ლია ელიავა – “ლარის ვარდნა მთლიანად ეროვნული ბანკის ბრალია”

ლია ელიავა - "ლარის ვარდნა მთლიანად ეროვნული ბანკის ბრალია"ბოლო პერიოდია აქტიურად ისმის კითხვა, რატომ უფასურდება ლარი? ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროცესს გარე ფაქტორებს უკავშირებენ, თურქული ლირის გაუფასურებას და ასე შემდეგ.
ასე არ ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა, რომელიც აღნიშნულ პროცესში მთლიანად ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს და “ახალ თაობასთან” იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც ლარის გაუფასურებას უწყობენ ხელს.
– ქალბატონო ლია, თურქული ლირის ბრალია ლარი რომ ამ დღეშიაო, გვესმის შეფასებები. რამდენად შეიძლება დავაბრალოთ მხოლოდ გარე ფაქტორებს ის, რაც ეროვნულ ვალუტას სჭირს?
– თურქული ლირა ლარის ვარდნის პროცესში ამჯერად არანაირ მონაწილეობას არ იღებს.
– მაშინ რა ხდება?
– თუ ეროვნულმა ბანკმა არ შეასრულა თავისი ფუნქციები, არ დაიცვა მუხლი, რომლის თანახმადაც ის ვალდებულია, უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა ქვეყანაში, მანამ არც ეკონომიკას და არც მოსახლეობას არაფერი ეშველება. ეროვნული ბანკი ამას არ აკეთებს.
– რატომ არ აკეთებს, რასთან გვაქვს საქმე?
– ჯერ გეტყვით იმას, თუ რა ინსტრუმენტები გააჩნია. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი, არის სავალუტო ინტერვენციები, რომლებიც აუცილებლად შეარბილებდა ლარის ვარდნას, ეროვნული ბანკი ამას არ აკეთებს.
– რატომ არ აკეთებს?
– არ აკეთებს იმიტომ, რომ მას სჭირდება უცხოური ვალუტა დასაბანდებლად საზღვარგარეთ, გაურკვეველი წარმოშობის აქტივებში. ეს არის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის არ იყენებს.
მეორე ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეუძლია, არის სავალუტო კონტროლი. სავალუტო კონტროლის პირობებში, სახელმწიფო არ ხდება გამავალ დერეფნად. სადაც ვალუტა ქარწაღებულივით ხან შემოდის, ხან გამოდის და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
– რაში გამოიხატება ეს სავალუტო კონტროლი?
– ვთქვათ, კომერციულმა ბანკმა მიიღო თავისი კლიენტისგან დავალება, რომ გადარიცხოს უცებ 10 მილიონი დოლარი საზღვარგარეთ. კომერციულ ბანკს ქრონიკულად არ აქვს ფული, რადგან ის ყოველთვის დაბანდებულია ხოლმე, ამიტომ ის იწყებს თანხის ძიებას სხვა კომერციულ ბანკებში. შესაბამისად, როდესაც იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, შესაბამისად, იგი მყარდება და ლარი უფასურდება. ეს არის მარტივი მექანიზმი ლარის გაუფასურების, რომლის აღკვეთაც შეუძლია ეროვნულ ბანკს.
– რა გზით?
– ვთქვათ, შეიმუშავოს დადგენილება რომლის მიხედვითაც, უცხოური ვალუტის გადარიცხვა შეიძლება დღეში, ვთქვათ, არაუმეტეს 500 ათასისა, ან 1 მილიონისა. დაყოს ეს გადარიცხვის პროცესი 1 კვირაზე, ან 10 დღეზე. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი, მაშინ კომერციული ბანკების სავალუტო აქტივობა არ იქნება ასეთი კატასტროფული ზემოქმედების, ანუ ლარი არ გაუფასურდება.
– კიდევ რა ბერკეტი გააჩნია ეროვნულ ბანკს?
– ეროვნულ ბანკს შეუძლია, გახადოს ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმა ღია იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა თვალი ადევნოს, თუ რომელი კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რა აქტივობას ახორციელებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ის კომერციული სტრუქტურა, რომელიც ზედმეტად აქტიურობს ბლუმბერგის სავალუტო ბირჟაზე, შესაძლებელია, იყოს სტიმულანტი, რომელიც ხელოვნურად ახდენს ლარის კურსის დევალვაციას.
– რა მიზნით?
– დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, უნდა ხედავდეს ამას ყველაფერს.
ყველაფრის თავი და თავი არის ეროვნული ბანკი და მისი უმოქმედობა. ვინც მთავრობას აბრალებს, რომ ის არის დამნაშავე, ეს არასწორია. ამ პროცესში ის არაფერ შუაშია. მთავრობას თავისი ცოდვები გააჩნია უზარმაზარი, მაგრამ რაც შეეხება ვალუტის ვარდნას, ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
ლარის ვარდნა ხდება პერიოდულად და საკმაოდ ინტენსიურად, ხოლო მისი გამყარება პრაქტიკულად არ ხდება. იგივე ტენდენცია შენარჩუნდება მომავალშიც, ლარი აუცილებლად განაგრძობს ვარდნას. მისი ვარდნა ზოგჯერ იქნება ძლიერი, ზოგჯერ ნაკლებად შესამჩნევი, ხოლო გამყარების ტენდენცია არის პრაქტიკულად გამორიცხული!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა