ადვოკატი დოხტურიშვილი – ”ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს”

ადვოკატი დოხტურიშვილი - ”ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს”სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს მისი შვილი დაიკითხა.

როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ ჟუნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საქმის მწარმოებელი გამომძიებლებიც დაიკითხნენ.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარმომავლობის, ავთენტურობის, შინაარსის, სისწორის შესახებ.

ასევე დაიკითხა ბრალდებულის მეზობელი, რომელიც ერთ-ერთი შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, ასევე დაიკითხა გარდაცვლილის და, რომელიც მოცემულ საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოწმე არ ცხოვრობდა ამ ოჯახში, სასამართლოს მიაწოდა თავისი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს პიროვნება არ ცხოვრობდა ოჯახში, მას ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

აღნიშნული მოწმე ზოგადად დაიკითხა, გარდაცვლილის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციებთან დაკავშირებით. თუნდაც, იმ ფაქტებზე, თუ რა უძღოდა წინ, ამ ბავშვის გაშვილებას და შემდეგში საცხოვრებელ პირობებს.

გარკვეულ გარემოებას, რასაც გამოძიება მიუთითებს არამარტო კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, არამედ ზოგადად, საქმესთან დაკავშირებით, ეს მოწმეც ადასტურებს. სწორედ ამიტომ იქნა ის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოძახებული“, – განაცხადა ჟორჟოლაძემ.

ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას შვილისთვის არც ერთი დაზიანება არ მიუყენებია.

ამის შესახებ, ჟურნალისტებს სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის ადვოკატმა, თამარ დოხტურიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დადგენილი არ არის, თუ რა ვითარებაში მიიღო 4 წლის ბავშვმა ტვინის შეშუპება.

“ბავშვის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის შეშუპებაა, მაგრამ ბავშვმა რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება, არ იკვეთება. ამაზე არც კომპლექსური ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მას შვილისთვის არც ერთი დაზიანება არ მიუყენებია. ის ძალიან განიცდის და სულიერად მძიმე მდგომარეობაშია. პრესასთანაც უჭირს ურთიერთობა”, – განაცხადა დოხტურიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმემ, რომელიც ლელა ქსოვრელის შვილია, სასამართლოში განაცხადა, რომ ქსოვრელი ყურადღებიანი დედა იყო.

“დღეს დაიკითხა გარდაცვლილი ბავშვის და, ანუ ლელა ქსოვრელის შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დედა იყო ძალიან თბილი, ძალიან ყურადღებიანი ყველა შვილის მიმართ და ყოველთვის მოწესრიგებული ჰყავდა ყველა ბავშვი. ქსოვრელს შვილთან კონფლიქტი რომ ჰქონოდა, ეს მოწმეს არ დაუფიქსირებია.

დღეს დაკითხული პირი 4 წლამდე სხვაგან იზრდებოდა, ხოლო აგვისტოდან იანვრის ჩათვლით, ლელასთან”, – განაცხადა დოხტურიშვილმა.

ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლელა ქსოვრელმა თავის არასრულწლოვან შვილს ნინო ზალინაშვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ბავშვი გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს, ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარეგინდა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ.

იპნ