ირაკლი კანკიამ დედის, ნანა ბერიას, ბინა ააფეთქა – რა მოხდა ქუთაისში

ირაკლი კანკიამ დედის, ნანა ბერიას, ბინა ააფეთქა - რა მოხდა ქუთაისშიქუთაისში ავტომშენებლის გამზირის მცხოვრებლები გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმამ შეძრა. ჯერ ჩხუბის, შემდეგ კი აფეთქების ხმა მეზობლებმა იქ დილის 6-ის ნახევარზე გაიგეს. ბინებიდან გამოსულმა ადამიანებმა ნახეს, როგორ იწვოდა ცეცხლში მათი ხუთი მეზობელი. თვითმხილველების მტკიცებით, ცეცხლი ბინას, სავარაუდოდ, ქონებრივი დავის გამო მოუკიდეს.

აფეთქების წინ ხალხმა მოისმინა ბინის მეპატრონის, ნანა ბერიას და მისი შვილის ჩხუბი. შუახნის ქალი ყვიროდა, რომ გამთენიისას მასთან სახლში მისული 35 წლის ირაკლი კანკია ბენზინის 4 ბიდონით კორპუსის დაწვას ცდილობდა.

42 კვადრატული ფართის ბინა, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს, დიდი ხანის განმავლობაში დაკეტილი იყო. ბინის მფლობელი ნანა ბერია წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და ქუთაისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ბათუმიდან დედის ბინაში შვილი, ირაკლი კანკია, ღამით გაემგზავრა. ტაქსის მძღოლი, რომელმაც ის ბათუმიდან ქუთაისში ჩაიყვანა, ყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა გზად ბენზინი შეიძინა.

ბინა, რომელსაც დღეს ცეცხლი მოუკიდეს, ერთ-ერთი დაზარალებულის, ნანა ბერიას საკუთრებაა. ის იპოთეკით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელში“ იყო დატვირთული.

უცნობია, უკავშირდება თუ არა კონფლიქტი ქონებრივ დავას. ნანა ბერიას მდგომარეობა კრიტიკულია, მას სხეულის 75% აქვს დამწვარი და ჯერ პოლიცია მის დაკითხვას ვერ ახერხებს. მძიმეა მთავარი ბრალდებულის, 35 წლის ირაკლი კანკიას მდგომარეობაც, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა თბილისში გადმოიყვანეს.

ხანძრის და აფეთქების შედეგად სულ ქუთაისში 7 ადამიანი დაშავდა. აქედან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ხალხი ყვება, რომ თავის საშინელებათა ფილმში ეგონა, რადგან საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ იწვოდნენ ადამიანები, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, შველას ვერ ახერხებდნენ.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ბრალი ჯერ ერთადერთი ეჭვმიტანილისთვის, ირაკლი კანკიასთვის არ წაუყენებიათ. საქართველოში დაბრუნებამდე კანკია სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდიდა, ის ნასამართლევია.

რუსთავი 2