წალენჯიხაში ხრამში გადავარდა სატვირთო, რომელსაც პოლიცია მისდევდა – მძღოლმა ხასაიამ გადახტომა მოასწრო

წალენჯიხაში ხრამში გადავარდა სატვირთო, რომელსაც პოლიცია მისდევდა - მძღოლმა ხასაიამ გადახტომა მოასწროწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. სატვირთო მანქანას 30 წლის ადგილობრივი ელგუჯა ხასაია მართავდა. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ელგუჯა ხასაიას, სავარაუდოდ, სამართალდამცავები დაედევნენ, როდესაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ხრამში გადავარდა, თავად კი გადახტომა მოასწრო.

“ჩემი ძმა ტყეში იყო წასული მორების შესაგროვებლად, როდესაც, როგორც ჩვენ ვიცით, ხუთი პოლიციელი დადგა თავს. ემოციურ ფონზე წამოიყვანა მანქანა და გზაში ეს ამბავი მოხდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხრამში გადავარდა. თვითონ მოასწრო გადახტომა. სახლში უნდა წამოსულიყო, მაგრამ არ მოსულა, პოლიციაში გვეუბნებიან არ დაგვიკავებიაო”,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს” ელგუჯა ხასაიას ძმამ ნუკრი ხასაიამ.

ხასაიას ახლობლები ამჟამად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება მომხდარზე 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. უწყებაში ცნობით, მძღოლის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს, 1989 წელს დაბადებული ე.ხ. სატვირთო ავტომობილს მართავდა, რომელიც დატვირთული იყო მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხის მორებით. სამართალდამცველებმა შეაჩერეს აღნიშნული ავტომობილი და გამოიძახეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები, რა დროსაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ხ.-მ დააგორა მორით დატვირთული ავტომანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან“, – აცხადებენ უწყებაში.

იპნ