რის მიღწევას ცდილობს გახარია კალანდიას დაკავებით – სამართლიანობის აღდგენა თუ კონკურენტების ჩაძირვის მცდელობა

რის მიღწევას ცდილობს გახარია კალანდიას დაკავებით - სამართლიანობის აღდგენა თუ კონკურენტების ჩაძირვის მცდელობაერთ წელზე მეტი ითხოვდა ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას. ამ მოთხოვნით გასულ წელს თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა, რაც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომით დასრულდა, მაგრამ დათუნა სარალიძის მკვლელები კვლავ თავისუფლებაზე დარჩნენ.
ამ ხმაურიანი აქციებიდან ერთი წლის თავზე, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მის დაკავებას ბევრი ითხოვდა, ამ დაკავებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა. საზოგადოება ფიქრობს, რომ ხელისუფლება ისევ რაღაცას თამაშობს.
მიხეილ კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, ვის ხელთ არსებული კომპრომატების წყალობითაც გაიწელა ამ საქმის გამოძიება, 8 ივლისს ციხიდან გამოდის. რამდენიმე თვის წინ ყველამ მოვისმინეთ მისი და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ნაამბობი. საუბარი ციხეში შედგა.
დეპუტატთან მირზა სუბელიანი აცხადებდა, რომ ეს საქმე თუ ისე არ წავიდოდა, როგორც მას სურდა, ბევრ რამეს იტყოდა.
სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ზვიად კუპრავამ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, რომ სუბელიანმა მის ხელთ არსებული კომპრომატები სიმამრს, ბორის კაკუბავას გაატანა საზღვარგარეთ.
სუბელიანს რომ ბევრი კომპრომატი აქვს, ამას თავადაც არ მალავს და ამაზე “ოცნების” კულუარებშიც ბევრს ლაპარაკობენ. ყველაზე მეტად ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის ეპიზოდის ეშინია.
იმ დროს, როცა მერაბიშვილი ციხიდან კანონის დარღვევით გაიყვანეს, სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში გენინსპექციის უფროსი იყო. ცნობილია, რომ მას აქვს მერაბიშვილის გაყვანის კადრები. “ქართული ოცნება” ყველაზე მეტად ამ კადრებს უფრთხის, რადგან ერთია, როცა მხოლოდ საუბრობენ პატიმრის უკანონო გაყვანაზე და სულ სხვა ეფექტი ექნება, როცა ამის ამსახველი ვიდეო გავრცელდება.
“ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ კალანდიას დაკავებაზე გადაწყვეტილება უშუალოდ გიორგი გახარიამ მიიღო, რომელსაც ამ გადაწყვეტილებით ორი კურდღლის დაჭერა შეუძლია – მისი სახელი სამართლიანობის აღდგენას დაუკავშირდება და ამით მოწინააღმდეგეების მოშორება ანდა განეიტრალება შეეძლება.
რამდენიმე კვირის წინ “ახალი თაობა” უკვე წერდა, რომ “ოცნებაში” მზად არიან ოთარ ფარცხალაძის გასაწირად. ეს უკანასკნელი ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრია, რომელიც გახარიასთან სერიოზულად არის დაპირისპირებული.
ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის დროს ფარცხალაძე იყო მთავარი პროკურორი და სწორედ მას მიჰგვარეს საბანგადაფარებული ვანო. ასე რომ, გახარიას შეიძლება აწყობდეს კიდეც, რომ მირზა სუბელიანმა მის ხელთ არსებული კადრები გაავრცელოს.
მმართველ გუნდში ფარცხალაძის დაკავებას სხვებიც უჭერენ მხარს. ამ ადამიანმა საკმაოდ სერიოზული გავლენები მოიპოვა და სერიოზულ პრობლემებსაც ქმნის.
კალანდიას მოულოდნელ დაკავებასთან დაკავშირებით სხვა ვერსიებიც არსებობს.
“ოცნების” ხელისუფლება რეიტინგის ვარდნის ჟამს ხმაურიან დაჭერებს მიმართავს ხოლმე. “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო რამდენიმე კვირის წინ “ახალ თაობასთან” მოსალოდნელ ხმაურიან დაჭერებზე საუბრობდა.
მაშინ მმართველ გუნდში რამდენიმე მინისტრის დაკავებაზეც იყო საუბარი. მინისტრები ვერ დააკავეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი გაუშვეს ციხეში.
ამით, როგორც ამბობენ, იმ სკანდალის გადაფარვა მოისურვეს, რომელიც ფოთში ახალი პორტის აშენებაზე ნებართვის გაცემას მოჰყვა.
ერმაკოვის დაჭერამ დიდი ეფექტი ვერ მოახდინა, რადგან ანაკლიის პორტის ჩაძირვის მცდელობა საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემა აღმოჩნდა.
დათუნა სარალიძის მკვლელობა კი ის თემაა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აწუხებს. აქედან გამომდინარე პატარა ამბავი არ იქნებოდა, თუ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ, რასაც მოკლული ბავშვის მამა ერთ წელზე მეტია, რაც ითხოვს.
კალანდიას დაკავებას კიდევ ბევრი დაკავება უნდა მოჰყვეს. თუ დამტკიცდა, რომ ის არის დამნაშავე, ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც მას ხელს აფარებდა.
ყოფილი მთავარი პროკურორის მსგავსად, შეიძლება პასუხისგებაში მიეცნენ საქმის პროკურორებიც. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, შს მინისტრმა და შეთავსებით უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა პროკურატურაზეც დაამყარა კონტროლი. აქედან გამომდინარე ვიღაცების გაშვება ანდა დაჭერა არ გაუჭირდება.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – თანამდებობის დატოვების სურვილმა შეუღიტინა მთავარ პროკურორად დიდი ზარ-ზეიმით არჩეულ შალვა თადუმაძესაც. მას ახლა მოსამართლეობა სურს.
მისმა წინამორბედმა შოთაძემ თანამდებობა, ერთი წლის წინ ხორავას ქუჩის საქმის გამო დატოვა. ხელისუფლებამ იფიქრა, რომ ეს ხალხის პროტესტს გააჩერებდა, მაგრამ მოტყუვდა და ბოლოს პრემიერის გადაყენება გახდა საჭირო.
გიორგი კვირიკაშვილი სავარაუდოდ თანამდებობას შეინარჩუნებდა, მაგრამ მაშინ ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი დამფინანსენელი ის და მამუკა ხაზარაძე იყვნენ.
ამასთან დაკავშირებით ეჭვები თავად აქციის მონაწილეებმა გააჩინეს. თავიდან ისინი გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. ცოტა ხანში პრემიერი დაივიწყეს და მარტო შს მინისტრს აყრიდნენ ქოქოლას.
მაშინ საქმე გაუფუჭდა გახარიასაც. ის პრემიერის პოსტზე სერიოზულად მოიაზრებოდა, მაგრამ ივანიშვილმა მაშინ მას ბახტაძე ამჯობინა.
კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი ვერსია – ხელისუფლება რაღაც მორიგი უბედურების გაკეთებას აპირებს და კალანდიას ამბავი შეიძლება საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა