება აცხადებს, რომ მიზანმიმართულ პროვოკაციებზე მიდის ოპოზიცია. რას იტყვით თქვენ?
– დაცხა, დაცხა… პრინციპში, გამწვავების ეს ელემენტები, რაც წამოტივტივდა ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობა ეცდება გადააგდოს სკანდალის კალაპოტში.
– რატომ, რაში ჭირდებათ ეს? ანუ მიზანმიმართული პროცესია, თქვენც ასე ფიქრობთ?
– იმიტომ, რომ შესაძლოა ვერ იმარჯვებს რულოვსი და ეს ნაციონალებმა გადასარევად იციან და ქმნიან ისეთ სურათს, რომ აი არჩევნებს უყალბებენ, ხელს უშლიან გამარჯვებაში. წინა არჩევნების დროსაც, გახსოვთ, უარი თქვა რულოვსმა იმიტომ, რომ გაყალბება იყოო. ახლაც შეიძლება დაიდოს ასეთი მოტივი.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– ჯერ ერთი გაცილებით უფრო ინტენსიურად გამოჩნდა, ვიდრე წინა არჩევნების დროს, რულოვსის გამონათქვამები ზვიად გამსახურდიაზე და მეგრელების ყურადღება დაიმსახურა. მეგრელები კი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ამ ტიპის გამონათქვამებს.
– ზუგდიდში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩავიდა და მოუწოდა ზვიადის მხარდამჭერებს, რომ მხარი არ დაუჭირონ სანდრა რულოვსს. ნაციონალებმა თქვეს, რომ “ოცნებამ” მოისყიდა მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ხელისუფლების დავალებით აკეთებს ასეთ განცხადებებს. რას იტყვით თქვენ?
– მაგ შეფასებებში უკვე ჩანს, საით მიჰყავს პროცესი ნაციონალურ მოძრაობას.
– საით?
– ხელისუფლების ბრალდებისკენ მიჰყავს, თორემ მანანა არჩვაძის თაობაზე ამ ტიპის ბრალდებები არც ბუნებრივია და არც მიზანშეწონილი. მანანა არჩვაძეც ზვიად გამსახურდიას სახელის შეურაცხყოფის გამოა გაღიზიანებული და ფაქტიურად ემთხვევა იმ ზუგდიდელების პოზიციას, ვინც შეიძლება არ მისცეს ხმა რუსლოვსს ზუსტად იგივე მიზეზით. თუმცა იმას კი არ ამბობებენ ჩვენ მოგვივიდა შეცდომაო.
თვითონ რულოვსი უფრო წინდახედული ქალია, 90-იან წლებში ასე ჩანდა მოვლენები, თორემ ახლა მიმაჩნია, გამსახურდიას იდეის გარშემო ყველა უნდა გავერთიანდეთო. აი, ასე დაიწყო სანდრამ თავისი ნათქვამის გამოსწორება, მაგრამ ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ თავადაც კარგად იცის, მისი პოზიციისთვის წამგებიანი იყო ის ადრინდელი გამონათქვამები. შესაბამისად, რა საჭიროა მანანა არჩვაძე-გამსახურდიაზე იარლიყის მიკერება, ხელისუფლების აგენტიაო. თუმცა ნაციონალები თვითკრიტიკული მიმართულებით არ მიდიან.
– რა მიმართულებით მიდიან?
– მიდიან იქითკენ, როდესაც გამოცხადდება შედეგები, ითქვას, რომ ეს იყო გაყალბების პროდუქტი. ნაციონალებმა რომ იცოდნენ, რომ მათი კანდიდატი იგებს, წინასწარი გამოკვლევებით, ბუზს არ ააფრენდნენ ზუგდიდში და ეცდებოდნენ, რომ არჩევნები ჩატარებულიყო პრობლემის გარეშე, რათა მოგებას მისცემოდა სანდო სახე.
– ხელისუფლება არ უყვართ სამეგრელოში, განსაკუთრებით ზუგდიდში და ამაზე რას იტყვით, მაინც მაღალია “ოცნების” შანსები?
