ლადო სადღობელაშვილი – “ამერიკელებმა ივანიშვილს წასვლა მოსთხოვეს, “ოცნებაში” ერთმანეთის ჭამა დაიწყო”

ლადო სადღობელაშვილი - "ამერიკელებმა ივანიშვილს წასვლა მოსთხოვეს, "ოცნებაში" ერთმანეთის ჭამა დაიწყო"რა მითითებები მიიღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში, რატომ ვერ აქტიურობს ღარიბაშვილი, რა ბედი ელის გახარიას და ბახტაძეს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ამერიკამ საქართველოს მიმართ თავისი ინტერესი კვლავ გამოავლინა. რაღაც დროის მანძილზე ვაშინგტონი თბილისის მიმართ არანაირ ყურადღებას აღარ იჩენდა. ამას დაამატეთ ისიც, რომ აგერ უკვე წელიწადნახევარია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ყავს. ამან ბუნებრივად გამოიწვია მოსკოვის გააქტიურება.
თეთრ სახლში კარგად დაინახეს, რომ საქართველოს მიმართ თუ ისევ არ გამოხატავდნენ ინტერესს, მათ ადგილს მოსკოვი დაიკავებდა და საქართველო რუსეთისკენ გადაიხრებოდა.
– ჯერ არ გადახრილა საქართველო რუსეთისკენ? ამ მიმართულებით რაღაც ბევრი საეჭვო რომ ხდება?
– მცდელობა არის, მაგრამ საბოლოოდ არ გადახრილა. ახლა ამერიკაც გააქტიურდა და არა მგონია, რომ მოსკოვის ხაზზე აღმოვჩნდეთ.
– აშშ-ის გააქტიურებაში რას გულისხმობთ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ჩავიდნენ ამერიკაში?
– არა მარტო მაგას. ხელისუფლების პირველმა პირებმა ამერიკაში სიარულს რომ მოუხშირეს, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. კარგა ხნის მანძილზე ვაშინგტონისკენ არც იხედებოდა “ოცნება”, არც იქედან ყოფილა მიწვევა.
– ახლა ყველა ერთბაშად მიიწვიეს, ჯერ გახარია, მერე იზორია და ახლა ბახტაძე.
– სამივე მათგანის ვიზიტს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. აშშ სერიოზულად გვეხმარებოდა და გვეხმარება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე ჩვენთან თავდაცვის მინისტრები აშშ-სთან შეთანხმებით ინიშნებიან. ამიტომ იზორიას ვაშინგტონში ჩასვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
აი, გახარია სულ სხვა თემაა. მან ერთ კვირაზე მეტი გაატარა შტატებში და მისი ვიზიტის თაობაზე არაფერია ცნობილი. უწყებას ერთი ფოტო და პატარა ნიუსიც კი არ გაუვრცელებია.
სამაგიეროდ, ფართოდ შუქდება მამუკა ბახტაძის ვიზიტი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ მასთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა, სადაც ნათლად ითქვა, რომ ვაშინგტონისთვის საქართველო სულ ერთი არ არის.
საქართველო მათთვის სულ ერთი რომ არ არის, ამიტომაც უთხრეს უარი გახარიას პრემიერობაზე, ხოლო ივანიშვილს წასვლა მოსთხოვეს. “ოცნების” ლიდერმა მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
– მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაში რას გულისხმობთ, ნაწილობრივ წავიდა?
– გახარია ვეღარ დანიშნა პრემიერად. აშშ-ის წინააღმდეგობა რომ არა, საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე აღარ იქნებოდა.
– მართალია პრემიერად არ დაინიშნა, მაგრამ ლამის მთელი ძალაუფლება შს მინისტრის ხელშია. ეს რას ნიშნავს?
– პირს, რომელსაც ამხელა ძალაუფლებას უგდებს ხელში, მხედველობაში მაქვს ძალოვნების კონტროლი და ის მთავრობის მეთაური არ ხდება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამას ვიღაც უშლის ხელს. ეს ვიღაც კი, თეთრი სახლია.
– თეთრი სახლი თუ ასეთი წინააღმდეგია, ძალოვნები რანაირად ჩააბარეს?
– თეთრი სახლის გარდა, საქართველოში კრემლის ინტერესებიც არსებობს. გახარიას მინისტრთა კაბინეტში ყოფნა კი მოსკოვის ინტერესებშია. მე გითხარით, რომ ივანიშვილს აშშ-მ წასვლა მოსთხოვა პოლიტიკიდან. მან ვაშინგტონთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთშიც ბევრი ბიზნესი აქვს, მთლად ამერიკისკენ გადახრა არ გამოუვა. ამიტომაც თამაშობს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
აშშ-ის გულის მოსაგებად გახარია პრემიერი არ გახდება, ხოლო კრემლის საამებლად, მას მთელი ძალაუფლება ექნება ხელში. თავდაცვის სამინისტროს გარდა, შს მინისტრი ყველა ძალოვან სტრუქტურას აკონტროლებს.
– თავდაცვის სამინისტროს რატომ ვერ აკონტროლებს?
– იმიტომ, რომ იზორია აშშ-ის კადრად ითვლება და ამ უწყებას გახარიას არ გააკარებენ.
ვიღაცები შს მინისტრის ფიგურას ძალიან მარტივად უყურებენ, არადა ის საკმაოდ სერიოზული მოთამაშეა. მას მოსკოვში პოლიტიკური განათლებაც აქვს მიღებული. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მისი პერსონა აშშ-მ დაიწუნა.
ყველა მის თვალის ჩაპაჭუნებაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამ კაცს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და აკეთებს კიდევაც. ამაში “ოცნების” ლიდერიც ეხმარება. მან ძალაუფლება ორ ადამიანს გადაუნაწილა. ძალოვნებზე პასუხს შს მინისტრი აგებს, ეკონომიკაზე – პრემიერი. რამდენიმე თვეში თანამდებობაზე შეიძლება არც ერთი მათგანი აღარ დარჩეს.
– რატომ აღარ დარჩებიან თანამდებობაზე?
– ხალხის გულის მოსაგებად ისინი თანამდებობებს დატოვებენ. ეს არჩევნების წინ მოხდება. მათ გამოიყვანენ განტევების ვაცებად. მანამდე კი გახარია ბოროტი კაცის როლს შეასრულებს. “ოცნების” ლიდერი მისი ხელით კიდევ ბევრ შავ საქმეს გააკეთებს. მერე კი გაუშვებს. გაუშვებს მამუკა ბახტაძესაც. მანამდე კი ეს ორნი ერთმანეთს დაჭამენ.
– მარტო ეს ორნი დაჭამენ ერთმანეთს? როგორც ამბობენ, მმართველ პარტიაში ძალიან დიდი დაპირისპირებაა.
– ამას დაპირისპირება აღარ ჰქვია. ეს ხალხი ერთმანეთის დაჭმაზე გადავიდა. ჩათვალეთ, რომ “ოცნებაში” აღარ არსებობენ გუნდები. ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზეა გადასული.
– გადასარჩენად აქვთ საქმე?
– სწორედ რომ გადარჩენაზეა ლაპარაკი. ივანიშვილმა მომავალი საპარლამენტო სიის დაწერა ორიგინალური მეთოდით გადაწყვიტა. ის ძველ სახეებს ერთმანეთს დააჭმევინებს და იმათ ჩაწერს სიაში, ვინც ამ ბრძოლაში გადარჩება. დანარჩენი ახალი სახეები იქნებიან.
ვერც კი წარმოიდგენთ, რა დაუნდობელი ბრძოლა გაიმართება “ოცნების” წევრებს შორის. ბევრი მათგანი საერთოდ გაქრება პოლიტიკიდან.
– ნუკრი ქანთარიამ თქვა, მომავალ პარლამენტში ჩემს თავს ვეღარ ვხედავო. უფრო ადრე ვოლსკიმ დააანონსა წასვლა. ამაზე რას ფიქრობთ, თავად გაუქრათ აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის სურვილი?
– ბარემ არ წავიდოდნენ, მაგრამ გასაგებად უთხრეს, რომ მომავალ პარლამენტში მათი ადგილი არ იქნება. ახლა სახის შენარჩუნებას ცდილობენ და ისე ხატავენ სურათს, თითქოს თავის ნებით მიდიან და გზას ახალგაზრდებს უთმობენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ასეთ განცხადებებს კიდევ ბევრი გააკეთებს.
– უკვე წასულები კი დაბრუნებას აპირებენ. დაბრუნდა ღარიბაშვილი. ამბობენ, რომ პარტიას ქმნის კვირიკაშვილი.
– კვირიკაშვილს ძალიან უნდა დაბრუნება. შექმნის პარტიას და ეცდება, რომ ივანიშვილის ორბიტაზე იტრიალოს. მასთან ერთად შეიძლება ბესელია, კვაჭანტირაძე და ფოფხაძე ვიხილოთ.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, მეგონა, რომ ის სერიოზულ ადგილს დაიკავებდა “ოცნებაში”, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეს ადამიანი ფაქტიურად აღარ ჩანს. შეიძლება საპარლამენტო სიაში ჩაწერონ, მაგრამ ძველ გავლენებს ის ვეღარ დაიბრუნებს. მანამდე მაინც, სანამ გახარიას ექნება გავლენები ივანიშვილის კარზე. შს მინისტრი მის მიმართ დადებითად არ არის განწყობილი.
ირაკლი ღარიბაშვილი არც “ოცნების” სხვა ლიდერებს უყვართ. ამ ადამიანებმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ის პრემიერობიდან გაეშვათ. არც პარტიაში მისი დაბრუნება გახარებიათ და შეეცდებიან, არც მომავალში მისცენ მას გასაქანი.
