დიმიტრი ბიძინაშვილი – “ოცნების” წევრებს რამდენიმე ცოლის მოყვანის უფლება უნდა მიეცეთ”

რატომ ეყრდნობა “ოცნება” ძველ ბიჭებს, რატომ უნდა მიეცეს ჩინოსნებს რამდენიმე ცოლის მოყვანის უფლება, მობეზრდა თუ არა კალაძეს თბილისის მერობა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– “ოცნება” უკვე აღარ ერიდება იმის აღიარებას. რომ ძველი ბიჭები მათ არჩევნებზე ეხმარებიან. ამით აღშფოთებულ ოპოზიციას თბილისის საკრებულოს წევრმა, რევაზ სოხაძემ იქეთ წაუყენა პრეტენზიები – ძველი ბიჭების მიმართ კომპლექსები რატომ გაქვთო. ხელისუფლება სულ გავიდა მომსახურების ზონიდან თუ რაიმე ახალ ფენომენთან გვაქვს საქმე?
– სერიოზული მოლოდინი მაქვს იმის, რომ თბილისის საკრებულოში მალე სკამებს აიღებენ და სხდომებს ჩაცუცქულ მდგომარეობაში გაიმართავენ.
წესით, ჩვენც აღარ უნდა გვიკვირდეს მათგან ასეთი განცხადებები. ეს ხალხი მიჩვეულია მოძველბიჭო ელემენტებთან თანამშრომლობას და თავადაც ასეთები არიან. მათ საუბარს თუ მოუსმენთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით. ერთი წელში მოხრა აკლიათ, თორემ ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები არიან. ამის დამალვას არც ცდილობენ.
ასე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი სანთლით ეძებდა ამ ძველ ბიჭებს და ვისაც რაიმე გავლება ჰქონდა ქუჩაში, ყველა სკამზე დასვა. ახლა ამ ხალხს არჩევნებში იყენებს. ყველაფერს აკეთებს, რომ სკამი შეინარჩუნოს.
– ჟარგონისთვის ბოდიში, მაგრამ ძველი ბიჭების პოლიტიკაში ჩართვა მოსულა?
– საარჩევნო პროცესებში ჩარევა არც ძველ ბიჭობაში ჯდება და არც ქურდულ მენტალიტეტში. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი ძველი ბიჭებზე მეტად სუსის აგენტ-პროვოკატორები არიან.
ისინი შსს-ს და სუსის დავალებებით მოქმედებენ და მათი მითითებითვე ახდენენ ზეწოლას ამომრჩეველზე. ნამდვილი ძველი ბიჭები არც პოლიციელების გვერდით დადგებიან, როგორც ეს დღევანდელ არჩევნებზე ხდება.
ახლა ამ ძველ ბიჭებს და სინამდვილეში სუსის ნომრიან აგენტებს დავალებული აქვთ მთაწმინდაზე სპეცოპერაციის ჩატარება. სპეცოპერაციის მიზანი ლადო კახაძის პარლამენტში გაყვანაა.
ამ ადამიანთან დაკავშირებითაც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. ის 2016 წელსაც იყრიდა კენჭს მთაწმინდაზე, მაგრამ მან მაშინ მხოლოდ 600 ხმა აიღო. გამარჯვების შანსი არც ახლა აქვს, მაგრამ მის გასაყვანად მთელი “ოცნება”, მათ შორის ძველი ბიჭებიც დაირაზმნენ.
– ეტყობა, “ოცნებისთვის” აუცილებელია კახაძის პარლამენტში მოხვედრა. ირაკლი კობახიძემ თქვა, შავგულიძის ნაირი დეპუტატები მრავლად არიან, კახაძე კი პარლამენტს გაამრავალფეროვნებსო. რაში სჭირდებათ საკანონმდებლო ორგანოში გინეკოლოგი?
– გინეკოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემი დარგია, მაგრამ პარლამენტში გინეკოლოგებმა რა უნდა აკეთონ, არ ვიცი. ასე თუ ჭირდებათ გინეკოლოგი, “ოცნების” წევრებმა საავადმყოფოებში მიაკითხონ, საკანონმდებლო ორგანის ნუ გადააქცევენ გინეკოლოგის კაბინეტად.
როგორც უკვე გითხარით, 2016 წლის არჩევნებზე კახაძემ მხოლოდ 600 ხმა აიღო, და ახლა ის თუ მოხვდა პარლამენტში, პირდაპირ ივანიშვილთან იქნება ვალდებული. მისი სახით მივიღებთ კიდევ ერთ მორჩილ დეპუტატს.
მართალია, მის გასაყვანად მთელი ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, მაგრამ თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, ვერც ეს რესურსი და ვერც ძველი ბიჭები ვერაფერს გახდებიან. ეგენი კი არა, ივანიშვილმა სულ უბან-უბან რომ ჩამოიაროს, ვერც ეგ შეცვლის რამეს.
– ამომრჩევლის აქტიურობაზე დიდ იმედებს ამყარებთ და ეს აქტიურობა რას შეცვლის?
