ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ – ”ეს დავით გარეჯში კერძო აქტივობა იყო, რაც საქმეს არ წაადგა”

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - ”ეს დავით გარეჯში კერძო აქტივობა იყო, რაც საქმეს არ წაადგა”საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლა და იქ გაკეთებული განცხადება საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით ერთი კერძო პირის მიერ განხორციელებული ქმედება იყო.

ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოქმედება კერძო ინიციატივა იყო, რომელიც არ წაადგა დავით გარეჯის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარია, დავით გარეჯის საკითხი ორ სახელმწიფოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში გადაწყდეს.

„კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინც და მაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისათვის საბაბი, მეორეა საფუძველი. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტულად მამუკა ბახტაძისთვის ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას განცხადების გაკეთებას აპირებდა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ყველა განცხადება და ნებისმიერი ნაბიჯი მთავრობასთან არის შეთანხმებული.