სულ ახლახან, ჩატარდა მთაწმინდაზე შუალედური არჩევნები, მაგრამ ღარიბაშვილი არსად გამოჩენილა. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ გვერდზეა გაწეული. სამაგიეროდ, წინ წამოიწია კახა კალაძის ფიგურამ.
ყველამ ვნახეთ მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებზე ძველი ბიჭების მობილიზება და მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ამ ყველაფრის ორგანიზატორი არის თბილისის მერი. ამით კახა კალაძემ ივანიშვილის თვალში ქულები დაიწერა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ოცნების” ლიდერი მას გაძლიერების უფლებას მისცემს.
– ზემოთ ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი ახსენეთ. ვიცით, რომ კვირიკაშვილს პარტიის შექმნა უნდა, შეიძლება თუ არა, რომ ის და ღარიბაშვილი ერთ გუნდში აღმოჩნდნენ?
– ეგ გამორიცხულია. კვირიკაშვილმა გაპრემიერების შემდეგ ღარიბაშვილის კადრები მაქსიმალურად შეავიწროვა. ისინი ერთმანეთთან კარგად არ არიან. ასე რომ, მათი თანამშრომლობა გამორიცხულია. ისინი ვერ ითანამშრომლებენ, მაგრამ ბევრი საინტერესო გაერთიანების მომსწრენი გავხდებით.
– რა გაერთიანებების?
– “ოცნების” ლიდერი რამდენიმე ახალ პარტიას შექმნის. მათ პარლამენტში გაიყვანს და შემდეგ მათთან ერთად კოალიციას შექმნის. ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ივანიშვილი მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში.
მე ადრეც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ მომდევნო არჩევნებში “ოცნებამ” შეიძლება პირველი ადგილი აღარ დაიკავოს. დღევანდელი მმართველი გუნდი მეორე ან მესამე ადგილზე გავა, მაგრამ სხვადასხვა პარტიებთან ერთად შექმნის უმრავლესობას. ამ პატარა პარტიებს “ოცნების” ლიდერი გაიყვანს პარლამენტში.
ის ასევე გააგრძელებს თამაშს მოსკოვსა და ამერიკას შორის და შეეცდება, რომ რომელიმე მხარე არ გადაიმტეროს.
– ამ თამაშ-თამაშში ერთხელაც შეიძლება ფეხი აუცდეს და მწარედ დაეცეს.
– არც ეგ არის გამორიცხული, თავადაც იცის, რომ რისკავს, მაგრამ ახლა თამაშის გარდა გამოსავალი არა აქვს. ჯერჯერობით ეს თამაში გამოსდის. თავიდან ის პოლიტიკაში ვერ ერკვეოდა და სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა. ახლა დაუმუღამა პოლიტიკას და აგერ უკვე რუსეთსა და ამერიკას ეთამაშება. როგორ დასრულდება ეს თამაში, ამას მომავალი გვაჩვენებს. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ის მესამე ვადითაც დარჩება ხელისუფლებაში.
– აქამდე არც ერთი ძალა არ დარჩენილა მესამე ვადით ხელისუფლებაში.
– იმდენი ფული, რამდენიც ივანიშვილს აქვს, არავის არ ჰქონია. აშკარაა, რომ ეს ადამიანი არსად წასვლას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მესამე წრეზეც წავიდეს.
– ეს სურვილი აშკარაა, მაგრამ ხომ შეიძლება ამით რევოლუცია მიიღოს?
– შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.
– რატომ არის წარმოუდგენელი?
– იმიტომ, რომ რევოლუციის მოწყობას დიდი ფული უნდა. საქართველოში კი ბიძინაზე დიდი ფული არავის არა აქვს. რევოლუცია ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ გარედან მოხდება მისი დაფინანსება.
– ხალხის უკმაყოფილება რევოლუციისთვის საკმარისი არ არის?
– მარტო ხალხის უკმაყოფილება არაფერს ნიშნავს. რევოლუციისთვის საჭიროა ფული. ფული კი “ოცნების” ლიდერს აქვს. ამიტომაც დარჩება ის მესამე ვადითაც ხელისუფლებაში.
და კიდევ ერთი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სანამ პოლიტიკაში ბიზნესმენები იქნებიან, აქ არაფერი შეიცვლება. პოლიტიკა ხომ ბინძურია, მაგრამ ქართულ ბიზნესთან შედარებით პოლიტიკა წმინდა ადგილია.
პოლიტიკოსებს ასე თუ ისე აინტერესებთ სახელი. ბიზნესმენებს კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რას იფიქრებს მათზე ხალხი. მთავარია, ფული იშოვონ. ამიტომ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, ეს ხალხი უნდა მოვაცილოთ პოლიტიკას.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა