წულუკიანი – ”მერაბიშვილი ციხიდან მაქსიმალურად ჯანმრთელი უნდა გავიდეს”

წულუკიანი - ”მერაბიშვილი ციხიდან მაქსიმალურად ჯანმრთელი უნდა გავიდეს”„ვანო მერაბიშვილი ჩვენი სისტემიდან მაქსიმალურად ჯანმრთელი უნდა გავიდეს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ასე იყოს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე განაცხადა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პატიმარს არ ეკუთვნოდა გათავისუფლება. პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ რეაბილიტაცია პატიმარს გავლილი აქვს თუ არა. ამგვარი განხილვა მოხდა და ამ საბჭომ დაასკვნა, რომ როდესაც პატიმარი არ აღიარებს, რომ მრავალი დაზარალებული ჰყავს, ასეთი მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლება იყო ნაადრევი, თუმცა მას კიდევ აქვს მიმართვის უფლება“, – განმარტავს მინისტრი.

„ქრონიკასთან“ საუბარში თეა წულუკიანმა წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) დასკვნასთან დაკავშირებითაც ილაპარაკა. მისი თქმით, არ არსებობს დასკვნის ნაწილი, რომელსაც ის არ ეთანხმება.

წულუკიანი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დიდია ექიმების და ექთნებისრაოდენობა. მისი თქმით, ექიმების უმრავლესობა, რომლებიც ახლა მუშაობენ, უკვე საპენსიო ასაკში გადადიან და შესაბამისად საჭიროა მათი ჩანაცვლება. „ჩვენ უნდა გავხადოთ ეს პროფესია მიმზიდველი, მათ შორის ფინანსურად“, – განმარტავს მინისტრი.

წულუკიანი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პრობლემაზეც საუბრობს. „თუ კი პატიმრებზე ყურადღებას გამოხატავს ვინმე, ეს ყველაზე ხშირად არიან ან ქალთა დაწესებულების პატიმრები ან ბავშვები.ჩვენს ქვეყანაში 12 დაწესებულებაა, სადაც სრულწლოვანი მამაკაცები იმყოფებიან და მინდა ვუთხრა სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაც, რომ მათზეც იფიქრონ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანმა პატიმრებს შორის იერარქიის პრობლემაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ეს არ გაჩენილა წინა მთავრობის დროს და ეს უფრო საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული პრობლემაა. მისი თქმით, ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი ინფრასტრუქტურაა, კერძოდ კი ორი ახალი ციხის მშენებლობა, რომელიც რუსთავში უნდა განხორციელდეს.

„რუსთაველებო ვიცი, რომ გაწუხებთ ეს პრობლემა. ამ ორი ციხის მშენებლობას ევროპული კომიტეტი მიესალმა. გავითვალისწინებთ ყველა თხოვნას, კერძოდ იმას, რომ რაც შეიძლება შორს შეიწიოს ციხის პერიმეტრი თუმცა მშენებლობა ვერ იქნება ეჭვქვეშ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პატიმარზე ძალადობის პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა პატიმრებს შორის ძალადობა კიდევ რჩება გადასაწყვეტ საკითხად.

იმედინიუსი