– ხელისუფლება სად უყვართ, მანდ რომ უყვარდეთ?! მეგრელები კრიტიკულად რომ არიან განწყობილნი, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და ვერ იტყვი, რომ მეგრელების ბრალია მხოლოდ. მათ ბევრი პრობლემა ნახეს ცენტრალური ხელისუფლებისგან განვლილ პერიოდში.
– არც იმას გამორიცხავენ, რომ ზუგდიდში დაწყებულმა არეულობამ ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს. ამაზე რას იტყვით?
– ზუგდიდში შეიძლება სერიოზული არეულობა მოხდეს, მაგრამ მეეჭვება, გადამდები აღმოჩნდეს ეს არეულობა და ეპიდემიის სახე მიიღოს. თვითონ ზუგდიდელებს არ მიაჩნიათ ცალსახად რულოვსის გამოჩენა მათთვის დიდი სიკეთის მომტანად.
ჟურნალისტებმა მითხრეს, გამოკითხვა ჩავატარეთ და რულოვსი პირველ ადგილზე კი არა, არც მეორე ადგილზეაო. სერიოზული ორგანიზაციების კვლევებითაც რულოვსი ნამდვილად ვერ ლიდერობს. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნაციონალურმა მოძრაობამ შეარჩია ის სტრატეგია, რომ მოამწიფოს უნდობლობა არჩევნების მიმართ.
– ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, რომ თავს ესხმიან მის მომხრეებს, მის კანდიდატს, აქვთ ჩანაწერები.
– ეს ყველაფერი გადამოწმებას ითხოვს, რადგან ნაციონალური მოძრაობა არ არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ყველა სიტყვა დაეჯერება. გუშინ მეკამათა ამ თემაზე ერთი პიროვნება, რომ ნაციონალებმა 800 ათასი ხმა მიიღესო, ამ დროს კი მიტინგზე 800 კაცი ძლივს გამოიყვანეს. შეიძლება პარტია, რომელსაც 800 ათასი მხარდამჭერი ჰყავს, ვერ ახერხებდეს 800 კაცის მობილიზაციას?!
– თქვენ რითი ხსნით ამას?
– იმით, რომ ნაციონალებმა გააყალბეს არჩევნები!
– როგორ გააყალბეს? ხელისუფლებაში არ არიან და შესწევთ ამის ბერკეტი?
– რატომ არ შესწევთ? ამ უნიათობით, რომლის საუკეთესო მაგალითებს იძლევა “ქართული ოცნება”, იმ უნიათობით, რომლის შედეგადაც ნაციონალების მხარდამჭერთა დიდი რიცხვია შესული ამა თუ იმ სტრუქტურებში, მათ შორის საარჩევნო სტრუქტურებში. იმ სიჯიუტით, რითაც ნაციონალები იბრძვიან გამარჯვებისთვის, რაც მხოლოდ მისასალმებელია და იმ სიზარმაცით, რომელიც არჩევნებში ახასიათებს “ქართულ ოცნებას”.
ამ ფონზე გასაკვირი არ არის ის, რომ ოპოზიციამ, თუ მას თავისი ხალხი ჰყავს საარჩევნო ადმინისტრაციაში, მოახერხოს შედეგების გაყალბება თავის სასარგებლოდ. თუ არა და მაშინ სრულიად გაუგებარია, რატომ არ არიან მიტინგის დროს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ადამიანები ქუჩაში.
– რას ელოდებით?
– ყველაზე მეტი სკანდალი ალბათ ზუგდიდში იქნება, მაგრამ რეალურად ყველაზე რთული “ქართული ოცნებისთვის” იქნება მარნეული, რადგან მარნეულში უწევს დაპირისპირება საკმაოდ გამოცდილ, საარჩევნო ბრძოლებგამოვლილ კონკურენტთან. შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შესთავაზოს მთაწმინდამაც, როგორც “ოცნებას”, ისე ნაციონალებსაც. იმ მხრივ, რომ ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატია მთაწმინდაზე, საკმაოდ თვალშისაცემი ფიგურები და შეიძლება მოხდეს ელისაშვილის ფენომენის გამეორება მთაწმინდის რაიონის დონეზე.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ “ოცნება” უმრავლეს ადგილებზე მოიგებს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა