„2019 წლის 20 ივნისს, გამთენიისას, ღვთივ განისვენა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უხუცესმა მღვდელმთავარმა, ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი)
მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში,
1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ძირითადად სამშენებლო უბნებზე.
1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.
1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე (7 აპრილს) აკურთხეს დიაკვნად.
1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად.
20 ივლისს (2 აგვისტოს) აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში.
1983 წლის აპრილიდან იგი თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია.
12(25) სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1983 წლის 12(25) დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.
1989 წელს ეპისკოპოსი კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1992 წელს მიტროპოლიტის ხარისხში.
მეუფე კალისტრატეს ძალისხმევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 1990 წლის 21 სექტემბერს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, რომლის პირველი რექტორი იყო მეუფე კალისტრატე.
1995 წლის 8 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორისის ბრძანებით ქუთაისში გაიხსნა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, ხოლო 2001 წლის 16 ივლისიდან წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, 2002 წლის 3 ივნისიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ინსტიტუტთან გაიხსნა სამედიცინო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები, 2008 წლის სექტემბერში წყალტუბოში გაიხსნა სასულიერო გიმნაზია. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დასავლეთ საქართველოში, ახლანდელ ვანისა და ბაღდადის, ხონისა და სამტრედიის, ტყიბულისა და თერჯოლის, ლეჩხუმისა და სვანეთის ეპარქიებში, რომელნიც 1995 წლამდე ქუთაის-გაენათის ეპარქიაში შედიოდნენ, აღდგენილ იქნა 300-მდე ეკლესია-მონასტერი.
1986 წლის აპრილში, როდესაც უკრაინაში ჩერნობილის დიდი ტრაგედია მოხდა, იმ ძნელბედობის ჟამს მთელი მსოფლიოდან პირველი მოძღვარი მეუფე კალისტრატე უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩავიდა ჩერნობილში და ორი კვირის მანძილზე ლოცვითა და ქადაგებებით ანუგეშებდა მრევლს.
1990 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიამ უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის თავდადებული ღვაწლით მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც მთავარეპისკოპოსი კალისტრატე შედიოდა, კონსტანტინოპოლიდან საქართველოში ჩამოიტანა ეს ისტორიული დოკუმენტები. 1990 წლის ნოემბერში მეუფე კალისტრატეს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ტრაპიზონიდან გელათში გადმოსვენებულ იქნა იმერთა მეფის სოლომონ მეორის ნეშტი, ასევე მეუფის დიდი შრომითა და ძალისხმევით 2005 წელს მოხდა მიტროპოლიტ ექვთიმეს (შარვაშიძე) პეტერბურგიდან გელათში გადმოსვენება.
1993 წლის სექტემბერში, საქართველოსათვის მძიმე დღებში, აფხაზეთის ომის დროს ქართველ მეომართა, მებრძოლთა და მთავრობის გასამხნევებლად მეუფე კალისტრატე იმყოფებოდა სოხუმში. მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა დანიელის ორდენით, ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა კირილეს და მეთოდეს სახელობის ორდენებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანთიმ ივერიელის დიპლომით, საქართველოს საერო ხელისუფლების მიერ ღირსების ორდენით.
2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.
2012 წლის 26 მაისს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე.
2012 წლის 24 ივლისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ შეასრულა ბაგრატის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა, ხოლო ამავე წლის 17 აგვისტოს ჯვარი საზეიმო ვითარებაში აღიმართა ტაძრის გუმბათზე.
2012 წლის 16 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ საზეიმოდ აკურთხა ბაგრატის ტაძარი.“ – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.