ვახტანგ ძაბირაძე – “შალვა შავგულიძის მეორე ტური მთელი ოპოზიციისთვის ტესტი იქნება”

ვახტანგ ძაბირაძე - "შალვა შავგულიძის მეორე ტური მთელი ოპოზიციისთვის ტესტი იქნება"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” 19 მაისის არჩევნების შედეგებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, 19 მაისის არჩევნების შედეგებმა რა სურათი მოგვცა?
– სურათი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ეს არჩევნები ნამდვილად შეგვიძლია პოლიტიკურ ძალთა ერთგვარ დათვალიერებად მივიჩნოთ. ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო, რაც შეესაბამება ადგილობრივ არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებზე კი ამომრჩევლის აქტივობა უფრო მაღალი იქნება
მიუხედავად მიღებული შედეგებისა, ოპოზიცია თუ სწორად მოემზადება, მომავალ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მას რესურსი აქვს.
– რა რესურსია ეს?
– ეს არის ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე დღეს არ მივიდა, მაგრამ 2020 წლის არჩევნებზე აუცილებლად მივა. სწორედ ამ ამომრჩევლის მიმხრობაზე უნდა იმუშაოს ოპოზიციამ. საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა ყოველთვის 60%-ია, ამ ზღვარზეა. ამდენად, ოპოზიციას რესურსი აქვს, მაგრამ ეს რესურსი მოძრაობაში რომ მოიყვანოს, ბევრი ფიქრი და სწორი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
– მთაწმინდის არჩევნების განზოგადება რამდენად იძლევა სწორი დასკვნის საფუძველს? ამომრჩევლის განწყობა, ოპოზიციისა და ხელისუფლების თითქმის თანაბარი მონაცემები, ვგულისხმონ ოპოზიციის ჯამურ მაჩვენებელს.
– მთაწმინდის არჩევნების შედეგები იძლევა ყველაზე სწორ სურათს. მთაწმინდის ამომრჩეველი არის ყველაზე ინფორმირებული ამომრჩეველი. ამასთანავე, ამ ამომრჩეველმა ისიც მშვენივრად იცის, რომ ერთი კაცის შეცვლით ზოგადი სურათი არ იცვლება, ქვეყანაში პოლიტიკა ვერ იცვლება. ამიტომ, აუტკივარი თავი არ აიტკია და არჩევნებზე არ მივიდა.
– რა შანსები აქვს მეორე ტურში შალვა შავგულიძეს?
– აი, მეორე ტური იქნება ძალიან ბევრის მთქმელი და ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ მოახერხა სრული მობილიზება და დადო ის შედეგი, რაც დადო. მეორე ტურში თუ გაჩნდება სპორტული ინტერესი და ამომრჩეველი არჩევნებზე მივა, ძალიან საინტერესო იქნება, თუ რა შედეგი დაიდება. ზოგადად, მთაწმინდის ამომრჩეველმა აჩვენა, რომ თბილისის ამომრჩეველი ხელისუფლებისადმი მთლად კეთილგანწყობილი არ არის. დანარჩენი დამოკიდებულია ოპოზიციაზე და ხელისუფლებაზე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი. რესურსი აქვს ერთსაც და მეორესაც.
მეორე ტურის შემდეგ შეიძლება უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთება. შეძლებს კი ხელისუფლება, დამატებით მიიყვანოს ამომრჩეველი?
ან, ის ამომრჩეველი, რომელიც მხარს უჭერდა არა შალვა შავგულიძეს, არამედ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს, მეორე ტურზე მივა?! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები.
– შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ისინი ალეკო ელისაშვილს და “გირჩს” მოელაპარაკებიან, რომ მეორე ტურში მათი ხმები შავგულიძემ მიიღოს. რამდენად მოხდება ასეთი შეთანხმება?
– დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე მთლიანად ოპოზიციური ხმები უფრო მეტია, ვიდრე სახელისუფლო კანდიდატის ხმები. მეორე ტური იქნება გარკვეული ტესტი ოპოზიციისთვისაც.
შალვა შავგულიძე არ იყო არც ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული და არც “ევროპულ საქართველოსთან”. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბლოკის ფორმატი მუშაობდა, ის უფრო დამოუკიდებელ კანდიდატად იყო აღქმული. ამომრჩეველმა არჩევანი მაინც შალვა შავგულიძის პერსონიდან გამომდინარე გააკეთა და არა – პარტიული ნიშნით.
მე პარტიულ აქტივს არ გამოვრიცხავ, მაგრამ სხვა დასკვნა მინდა გავაკეთო – ზოგადად ოპოზიციას ხელისუფლებასთან ნორმალური პაექრობის გამართვა შეუძლია 2020 წლისთვის.
2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციას მაჟორიტარებთან დაკავშირებით სერიოზული შეთანხმება მართებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ ამას ვერ შეძლებენ, ეს ოპოზიციისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.
ამიტომაც ვამბობ, რომ მთაწმინდის არჩევნების მეორე ტური ამის ტესტიც იქნება, შეძლებენ კი ისინი შავგულიძის სასარგებლოდ შეთანხმებას? ვნახოთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა