რომან გოცირიძე – “ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის ბრალია”

რომან გოცირიძე - "ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის ბრალია"ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, ლარი გაუფასურებას განაგრძობს, პრობლემები იზრდება. არც ეკონომიკის მინისტრის გაშვებამ გვიშველა და არც ახლის დანიშვნამ. რა ხდება, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ?
– მთავრობას არავითარი გეგმა არა აქვს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის. აგერ ისე გაანთავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი, რომ რაიმე ოფიციალური, ლოგიკური და გასაგები ახსნა არ მომისმენია მთავრობის მხრიდან. ისინი აცხადებდნენ. რომ მინისტრი აფერხებდა ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტას და ეს მძიმე ეკონომიკური ვითარება მას გადააბრალეს და მას შეახოცეს ხელი.
გადაბრალება ერთია და ფაქტი მეორე, რომ ამით აღიარეს ეკონომიკაში არსებული პრობლემები. მეორეს მხრივ. თავად ეკონომიკის მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ მასზე ხდებოდა არაფორმალური ზეწოლა. რომ სწორი გადაწყვეტილებები ეწირებოდა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.
– ანუ?
– ანუ მას ავალებდნენ ისეთ რამეს, რომელსაც აფერხებდა და რაღაცეებს არ უსრულებდა არაფორმალურ მმართველს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრის გათავისუფლება უნდოდათ, მათ სურდათ. თავისი სურვილით წასულიყო ლამაზად, საკუთარი განცხადების საფუძველზე. თუმცა მინისტრი მოიქცა წესიერად, არ მოატყუა საზოგადოება და თქვა, რომ ჩემი ნებით არ მივდივარ და თუ გინდათ გამანთავისუფლეთო.
ეს არის ერთადერთი მინისტრი, რომელიც გააგდეს. ჩვენ ვუთმობთ პარლამენტის ტრიბუნას ყოფილ ეკონომიკის მინისტრს, მას შეუძლია მოვიდეს პარლამენტში ჩვენი ფრაქციის გაფართოებული სხდომის ფორმატში და მას შეუძლია თქვას ის, რის თქმასაც აპირებდა კომიტეტის სხდომაზე. მას შეეძლება ისაუბროს მისი გადაყენების მიზეზებზე.
– არც მისი წასვლის შემდეგ გაუმჯობესებულა სიტუაცია.
– მიუხედავად იმისა, რომ 4,8% იყო მატება პირველ კვარტალში, ეს არ მოქმედებს არც სიღარიბის შემცირებაზე, არც პრობლემების გადაჭრაზე. ფაქტი ერთია, რომ უკვე მეშვიდე წელიწადი მიდის და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა, რომ რომელიმე წელიწადს ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო თუნდაც 5%-იანი.
ქვეყანა კვლავ განწირულია სიღარიბისთვის. ასევე ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ლარი ასე უფასურდება.
– რა ახდენს ლარზე ასეთ სერიოზულ ზეწოლას?
– ლარი გაუფასურდა მაისში, მაშინ როდესაც ლარს ახასიათებს საკმაოდ კარგი სეზონური გამყარება. წელს კი გაუფასურების ეს ტენდენცია დაიწყო ძალიან ადრე.
– რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
– ამაში პირდაპირ არის დამნაშავე საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც მუდამ ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს. როდესაც სხვადასხვა გარე ფაქტორების გამო ლარი იწყებს გამყარებას, მათ ჰგონიათ, რომ ეს არის უკვე ხანგრძლივი ტენდენცია და ის ხელს უშლის რეალური კურსის ჩამოყალიბებას. იწყებს ინტერვენციებს, დოლარების შესყიდვას რეზერვების გასაზრდელად, ჰგონია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება.
გარდა ამისა, ის ხელს უშლის ლარის გამყარების პროცესს და ლარის კურსის ნამდვილ ფორმირებას. ლარის კურსი არ არის მცურავი კურსი.
– აბა რა არის?
– ეს არის მართვადი კურსი, რომელიც დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე და ეროვნული ბანკის სურვილზე, გაზარდოს თუ არა უცხოური ვალუტის რეზერვები. მოკლე პერიოდში ეს სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ასუსტებს მას.
ლარიზაციის გეგმამაც არ გაამართლა, როდესაც მიზანმიმართულად ცდილობენ მიმოქცევიდან დოლარის განდევნას. ეს უნდა ხდებოდეს ბუნებრივად, ყველანაირი ზეწოლის გარეშე ვალუტაზე. ლარი არის მთავარი წყარო დედოლარიზაციის და არა – იძულებითი მარეგულირებელი ნორმების დაწესება ეროვნული ბანკის მხრიდან.
ახლა ლარიზაციის ამ პოლიტიკის ფარგლებში გაზარდეს კომერციული ბანკების მიერ მოზიდული, უცხოური ვალუტის სავალდებულო რეზერვები. თუ იყო 25%, ეხლა გახდა 30%. კომერციულ ბანკებს ახლა უწევთ რეზერვების შესავსებად დოლარების მობილიზება.
– ანუ ახალმა რეგულაციებმა არ გაამართლა?
– ყველა ეს რეგულაცია საქართველოს ნელ-ნელა ამსგავსებს ჩვეულებრივ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ისეთს, როგორიც არის ჩვენ მეზობლად. ყველაფრის დარეგულირებას უხეში ჩარევებით ცდილობენ და ამ დროს აფუჭებენ საქმეს. თუ ყველაფერს არეგულირებენ, მაშინ ლარის სტაბილურობაც დაარეგულიროს მთავრობამ. მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან როდესაც მეტია რეგულირება, ეკონომიკას აკლია მოქნილობა და ამ შემთხვევაში უფრო დიდია რისკები.
ასე რომ, პირდაპირ ეროვნული ბანკის ბრალია დღეს არსებული მდგომარეობა.
– ეს გავლენას არ მოახდენს ფასებზე?
– მოახდენს. ამან უკვე მოახდინა სერიოზული გავლენა საწვავის ფასზე, რომელიც 15 თეთრით გაიზარდა. ძირითადი მიზეზი, კი ბატონო, მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა არის, მაგრამ ამაზე სერიოზულად მუშაობს გაუფასურებული ლარი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა