თორნიკე შარაშენიძე – “ზუგდიდში ისტერიკა “ოცნებასაც” აწყობდა და ნაციონალებსაც”

თორნიკე შარაშენიძე - "ზუგდიდში ისტერიკა "ოცნებასაც" აწყობდა და ნაციონალებსაც"“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, გამოდის ინფორმაციები, რომ არჩევნების შემდეგ გული მიეცა “ოცნებას” და გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ვერ ითანხმებენ. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– არ ვიცი, ნამდვილად არა მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ, თუმცა აქ ერთი მძიმე თემაა გასათვალისწინებელი.
– რომელი თემა?
– თუ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, “ოცნებიდან” ძალიან ბევრი ახალ სიაში ვეღარ მოხვდება და იმათი დათანხმება ასე მარტივი არ იქნება. წელიწადნახევარი აქვთ დარჩენილი იმათ პარლამენტში და ასე მარტივად წელიწადნახევრის დათმობა არ იქნება.
– ანუ თავად გუნდის წევრები არ თანხმდებიან?
– რა თქმა უნდა. სიებზე ყოველთვის ერთი ამბავი აქვთ ხოლმე. ამ ღარიბ ქვეყანაში გასაყოფი ერთადერთი რამ არის, ეს არის პოლიტიკური ფული. ამიტომ ასე მარტივად წელიწადნახევარი დათმონ, გამორიცხულია. ამ წელიწადნახევარში დიდი ფულის გაკეთებაა შესაძლებელი. რამდენიმე დაჯგუფებაა შიგნით, ყველას თავისი სია აქვს, ყველა თავისკენ ექაჩება და ამიტომ არ მგონია, ასე მოკლე დროში მოესწროს, ამ ზაფხულს ვერ მოასწრებენ ადგილების გაყოფას.
– თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ მივალთ 2020-მდე?
– ალბათ კი, რადგან ვადამდელი არჩევნები თუ ჩატარდება, უნდა ჩატარდეს შემოდგომაზე და შემოდგომამდე დრო ძალიან ცოტაა.
– შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ისევ ორი ძალა ექიშპება ერთმანეთს. “ქართული ოცნება” მოსახლეობას ისევ ნაცმოძრაობით აშინებს. როგორც ჰაერი, ისეა საჭირო მესამე ძალა. ეს მესამე ძალა კი არ ჩანს.
– იდეაში თითქოს იყო მესამე ძალა შავგულიძის გამოჩენა და ევროპული დემოკრატების, მაგრამ ეს უფრო ეპიზოდურია, მათ გაუმართლათ, რომ ჰყავდათ ძლიერი კანდიდატი, თორემ ასე ჯერჯერობით “ევროპული საქართველო” არ არის ალტერნატიულ მესამე ძალად ჩამოყალიბებული. ამას კიდევ დრო ჭირდება. ამ დროის განმავლობაში თუ ისინი შემოიერთებენ რამდენიმე ძლიერ პოლიტიკოსს, ძლიერ სახეს, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყალიბდებიან მესამე ძალად, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერა. ჯერჯერობით ეპიზოდურია მათი წარმატება.
– ხელისუფლების წარმომადგენლები ბედნიერი სახეებით აცხადებენ, რომ მორჩა, დამთავრებულია ნაციონალური მოძრაობა.
– ეს განცხადებები 7 წელია, გვესმის და ყველაფერი გასაგებია.
– ნიკა მელიას ინციდენტი ხომ არ აძლევთ მათ ასეთი თამამი განცხადებების კეთების საბაბს?
– ნაცმოძრაობის შიგნით ბევრჯერ უჩხუბიათ და ჯერჯერობით შეუნარჩუნებიათ თავი. არა მგონია, ნიკა მელიას გამოსვლის გამო ნაცმოძრაობა დაიშალოს. მაგრამ “ოცნებას” რა უხარია, ესაა საკითხავი. “ოცნებას” პირიქით ის უნდა უხაროდეს, რომ ნაცმოძრაობა შეინარჩუნონ ოპოზიციად.
– თავადაც მისით არსებობს?
– რა თქმა უნდა! მე არ მგონია, რომ ასე მარტივად წამოვიდეს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობიდან.
– თქვენ რა დაგანახათ ამ არჩევნებმა?
– ის, რომ თუ ყალბდება არჩევნები, ყალბდება მანამდე და არა – არჩევნების დღეს. მანამდე ხდება ამ სიტუაციის მოგვარება, მოსყიდვაც, დაშინებაც და გადაბირებაც ხდება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. ასე რომ არჩევნების დღეს თუ დარღვევები არ იყო, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. იმიტომ, რომ ამის გამოვლენა არჩევნების დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
– კალაძემ განაცხადა უკვე, რომ ერთ ფაქტსაც ვერ დადებენ ამომრჩევლის მოსყიდვისას.
– იმიტომ, რომ მოსყიდვა იმ დღეს არ ხდება. არჩევნების დღეს ხდება უბრალოდ მობილიზება. ოპოზიციას კი სად აქვს იმის რესურსი, ერთი თვის განმავლობაში ირბინოს და აკვირდეს სიტუაციას დეტალურად. ამ ყველაფერს ფული ჭირდება, სხვა თუ არაფერი.
– გახარიამ იმუშავა კარგად, რომ თავიდან ავიცილეთ ყველანაირი ესკალაციაო, თქვენც ასე ფიქრობთ?
– ნუ დავუკარგავთ გახარიას შრომას, ალბათ ასე იყო. თუმცა ესკალაციის განზრახვა და არც ამის დიდი რესურსი ჰქონია ოპოზიციას, მოდით, ესეც ვაღიაროთ.
– ფონი ისეთი იყო შექმნილი, რომ მეორედ მოსვლას ელოდნენ ზუგდიდში.
– ეს ყოველთვის ეგრე ცხადდება, რომ არიქა იქცევა ქვეყანა, ვაიმე ნაციონალები გადატრიალებას აპირებენ… გასაგებია, ჩვეულებრივი ისტერიკის ატეხვაა და, სხვათა შორის, ორმხრივი.
– თავადვე შეუწყვეს ხელი ნაციონალებმა ამ ისტერიკის აგორებას?
– დიახ, მათ აწყობთ. სულ არაფერს ურჩევნიათ, მეორე ძალად დაფიქსირდნენ, ამიტომაც არის ეს ყველფერი.
– ამ ყველაფრის შემდეგ პოლიტიკურად რამდენად ცხელი ზაფხული გველის?
– არ იქნება ცხელი ზაფხული. მე მგონი, დაისვენებენ. დასვენების ზაფხული უფრო იქნება. მთაწმინდაზე მეორე ტურია ჩასატარებელი, თუ იქნება სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა, შავგულიძე მოიგებს. გააჩნია, რამდენად გაიგიჟებს თავს და რამდენად შეძლებს გაყალბებას “ოცნება”. სრული მობილიზება ხდება ადმინისტრაციული რესურსის. ისეთი დაშინება მიდის, რომ რა გითხრათ. ამ ადამიანების უკან კიდევ ოჯახები დგას, იძულებულია ყველა, ხელისუფლებას მისცეს ხმა, თუ არა და დაკარგავენ სამსახურს. მორჩა, ამითი ყველაფერი ნათქვამია.
– სახელისუფლებო ცვლილებები თუ იქნება?
– ეს არაფერს ნიშნავს რეალურად. ჩვენ ისედაც ვხედავთ, რომ ბახტაძე ძალიან სუსტია. მთავარ ფიგურას გახარია წარმოადგენს. ამიტომ ბახტაძეს მოხსნიან თუ არ მოხსნიან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე.
– პარადი მაინც გახარიას მიყავს მთავრობაში?
– კი, რა თქმა უნდა. ეს ისედაც ჩანს ყველანაირად. ივანიშვილს ყველაფერი ისე აქვს დალაგებული, როგორც ჭირდებოდა. რატომ აიტკივებს თავს და ზაფხულში რატომ აურევს სიტუაციას?
საკმაოდ მშვიდი ზაფხული გველოდება, ქართული სტანდარტებით “მშვიდი”. ჩემი აზრით, არაფერიც არ მოხდება.
2020-ს რაც შეეხება, ამაზე შემოდგომიდან ვიფიქროთ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა