გურამ ფალავანდიშვილი და მისი ვაჟი დაკითხვაზე დაიბარეს

გურამ ფალავანდიშვილი და მისი ვაჟი დაკითხვაზე დაიბარესალექსანდრე ფალავანდიშვილს და გურამ ფალავანდიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს. საქმე ეხება ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს და  „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

ვერის ბაღში, სადაც ხელმოწერების შეგროვება სახალხო ლეგიონში გასაწევრიანებლად ამ დრომდე მიმდინარეობს, ძალოვანი უწყების თანამშრომლები მივიდნენ. მათ მამა-შვილ ფალავანდიშვილების სახელმზე გამოწერილი 2 უწყება აქვთ.

ამ წუთებში, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები ადგილზე არ იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათ ტერიტორიაზე ელოდებიან, რათა გამოკითხვაზე გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა დაიწყო. სახალხო რაზმში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია, ამ წუთებში, ვერის ბაღში მიმდინარეობს.

ის პირები, ვინც დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად დღეს ვერის ბაღში მივიდნენ ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს. მათი მთავარი მიზანია, ბრძოლა გამოუცხადონ ყველას, ვინც იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს ან ლგბტ თემს წარმოადგენს.

რუსთავი 2