მესტიის სოფელ ბეჩოში 7 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, მდინარეში გადავარდა. მაშველებმა ცხედრები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
გარდაცვლილები არიან 23 წლის ვაჟიკო ჟორჟოლიანი და 24 წლის ამო გვიდანი. ორივე მათგანი მულახის თემში, სოფელ არცხელში ცხოვრობდა. ვაჯიკოს ორსული მეუღლე დარჩა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები ბეჩოში ამო გვიდანის საცოლის სანახავად იყვნენ წასულები.
AMBEBI.GE გარდაცვლილების მეგობარს ესაუბრა:
“ძალიან მოსიყვარულე, კეთილი, მორიდებული, მეგობრული ადამიანები იყვნენ… სულ იღიმოდნენ მაგრამ, მათ თვალებში რაღაც განსაკუთრებული სევდა იგრძნობოდა. გამორჩეული ოჯახის შვილები იყვნენ. ყველასაგან გამორჩეული პიროვნებები როგორც საქციელებით, ისევე ვიზუალურად. მთაში მეგობრებთან ერთად გართობა უყვარდათ. ფაქტობრივად, მათ მთელი სვანეთი იცნობდა. ის, რაც ახლა სვანეთში ხდება, ვერ ავღწერ. ყველა ტირის ქალი, კაცი… ტრაგედია ტრიალებს. ვაჟიკო ერთი წლის წინ დაოჯახდა. ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი ჰქონდა. ორსული მეუღლე დარჩა. ახლა უწევს მშობიარობა, თბილისშია ამის გამო წასული. ეს საშინელი ამბავი იქ გაიგო.
ვაჟიკო ჟორჟოლიანი მეუღლესთან ერთად ტრაგედიის დღეს, ამოს საცოლის სანახავდ იყვნენ ბეჩოში წასულები. მალე დაოჯახებას აპირებდა. როდესაც იქიდან ბრუნდებოდნენ, კლდეზე გამავალ ბილიკზე, უკუნით ღამეში ძლიერი წვიმის და დაბალი ხილვადობის გამო მძღოლმა მოსახვევი ვერ დაინახა და პირდაპირ მდინარეში გადავარდა.
იმ ღამიდან მოყოლებული მშობლებმა მათი ძებნა დაიწყეს, რადგან ტელეფონზე უკვე ვეღარ უკავშირდებოდნენ. მეორე დღეს, შუადღისკენ გაიგეს, რაც მოხდა. ის, რომ ბიჭები მდინარეში გადაიჩეხნენ, პირველებმა ბეჩოში მაცხოვრებლებმა შეიტყვეს. მანქანის სანომრე ნიშანი გადავარდნის ადგილას ეგდო და სწორედ ამით მიხვდენენ.
როდესაც მაშველებმა ცხედრები წყლიდან ამოიყვანეს, იქ ბიჭების ძმები იყვნენ მისული. საშინელება ტრიალებდა…. მათ დედებს ძლივს ასულიერებენ… მთელი სვანეთი გლოვობს. ამ ბავშვებს მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, თითქოს რაღაცის შიში ჰქონდათ.”
ამბები