თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისის კონცერტზე არ იმღერებს – “ძალიან დიდი პროტესტი მაქვს”

თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისის კონცერტზე არ იმღერებს - "ძალიან დიდი პროტესტი მაქვს"17 მაისს დაგეგმილკონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ. მომღერალი „პრაიმტაიმის“ მეშვეობით მის უწმინდესობას ილია მეორეს დანაპირების შეუსრულებლობისთვის ბოდიშს უხდის.

თამრიკო ჭოხონელიძე: – ვერ დავმალავ, რომ ჩემთან მოლაპარაკება სრულყოფილად არ შემდგარა. მე კონცერტში მონაწილეობას დავთანხმდი. ვაღიარებ გულწრფელად იმას, რომ როგორც კი ოჯახზე და მის სიწმინდეზე წავიდა ლაპარაკი (ოჯახების მონაწილეობით გვინდა კონცერტიო), მაშინვე თანხმობა მივეცი. ეს იყო 20-25 დღის წინათ. შესახსენებლად ხომ დამიკავშირდებით-მეთქი, ვკითხე. კი, ბატონო, აუცილებლად შეგახსენებთო. მაგრამ როდესაც ეს ბოლო ორი დღეა, 17 მაისთან დაკავშირებით ასეთი მძაფრი ლაპარაკი წავიდა, უარი ვთქვი კონცერტში მონაწილეობაზე. ეს დღე ჩემთვის პირდაპირი მინიშნებაა დაპირისპირებისა. მინდა ბოდიში მოვუხადო საპატრიარქოს. პირველად ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ დანაპირებს არ ვასრულებ. ბოდიშს ვიხდი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პირობა დავარღვიე. მაგრამ დავარღვიე იმის გამო, რომ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს, ზოგადად დაპირისპირების მიმართ. ქვეყანაში დაპირისპირებებით საშიში მდგომარეობა შეიქმნა. უნდათ დახატონ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. არ არის ასე. ზიზღის ენით უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. მეგონა, შენელდებოდა, მაგრამ არა, უფრო მეტად გამძაფრდა. აქედან გამომდინარე, დაპირისპირებების კიდევ ერთი გამძაფრება სწორად ნამდვილად არ მიმაჩნია. სოციალურ ქსელშიც ამტყდარა ერთი ამბავი (მე „ფეისბუქი“ არ მაქვს). კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა გვიან დავფიქრდი, რომ ეს ის 17 მაისია, რომელიც დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. ჩემი უარით ვაპროტესტებ დაპირისპირებას. ჩემთვის ყოველი დღე – 17 მაისიდან მეორე წლის 17-მდე წმინდაა. მე პატრიარქს ყოველთვის გვერდში ვუდგავარ, ჩემი ოჯახით. ამას მაინც ხედავს საზოგადოება.

– უწმინდესს პირადად მოუბოდიშებთ?

– აუცილებლად. მომეცით საშუალება, რომ უწმინდესს მოვუბოდიშო. ბევრი რამის თქმა მინდა უწმინდესისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა. მან ყოველთვის იცის, რა დროც არ უნდა იყოს და როგორც არ იყოს, მისი სახელით როდესაც მირეკავენ, მთელი ჩემი ოჯახით ფეხზე ვდგავარ. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იქნება, როდესაც მე ბოდიშს მოვუხდი უწმინდესს დანაპირების შეუსრულებლობისთვის.

პრაიმ ტაიმი

ნიკოლოზ რაჭველი – რატომ არ იმღერებს ნინო ქათამაძე 17 მაისის კონცერტზე – ”ინტერნეტ-ბულინგისთვის მზად არ ვარ”