– ყველას ვერ მოისყიდიან და ვერ დააშინებენ. ქართველი კაცი ასეთი იოლი დასაშინებელი არ არის.
– ზემოთ იხუმრეთ, მალე საკრებულოს სხდომებს თბილისში ჩაცუცქულ მდგომარეობაში ჩაატარებენო და ასე ძველი “სასტავი” ჰყავს “ოცნებას”?
– ხუმრობით არ მითქვამს, ნახევრადხუმრობა იყო. კამერების მიღმა მათ საუბარს რომ მოუსმინოთ, ჩვეულებრივი ძველი ბიჭებივით ლაპარაკობენ.
საკრებულოში ისინი საქმის საკეთებლად არ შესულან. მათი მიზანი არც თბილისელებზე ზრუნვაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ზევიდან დაავალებენ.
მათი ძირითადი დავალება ასეთია, რომ თბილისის მერიიდან შემოსულ ყველა კანონპროექტზე უნდა აწიონ ხელი ანუ მხარი უნდა დაუჭირონ. ყველაფერს რომ მხარი უნდა დაუჭირონ, ისე გაითავისეს, რომ რამდენჯერმე ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
რამდენჯერმე საკრებულოში მერიიდან შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც საკრებულოს უნდა ჩაეგდო, მაგრამ ხელის აწევას იმდენად იყო მიჩვეული “ოცნების” შემადგენლობა, რომ ჩასაგდებ კანონსაც კი მხარი დაუჭირა.
– ამას სერიოზულად ამბობთ?
– სერიოზულად ვამბობ, თან ასეთი რამე ერთხელ კი არ მოხდა.
– მერე როგორ გამოსწორდა სიტუაცია?
– საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე მოუწია განმარტების გაკეთება. მან დეპუტატებს ღია ტექსტით მიმართა, ჩვენ დღეს ხმა არ უნდა მივცეთ ამ კანონპროექტს. ამ სიტყვების წარმოთქმა რამდენჯერმე უწევდა. შთააგონებდა თავისიანებს, ყველაფერზე კი ვაძლევთ ხმას, მაგრამ ამ ერთხელ უნდა მივცეთ წინააღმდეგო.
ერთ კანონპროექტზე რამდენჯერმე დასჭირდათ კენჭისყრის ჩატარება, რომ ჩაეგდოთ. ახლა წარმოიდგინეთ, რა დონის ხალხი ზის საკრებულოში, რომლებიც მერე იმის თქმას კადრულობენ, რომ ოპოზიციას ეშინია კაი ბიჭების.
– ამ ინტერვიუს ჩაწერამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ გაჩერდა მეტრო და კიდევ ერთხელ დაიტბორა ჟვანიას მოედანი. რით ვერ მიხედა კალაძემ მეტროს?
– კალაძე კიდევ ცალკე მოვლენაა. ეგ კაცი ჩვეულებრივი პოპულისტია. დაუწერენ რაღაც ტექსტს, დაჯდება და იმას კითხულობს. ამ დაწერილი ტექსტის იქეთ კომენტარსაც აღარ აკეთებს. მას ხუმრობებსაც კი უწერენ. ეგ როცა ხუმრობს, იცოდეთ, რომ წინასწარ არის დაწერილი.
რაც შეეხება მეტროს, შევარდნაძის მმართველობის დროს პატარა ვიყავი და მაშინაც კი არ მახსოვს, რომ მეტროში ასეთი შეფერხებები ყოფილიყო.
თბილისის მერი ყველა მთავრობის სხდომას ტაქსებზე საუბრით იწყებს. ტაქსებს რომ მორჩება, მეტროზე გადადის და ამაყად აცხადებს, მეტროში ისეთი სიტუაციაა, როგორიც არცერთი მერის დროს არ ყოფილაო.
– ამას სიმართლეს ამბობს, ასეთი კატასტროფული ვითარება არცერთი მერის დროს არ ყოფილა.
– ასეთი კატასტროფა მართლა არასდროს ყოფილა. დღე ისე არ გავა, რომ მეტრო არ გაჩერდეს. ხან მატარებელი ფუჭდება, ხან დაკვამლიანებაა, ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. კაბელები იწვის, ხანძარი ჩნდება, ჭერი ვარდება. ამ ყველაფრის მერე კალაძე კიდევ გამოდის და უტიფრად გვეუბნება, რომ მეტროში ყველაგერი კარგად არის.
მესმის, რომ ეს ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ ძალიან მკაცრებიც ნუ ვიქნებით თბილისის მერის შეფასებაში. ამ კაცს არ შეუძლია საქმის კეთება. ის მენეჯერი არ არის. მას მერობა უკვე მობეზრებული აქვს.
მაგის საქმეა დასვი და პიარი გააკეთებინე. 60.000 დახარჯა თავისი ფეისბუქგეერდის რეკლამაზე, საიდანაც სელფის ჯოხით გველაპარაკება.
