სალომე სამადაშვილი – ”ზუგდიდში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ” 

სალომე სამადაშვილი - ”ზუგდიდში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ” ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– რა მოლოდინი გაქვთ, 2020 წლის არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება?
– ჩემი მოლოდინია, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს პროექტი უახლოეს მომავალში, შემდეგ არჩევნებზე, დასრულდება.
– არადა მას გათვლა 2030-მდე აქვს.
– მე არ ვიცი, რა გათვლა აქვს ბიძინა ივანიშვილს, ეს მისი საქმეა. მე ვიცი ხალხის განწყობები და თუ რა სჭირდება ქვეყანას. ქვეყანას ცვლილებები ჰაერივით ესაჭიროება. ხალხიც მზად არის ამ ცვლილებებისთვის.
არჩევნების მოგების მეორე დღიდან უნდა მოვემზადოთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას, ეს არის მთავარი. მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. მე ძალიან მაშფოთებს, რომ ჩვენ რეალურად ვდგავართ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინაშე. ქვეყანას სჭირდება ძალიან სწრაფი ანტიკრიზისული გეგმა ყველა მიმართულებით.
– კოალიციური მთავრობა რამდენად რეალურია?
– ეს მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ჩვენი, ამ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრის, მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს არჩევნები, რომელიც რეალურად ასახავს ხალხის ნებას და განწყობებს.
– პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდი 19 მაისს ერთ-ერთი ცხელი წერტილი იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
– მე გახლდით ზუგდიდში. გუშინ დავბრუნდი და განწყობები სრულიად ნათელია. სამგრელოში ძალიან რთული ვითარებაა. სამწუხაროდ, დიდი ხანია, რეგიონის განვითარება შეჩერებულია. ადამიანებს აღარ უნდათ ამ სტაგნაციისა და უკან სვლის გაგრძელება.
ჩვენს კანდიდატს, სანდრა რულოვსს, აშკარა უპირატესობა აქვს ზუგდიდში. ეს განწყობა არის ხალხში, ამომრჩევლებში, რაც სრულიად ღიად იგრძნობა. მე დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებაში. თუმცა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება მისთვის ჩვეული მეთოდებით აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას. ხელისუფლება ცდილობს ზეწოლით, მოსყიდვის გზით მისი კანდიდატის გაყვანას.
– ხელისუფლება გაყალბებას შეეცდება?
– არათუ შეეცდება, უკვე აყალბებს. ის აქტივობები, რასაც ვუყურებთ სამეგრელოში, ხალხის, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას არჩევნების მასობრივი გაყალბება. ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება. ჩვენ ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
– რაში გამოიხატება ეს ბრძოლა?
– იმაში, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მივცემთ და ჩვენ ჩვენს ხმებს დავიცავთ.
– მეორე ტური იქნება?
– მე არ მგონია, რომ მეორე ტური იყოს, მე ვფიქრობ, რომ პირველივე ტურში გადაწყდება ყველაფერი. ჩვენ გამარჯვების მოლოდინში ვართ. თუმცა, ადამიანები სამსახურიდან დათხოვნის, ზეწოლის, მუქარის ქვეშ არიან. სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ.
ვნახოთ, ჩვენ ველოდებით შედეგებს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა