სპეცოპერაცია ახალქალაქში – დააკავეს კიმ კუნგოიანი

ცოტა ხნის წინ, ახალქალაქში, ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის ინფორმაციით, დააკავეს ოპოზიციის მხარდამჭერი კიმ კუნგოიანი.

როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს.

აშოტ რაისიანის განცხადებით დღეს დღის 2 საათზე ქალაქის ცენტრში, სპეცრაზმის 25-მდე წარმომადგენელმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დააკავა კუნგოიანი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მის სახლში დაიწყო ჩხრეკა.

დაკავებული კუნგოიანის სახლთან იმყოფებიან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, პოლიცია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობს.

აშოტ რაისიანი იხსენებს, რომ კუნგოიანი დაახლოებით ნახევარი წლის წინაც დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მას 24 საათი ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად, თუმცა მაშინ მისი გათავისუფლება მოხერხდა. რაისიანი კუნგოიანის შევიწროვებას დაკავებულის პოლიტიკურ სიმპატიებს და ოპოზიციის მხარდაჭერას უკავშირებს.

მოგვიანებით კიმ კუნგოიანის დაკავებას შსს გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ კუნგოიანი კრიმინალური ავტორიტეტია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ახალქალაქში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ახალქალაქში კ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.” – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019