“შარვალს როდესაც მხდიდნენ, ბოთლს მადებდნენ” – 16 წლის ბიჭი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს

"შარვალს როდესაც მხდიდნენ, ბოთლს მადებდნენ" - 16 წლის ბიჭი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს16 წლის თემურ ასლამაზიშვილი პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც არასრულწლოვანმა თავის უფლებადამცველებთან ერთად, ჟურნალისტებს განუცხადა, ოქტომბერში ის ქურდობის გამო დააკავეს, სამართლადამცავები კი, აღიარებითი ჩვენების და მოპარული ოქროს ნივთების შენახვის ადგილის დასახელებას თხოვდნენ.

მისივე თქმით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას გამოცემული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, სადაც წერია, რომ არასრულწლოვანს დაემუქრნენ, რომ დასვამდნენ ბოთლზე, გააუპატიურებდნენ, გადაიღებდნენ ვიდეოზე და გაავრცელებდნენ.

“გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო. შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხვა, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ. როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე. შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავი სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, აკაკი უგრეხელიძე, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტეხილ ხელში. როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო” – აღნიშნა დაზარალებულმა.