არ შეუძლია ამ კაცს საქმის კეთება და დაანებონ თავი. ერთი პროექტი მაინც დამისახელეთ, რომელიც ამ ადამიანმა დაამთავრა.
– ორბელიანის მოედანი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ამ მოედნის რეაბილიტაციის გამო, სალომე ზურაბიშვილმა ის თბილისის დიდ მერებს შორის შეიყვანა.
– ჯერ სალომე ზურაბიშვილმა მერები ჩამოთვალოს და მერე დაახარისხოს, ვინ დიდი იყო და ვინ პატარა.
რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, ეს პროექტი ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით გააფორმეს. ამის გამო რამდენიმე მილიონით იზარალა თბილისის ბიუჯეტმა. ამის შესახებ აუდიტის დასკვნაშიც წერია.
იქ პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში მერიას ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია რამდენიმე მილიონით ნაკლები დაუჯდებოდა.
სალომემ კი შეიყვანა კალაძე დიდი მერების სიაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ არის აღდგენილი. ექსპერტები იძახიან, რომ ეს არ იყო აღდგენა.
– რას ნიშნავს, ეს არ იყო აღდგენა?
– იმას, რომ ორბელიანის მოედანზე მდებარე ისტორიული ძეგლები არ აღუდგენიათ. ისინი უბრალოდ დაანგრიეს და თავიდან ააშენეს.
იმასაც შევხედოთ, რამდენი ხანი გაძლებს კალაძის აღდგენილი მოედანი. მე ვიცი, როგორ აკეთებენ ესენი საქმეებს და მაგიტომაც მაქვს კითხვები ორბელიანის მოედანთან.
მისი აღდგენა რამდენიმე მილიონით ძვირი რომ დაგვიჯდა, ამაზე აუდიტის სამსახური ლაპარაკობს.
საზეიმოდ გახსნა ბევრს არაფერს ნიშნავს. ხარისხზე მოგვიანებით ვისაუბროთ. რამდენიმე წლის წინ, ნარმანიამაც ზარ-ზეიმით გახსნა ზაჰესის ხიდი, ძალიან მალე ეს ხიდი ჩაინგრა.
– ქობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსმა თავისი ცოლისძმა დაასაქმა. როდესაც ამაზე ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, გადაირია და უყვირა, აბა შენ ცოლის ძმას ხომ არ დავასაქმებდიო. ჩემი აზრით, ეს ქოცური ჟანრის კლასიკა იყო, თქვენ რა შეფასებას მისცემთ?
– ამ კაცმა ნათლად გვაჩვენა “ქართული ოცნების” ნამდვილი სახე. ეს კაცი სხვებთან შედარებით ალალი აღმოჩნდა, ღიად თქვა, ჩემს ცოლისძმას დავასაქმებდი, სხვისას ხომ არაო.
სხვა ჩინოსნებსაც სულ თავისი ნათესავები ყავთ დასაქმებული. უბრალოდ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს.
– “ოცნების” წევრები განსაკუთრებით ცოლის ნათესავებს სწყალობენ და ძირითადად მათ ასაქმებენ.
– ეტყობა უნდათ რომ კარგი სიძეების სახელი ჰქონდეთ. ქობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსს ერთ რჩევას მივცემდი. საშუალება თუ აქვს, კარგი იქნება თუ კიდევ მეორე ცოლს მოიყვანს.
ისეთ ქალზე უნდა შეაჩეროს ყურადღება, რომელსაც რამდენიმე ძმა ეყოლება. ამით ძალიან მარტივად მოაგვარებს იმ საკადრო პრობლემებს, რომელიც მერიაში აქვს მას.
– საკადრო პრობლემები აქვს მაგ კაცს?
– კომენტარში თქვა, რომ კიდევ რამდენიმე ადგილია თავისუფალიო და სასწრაფოდ ახალი ცოლი უნდა მოიყვანოს.
და საერთოდ, “ოცნების” წევრებს რამდენიმე ცოლის მოყვანის უფლება უნდა მიეცეთ. ასე უფრო ბევრი ცოლეური ეყოლებათ და ბევრ ადამიანს დაასაქმებენ და ქვეყანაც აგუგუნდება.
– ცოლის ნათესავებს სხვებიც ასაქმებდნენ, მაგრამ ცოლისძმის დასაქმებას საფუძველი კახა კალაძემ ჩაუყარა. ის ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი იყო, როცა ცოლისძმა თბილისის მერიაში საქალაქო სამსახურის უფროსად გაამწესა.
– კალაძე ამ საკითხში ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა. გაუშვა ცოლისძმა საქალაქო სამსახურის უფროსად, ისიც შეუდგა საქმეს და მასზე დღემდე საქმეა აღძრული. სუსი დღემდე ამ საქმით აშანტაჟებს კალაძეს. თუ ისე არ მოიქცევა, როგორც საჭიროა, ამ საქმეს გადმოუღებენ და მასაც მოსთხოვენ პასუხს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019