სუსის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელი თბილისის იზოლატორში გადაიყვანეს – მათ ბრალს 21 მაისს წაუყენებენ

სუსის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელი თბილისის იზოლატორში გადაიყვანეს - მათ ბრალს 21 მაისს წაუყენებენსუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულ 8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალს ოფიციალურად 21 მაისს წაუყენებენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. დაკავებული სპორტსმენები თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.